ასტეროიდებიდან ძვირფასი ლითონების მოპოვება რეალურია — სტარტაპი მალე პირველ მისიას გაუშვებს
Bloomberg-ის ცნობით, ასტეროიდებიდან ძვირფასი წიაღისეულის მოპოვებით დაინტერესებული სტარტაპი AstroForge მიმდინარე წელს კოსმოსში ორი მისიის გაგზავნას გეგმავს.
ამ ეტაპზე, AstroForge არ გეგმავს ასტეროიდზე დაჯდომას და იქ თხრების დაწყებას. აპრილში დაგეგმილი პირველი მისია მიზნად კოსმოსში ასტეროიდის მსგავსი მასალიდან პლატინის ამოღების მეთოდის გამოცდას ისახავს.
ოქტომბერში კალიფორნიული კომპანია მეორე მისიას გაგზავნის, რომელიც გასათხრელად ხელსაყრელი ასტეროიდის ძიებას შეუდგება.
სტარტაპის მიზანია, პლატინისა და მისი ჯგუფის სხვა მეტალების მოპოვების ალტერნატიული დანახარჯი შეამციროს. AstroForge-ის აზრით, ამის გაკეთება დანახარჯების შემცირებითა და ასტეროიდის გაბურღვითაა შესაძლებელი.
მიუხედავად იმისა, რომ რაკეტის გაშვება გარემოს ძალიან აზიანებს, კომპანია თვლის, რომ იშვიათი მინერალების დედამიწაზე მოპოვებას უარესი შედეგები მოჰყვება.
"ჩვენ ნედლეულს ადგილზე, თავად ასტეროიდზე გადავამუშავებთ. უკან მხოლოდ საბოლოო პროდუქტი მოგვაქვს, რაც თავიდან აგვარიდებს ნარჩენებს, რომელიც დედამიწაზე ძვირფასი ლითონებისა და მინერალების მოპოვების პროცესში გროვდება", — განაცხადა სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა მეთიუ გიალიჩმა
კომპანიის მეორე მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან AstroForge გახდება პირველი კომპანია SpaceX-ის შემდეგ, რომელიც დედამიწის გრავიტაციული ველის მიღმა სრულად კომერციულ მისიას გაუშვებს.
Bloomberg ხაზს უსვამს ფაქტს, რომ აქამდე მსგავსი იდეები სხვა კომპანიებსაც ჰქონიათ, თუმცა წარმატებას ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაღწია. შესაბამისად, AstroForge-ს მარტივი გასეირნება ნამდვილად არ ელის.
მიუხედავად ამისა, ახლა სტარტაპებისთვის კოსმოსში მოხვედრა ბევრად მარტივია, რადგან შეუძლიათ SpaceX-ის ხომალდებს "დაემგზავრონ". საბოლოოდ, AstroForge შერჩეულ ასტეროიდზე მისიას გაუშვებს, რომელიც ლითონს მოიპოვებს და მას დედამიწაზე ჩამოიტანს.
კომენტარები