მდინარე დრინის ზედაპირი ნაგავმა დაფარა — რა ხდება
ბალკანეთიდან ძალიან შემაშფოთებელი ფოტოები ვრცელდება: მდინარე დრინის ზედაპირის ნაწილი ნაგავმა დაფარა. დრინა, რომლის სიგრძეც დაახლოებით 350კმ-ია, ბოსნიის და ჰერცოგოვინისა და სერბეთის საზღვარზე მდებარეობს.
მდინარის ჩრდილოეთით მდებარე სანაპიროები თევზაობის ზონებითაა განთქმული. Associated Press-ის მიხედვით, ნარჩენები დრინაში ახლომდებარე ნაგავსაყრელებიდან მოხვდა.
ამავე ცნობების მიხედვით, არაოფიციალური ნაგავსაყრელები ამ არეალში საკმაოდ ხშირია და წყალში ნაგვის ჭარბად მოხვედრაც სწორედ ამას უკავშირდება. სიტუაცია განსაკუთრებით წვიმების სეზონზე მწვავდება, რომელსაც ადგილობრივები "ნაგვის სეზონს" უწოდებენ და ამ დროს ნაოსნობისგან თავს იკავებენ.
ხანგრძლივი წვიმებისა და წყალდიდობის დროს დრინას შენაკადებიდან ნაგავი თავის საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მიდის — 10000 კუბური მეტრის ზომის ნაგვის კუნძულამდე, რომელიც ვისეგრადის მახლობლად ტივტივებს. ბარიკადის ფორმირებას ხელს ბოსნიური ჰიდროელექტროსადგურიც უწყობს.
ადგილობრივი გარემოსდაცვითი ჯგუფი Eko Centar Visegrad-ის წევრის, დეიან ფურტულას განცხადებით, მდინარის სრულად გაწმენდას სულ მცირე ექვსი თვე დასჭირდება.
კომენტარები