კიბერუსაფრთხოება დღითიდღე უფრო და უფრო აქტუალური საკითხი ხდება. კიბერკრიმინალების თავდასხმისგან დაზღვეული არც ერთი პიროვნება და ორგანიზაცია არ არის. მსგავსმა თავდასხმებმა კი შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს — დავზარალდეთ ფინანსურად ან ჩვენი პერსონალური მონაცემები არასაიმედო ხელში აღმოჩნდეს (რომელი უფრო მძიმე შემთხვევაა, თავად განსაჯეთ).

შესაბამისად, უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ისეთ სისტემებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც საფრთხეებს მაქსიმალურად აგვარიდებს. მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპანია მუშაობს უნივერსალური ფაიერვოლის, დამცავი კედლის, უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე და, ბუნებრივია, გამონაკლისი არც ქართველი დეველოპერები არიან.

ქართულმა სტარტაპმა TAO Technology-მ ეს მისია თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მოთხოვნად სფეროს, ხელოვნურ ინტელექტს დაუკავშირა და მუშაობს პროდუქტზე, რომლის მსგავსიც ჯერ არ გინახავთ. დეტალების გასარკვევად სტარტაპის თანადამფუძნებელ დიმიტრი ჟორჟოლიანს გავესაუბრეთ.

"TAO Techonogy-ს სამი დამფუძნებელი ყავს და ძირითადი გუნდი ჩვენ ვართ — დიმიტრი ჟორჟოლიანი, ნიკა კუდუხაშვილი, მიქაელ ჯაფარიძე. ერთმანეთი სოციალურ ქსელებში გავიცანით. გუნდის სამივე წევრი გატაცებულები ვართ კიბერუსაფრთხოებითა და პროგრამირებით, თითოეულ ჩვენგანს ამ ორ სფეროში 4-5 წელზე დიდი ხნის გამოცდილება აქვს. სწორედ ამ ორი მიმართულების გაერთიანებით დაგვებადა იდეა, შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც კიბერუსაფრთხოებასაც მოიცავდა და პროგრამირებასაც, უფრო კონკრეტულად კი მანქანურ სწავლებას. შედეგად, ვქმნით ვებ აპლიკაციის ფაიერვოლს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული", — ამბობს დიმიტრი ჟორჟოლიანი Next.On.ge-სთან საუბრისას

იდეა 2022 წლის აგვისტოში გაჩნდა და პროექტზე მუშაობაც მაშინვე დაიწყო. ფაიერვოლის შექმნა არ არის ერთადერთი მიზანი, რომელზეც TAO Technology მუშაობს, თუმცა ამ ეტაპზე ეს ყველაზე პრიორიტეტულია და სხვა გეგმებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა.

ფოტო: TAO Technology

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა

საინტერესოა, რომ TAO Technology-ის უსაფრთხოების სისტემა სრულად ხელოვნურ ინტელექტზე იქნება დაფუძნებული. დიმიტრი ჟორჟოლიანის თქმით, იდეა იმ სახით, რომლითაც მასზე ქართული სტარტაპი მუშაობს, ინოვაციურია. ხელოვნურ ინტელექტს თავიანთ უსაფრთხოების სისტემებში საერთაშორისოდ ცნობილი ისეთი კომპანიებიც იყენებენ, როგორებიც Cloudflare და Imperva არიან, თუმცა სრულად ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული ფაიერვოლი ჯერჯერობით არ არსებობს. AI-ის უპირატესობა ის არის, რომ სწორად განვითარების შემთხვევაში, ის ადამიანზე ბევრად ზუსტი და უშეცდომოა, რაც სისტემას უფრო გამართულსა და დაცულს ხდის.

მავნე პროგრამები მუდმივად ახლდება და უსაფრთხოების სისტემებს ახალ თავსატეხებს უჩენს. სწორედ აქ შემოდის საქმეში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემის კიდევ ერთი უპირატესობა: TAO თავის მომხმარებლებს შესთავაზებს პროდუქტს, რომელიც მუდმივად ისწავლის — ის ინფორმაციას დამოუკიდებლად დაამუშავებს, გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს და საკუთარ თავს განავითარებს. სტარტაპი გვპირდება, რომ მათი სისტემა მავნე პროგრამებს მუდმივად ერთი ნაბიჯით გაასწრებს.

ამ ეტაპზე პროექტი გაშვების წინა, ბოლო ეტაპზეა. დეველოპერები საკუთარ მოდელს "შეღწევადობის ტესტირებას" უტარებენ და როგორც დიმიტრი ჟორჟოლიანი გვიყვება, სისტემის ჯერ კიდევ არასრული, პირველი მოდელი 5 კიბერშეტევიდან 4-ს წარმატებით იგერიებს. საბოლოო ვერსიის ჩაშვების ზუსტი თარიღის განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ხელოვნური ინტელექტის შექმნა დიდ ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს.

სტარტაპის აქსელერაცია და მიზნები

"დღემდე რაც TAO-ში გაკეთებულა, მხოლოდ ჩვენი ფინანსებით. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ჩვენ ვეცდებით ფინანსების მოძიებას. ხელოვნური ინტელექტი და მასზე დაფუძნებული პროდუქტების შექმნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ფინანსები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასეთი სტარტაპებისთვის. ამით ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერი სახის ინვესტიციის მიღებისთვის მზად ვართ, მათ შორის ინვესტორებთანაც ვგეგმავთ მოლაპარაკებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენი პროდუქტი სრულად გამართული იქნება, რათა შევძლოთ, TAO Technology-ის "ღირებულება" მაქსიმალურად სწორად დავანახოთ დაინტერესებულ ადამიანებს", — განაცხადა დიმიტრი ჟორჟოლიანმა.

TAO-მ საქართველოში არსებული არაერთი სტარტაპ აქსელერატორი მოსინჯა და თითოეულმა მათგანმა მას რაღაც ღირებული დაუტოვა. მათ შორის იყო სპარკის, Impact Hub Tbilisi-ისა და იდეადრომის აქსელერატორები. დამფუძნებელთა თქმით, TAO ახლაც მონაწილეობს რამდენიმე უცხოურ აქსელერატორში, თუმცა დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე პრიორიტეტს პროდუქტის ისეთ ქვეყნებში შეტანა წარმოადგენს, რომლებშიც უსაფრთხოების სისტემებზე მოთხოვნა მაღალია. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე შეზღუდვა არსებობს და ვინმეს მისი გამოყენება არ შეეძლება. რა თქმა უნდა, სამიზნე ჯგუფი სპეციფიკურია და წარმოადგენს ისეთ კომპანიებს, რომელთაც განსაკუთრებით კრიტიკული მნიშვნელობის ვებსაიტები გააჩნიათ — ფინტექ კომპანიები; ისეთი ბიზნესები, რომელთა ვებგვერდებზეც მნიშნველოვან ფინანსურ ჩანაწერებსა და დიდ ტრანზაქციებს ვხვდებით; კომპანიები, რომლებიც პროდუქტს ონლაინ ყიდიან და ა.შ.

"ამ ყველაფერს ამერიკიდან და კანადიდან დავიწყებთ, თუმცა საქართველო ყოველთვის ჩვენი პრიორიტეტი იქნება და ვეცდებით, ღირებული და მაქსიმალურად ქართველ მომხმარებელზე მორგებული პირობები შევქმნათ. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი საქართველოში კიბერუსაფრთხოების განვითარებაა და ამისთვის ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ".

რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოება არ არის ერთადერთი მიმართულება, რომელზეც სტარტაპი სამომავლოდ იმუშავებს. კომპანია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით აგრძელებს მოღვაწეობას, ფაიერვოლი კი სამომავლო მრავალ იდეას შორის პირველი პროდუქტია. დიმიტრი ჟორჟოლიანი გვპირდება, რომ TAO Technology ბევრად მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ კიბერუსაფრთხოების კომპანია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.