აღმოჩნდა, რომ ადამიანებს შიმპანზეების ჟესტების ამოცნობა შეუძლიათ — გააკეთე ტესტი შენც
მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, ადამიანებს შიმპანზეებისა (Pan troglodytes) და ჯუჯა შიმპანზეების (Pan paniscus), იგივე ბონობოების ჟესტების ნახევარზე მეტი ესმით.
ეს გასაკვირი არაა, რადგან ჩვენი წინაპრები ძველად საკომუნიკაციოდ სწორედ ხელების გარკვეულ მოძრაობებს იყენებდნენ, სანამ მეტყველებას დავიწყებდით. სპეციალისტთა უკანასკნელი კვლევა ცხადყოფს, რომ ეს "ფესვები" არ დაგვვიწყებია, რისი მეშვეობითაც სხვა პრიმატების სათქმელის ამოცნობა შეგვიძლია.
მეცნიერებმა სპეციალური ონლაინ ტესტი შექმნეს, რომელიც ბუნებაში გადაღებულ რამდენიმე ვიდეოს აერთიანებს. კადრებზე შიმპანზეებისა და ბონობოების ჟესტებს ჯერ რეალურ დროში, შემდეგ კი შენელებულად ვხედავთ. ქვემოთ სავარაუდო პასუხებია მოცემული, ჩვენ კი უნდა გამოვიცნოთ, რომელი მათგანი შეესაბამება ნაჩვენებ მოძრაობებს. ბოლოს შედეგსაც იხილავთ.
კვლევაში მონაწილეობა 5 500-მა ადამიანმა მიიღო, რომლებმაც ზემოხსენებული ტესტი გააკეთეს და დავალებას საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი. კერძოდ, მათ საშუალოდ კითხვების 50 პროცენტზე მეტს სწორი პასუხი გასცეს. ეს პირველი ექსპერიმენტია, რომელიც ადამიანთა მიერ მსგავსი ვიდეომასალის ასეთ ანალიზს მოიცავს.
ჯერჯერობით უცნობია, რას უნდა ვუმადლოდეთ შიმპანზეების ჟესტების ენის გაგებას — ევოლუციის შედეგად მიღებულ მემკვიდრეობით უნარს თუ იმას, რომ ისინიც ჩვენსავით სოციალური არსებები არიან.
"დავადგინეთ, რომ ადამიანებს ამ ჟესტების გაგება შეუძლიათ, რაც მიანიშნებს, რომ ისინი შესაძლოა, ევოლუციურად ძველი, საერთო ჟესტების 'ლექსიკონის' ნაწილი იყოს, რომელსაც ჰომინიდთა ყველა სახეობა იზიარებს, მათ შორის ჩვენც", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში PLOS BIOLOGY გამოქვეყნდა.
ტესტზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ (ტესტი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი და კომპიუტერში იხსნება).
კომენტარები