არჩევანი, რომლის წინაშეც სახელმწიფო შშმ პირებს აყენებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, როდესაც ის საპენსიო ასაკს მიაღწევს, მოუწევს არჩევანი გააკეთოს ასაკობრივ პენსიასა და შშმ პირთა კომპენსაციას შორის. ეს მიდგომა სახალხო დამცველმა 2020 წელს დისკრიმინაციად შეაფასა, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.
რას ამბობს კანონმდებლობა
სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ მთავრობის #279 დადგენილებით აკრძალულია, შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის და ასაკობრივი პენსიის ერთდროულად მიღება.
2012 წლის 24 ივლისის დადგენილებაში განსაზღვრულია, რომ დაუშვებელია:
- ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება;
- სოციალურ პაკეტთან ერთად სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა;
- როდესაც პირს წარმოეშობა უფლება, მიიღოს რამდენიმე სარგებელი, მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი სარგებლის მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად;
- პირის გარდაცვალების შემთხვევაში სოციალური პაკეტის დანიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მხოლოდ ერთ ბენეფიციარზე სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ვ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
- სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.
რას ამბობს სახალხო დამცველი
ომბუდსმენი ასაკობრივი პენსიით და შეზღუდული შესაძლებლობის გამო სოციალური პაკეტით ერთდროულად სარგებლობის შესაძლებლობას მოითხოვს, ამიტომ ჯერ კიდევ 2020 წლის 28 დეკემბერს დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, მთავრობას რეკომენდაციით მიმართა.
განმარტავენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის მიზანია გარემოსა და საზოგადოების მიერ განსაზღვრულ ბარიერებზე პასუხის გაცემისთვის ფინანსური რესურსების მობილიზება. ხოლო ასაკობრივი პენსიის ერთ-ერთი მიზანი ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯების გამო ხანდაზმული ადამიანების მეტი სოციალური გარანტიით უზრუნველყოფაა.
ამავე თემაზე ომბუდსმენმა 30 დეკემბერს საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა, რომლის არსებითი განხილვა უკვე დაწყებულია.
სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, სადავოა სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ მთავრობის #279 დადგენილების რამდენიმე მუხლის კონსტიტუციურობა. მათივე განმარტებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს.
მე-11 მუხლის (თანასწორობის უფლება) პირველ პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
მე-4 პუნქტი: სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი მიხეილ შარაშიძე On.ge-სთან ამბობს, ასაკობრივ პენსიას თავისი მიზანი გააჩნია. ანუ გარკვეულწილად ხდება შრომისუუნარო ადამიანის უზრუნველყოფა და მისი მინიმალური კეთილდღეობის გარანტიის მიცემა.
"როდესაც ორი ფაქტორია — შეზღუდული შესაძლებლობა და ამავე დროს საპენსიო ასაკი, არ შეიძლება, გახდეს არჩევანი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ორივე უნდა დაენიშნოს. რადგან ამ ადამიანს ერთის მხრივ, ასაკიდან გამომდინარე, ხოლო მეორეს მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, უფრო მეტი მოთხოვნილებები და საჭიროება, ვიდრე ვთქვათ შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე პენსიონერს", — განმარტავს მიხეილ შარაშიძე.
რას ამბობენ შშმ პირები
ესმა გუმბერიძე ამ საკითხზე დიდი ხანია მუშაობს. 2020 წელს გააკეთა პეტიცია, რომელსაც ასობით ხელმომწერი ჰყავდა, თუმცა სასურველი შედეგი არ დადგა. მიმართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას — მრჩეველს შშმ პირთა საკითხებში, ასევე, პარლამენტსაც.
"ამ ორ კომპენსაციას სხვადასხვა მიზანი აქვს, შესაბამისად ისინი არ უნდა გამორიცხავდნენ ერთმანეთს", — ამბობს გუმბერიძე ჩვენთან საუბრისას.
საპენსიო ასაკს მიღწეული 63 წლის ეტლით მოსარგებლე ქეთევან ბახუტაშვილის თქმით, ასაკობრივი და შშმ სტატუსის გამო დანიშნული პენსიის ერთად მიიღება პატარა, მაგრამ სასიკეთო ცვლილება იქნება.
ქეთევანი გვეუბნება, რომ ასაკთან ერთად იზრდება საჭიროებებიც, მათ შორის, მედიკამენტი, ჰიგიენური საშუალებები და სხვა ყოველდღიური საჭიროების პროდუქტი.
"ეს ხომ შეიძლება განსაზღვროს ჯანდაცვის სამინისტრომ და მიაწოდოს ადამიანს ისე ეს სოციალური სერვისი, რომ ადამიანმა თავი ჩათვალოს, რომ ისიც ადამიანია. იმიტომ, რომ ღირსებაშელახულ მდგომარეობაშია თითოეული ჩემს მდგომარეობაში მყოფი", — ამბობს ქეთევანი.
მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის წევრის, გიორგი ახმეტელის შეფასებით, სახელმწიფოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები ჩაგდებული აქვს: "სერიოზული არ არის ეს მუშაობა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და ეს იწვევს ჩვენი ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვას".
კითხვაზე, თუ საკონსტიტუციო დააკმაყოფილებს სარჩელს, შეცვლის თუ არა ეს ზოგად მდგომარეობას, გიორგი ახმეტელი გვპასუხობს, რომ ეს წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება.
ახალციხის რაიონში მცხოვრები 56 წლის დავით აბდუშელიშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა და 2011 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი კომპენსაციის სახით 7 000 ლარი მიიღო. ახლა 550 ლარი კომპენსაცია აქვს, თუმცა ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის და ასაკთან ერთად უფრო მეტად სჭირდება წამლები და სხვა პროდუქტები.
2023 წელს 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის პენსიის ოდენობა 295 ლარი, 70 წელს ზემოთ კი 365 ლარია. 295 ლარია მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებისთვის სოციალური დახმარებაც.
როგორც ესმა გუმბერიძე განმარტავს, განსხვავება მომავალში უფრო გამოიკვეთება, როდესაც დაგროვებითი პენსია საბოლოოდ ამოქმედდება. ამბობს იმასაც, რომ კოვიდის დროს, ზოგიერთმა საპენსიო ასაკს მიღწეულმა შშმ პირმა კომპენსაცია ვერ აიღო, რადგან არ ითვლებოდნენ შშმ პირთა რეესტრში.
"იცით, რაშია განსხვავება და რატომ ვითხოვთ ამას? ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც ასაკობრივ პენსიაში გადის, მას ხომ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა და სხვისი დახმარება არ სჭირდება...
ჩვენ კი ვიძახით, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მაგრამ, რაც უნდა გავექცეთ, არსებობს. უბრალოდ ეს ტერმინი იმისთვის არის კარგი, რომ ის, რაც შესაძლებელია, უნდა მოგვარდეს — ხელმისაწვდომი იყოს აფთიაქები, სამედიცინო პუნქტები, პანდუსები მაინც იყოს", — ასე გვიხსნის კომპენსაციისა და ასაკობრივი პენსიის ერთდროულად აღების მნიშვნელობას რეგიონში მცხოვრები შშმ პირი, რომელსაც ანონიმურად დარჩენა სურს.
კიდევ ერთი საკონსტიტუციო სარჩელი
იმის გამო, რომ #279 დადგენილებით, ორი ან მეტი სოციალური პაკეტის ერთდროულად მიღება არ შეიძლება, არჩევანის წინაშე დგებიან შშმ ბავშვებიც, რომლებსაც მარჩენალი არ ჰყავთ.
სახალხო დამცველი ამაზეც დავობს — კონსტიტუციური სარჩელით ითხოვენ, შშმ ბავშვს, რომელიც ამავე დროს არის მარჩენალდაკარგული, მიეცეს უფლება, აიღოს ორივე სოციალური დახმარება.
"მიგვაჩნია, რომ ეს არის დისკრიმინაციული მოპყრობა. როდესაც არის ორი ნიშანი, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სოციალური ბენეფისის მიღების უფლებას, ორივე ამ შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული", — გვეუბნება სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი.
კომენტარები