10 რამ, რაც წლევანდელ საახალწლო ქარავანზე დაგხვდება
შენი არ ვიცი და მე საახალწლო ბაზრობებზე მეტად არაფერი მიქმნის სადღესასწაულო განწყობას. ცოტა სიცივე, თუმცა, ხალხმრავლობა, ღიმილიანი სახეები და ფუსფუსის ხმა ჩემთვის შობა-ახალწლის მთავარი ხიბლია.
ჰოდა, სად დაგხვდება ეს ყველაფერი, თუ არა ქარავანზე?! ორბელიანის მოედანზე, ტრადიციულად, წელსაც გაიმართება საახალწლო ქარავანი. ღონისძიების გენერალური სპონსორი ტერაბანკი გახლავთ. 23 დეკემბრიდან 13 იანვრამდე აქ იმდენი სიურპრიზი გელოდება, ჩამოთვლაც კი რთულია. თუმცა, ამ საქმეს საკუთარ თავზე ავიღებ და ვეცდები, მოკლედ გითხრა, რის გაკეთებას შეძლებ წლევანდელ საახალწლო ქარავანზე.
1. ფუდ ზონა
ყველა მასშტაბურ ბაზრობაზე, მით უმეტეს, წინასაახალწლოდ, ფუდ ზონას გამორჩეული ადგილი უკავია. დღესასწაულს ხომ გემრიელობებიც თავისებურად ალამაზებს — განსაკუთრებით, როცა ამ ყველაფერს შენ თვალწინ ამზადებენ. ქარავანზე, ტრადიციულად, შეხვდები "სთრით ფუდის" დიდ ასორტიმენტს, სადაც ისეთ მენიუს შემოგთავაზებენ, არჩევანის გაკეთება ნამდვილად რთული იქნება.
2. გლინტვეინი
რომ მკითხონ, ახალ წელზე რისი სურნელი გახსენდება პირველიო, დაუფიქრებლად ვიტყოდი გლინტვეინს. სულ თავისუფლად შეიძლება, გლინტვეინი სადღესასწაულო ატრიბუტების ჩამონათვალში სანტა კლაუსისა და ნაძვის ხის გვერდით დავაყენოთ. ეგ კი არა, ის რა საახალწლო ბაზრობაა, თუ სხვა საქმეებში გართულს ცხვირში გლინტვეინის მათრობელმა არომატმა არ მოგიღიტინა და შენდა უნებურად არ მიგიყვანა იქ, სადაც ეს საოცრება მზადდება.
3. საბავშვო ღონისძიებები
ახალი წელი განსაკუთრებულად საყვარელი დღესასწაული ბავშვებისთვისაა, ამიტომ მათთვის დამსახურებულად და საგანგებოდაა ხოლმე გამოყოფილი როგორც გასართობი სივრცეები, ასევე მრავალფეროვანი ღონისძიებები. წელს, მაგალითად, ქარავნის გენერალური სპონსორი ტერაბანკი ორ საბავშვო ღონისძიებას გამართავს. ბედობა-დღეს კი, 2 იანვარს, პერსონალიზებული საბანკო მომსახურების, სელექტის, მასშტაბური სანახაობა გაიმართება, რომელიც მოიცავს ილუზიონისტის შოუს, ფოკუსების პროგრამას, ასევე მშრალი ყინულისა და აზოტ შოუს.
4. საახალწლო საჩუქრები
დღესასწაულების მოახლოებისას მთავარი საფიქრალი, რასაკვირველია, საჩუქრებია. ყველას სურს, ორიგინალური და დასამახსოვრებელი საჩუქრით საუკეთესო სანტად იქცეს, თუმცა, ხშირად თავში მხოლოდ ბანალური იდეები მოგვდის ხოლმე. ასეთ დროს საუკეთესო გზა სწორედ ქარავანზე წასვლაა, სადაც ქართველი მეწარმეების გამორჩეული პროდუქცია დაგხვდება. ეგეც რომ არა, მხოლოდ ბაზრობის თვალიერებით საჩუქრის იმდენი იდეა მოგაფიქრდება, კიდევ ბევრი წელი რომ გეყოფა.
5. საჩუქრების უფასო შეფუთვა
ფოტო: ტერაბანკი
საჩუქრებს შეფუთვა უნდა, არა? ჰო, რა თქმა უნდა, აბა, ისე, როგორ?! ტერაბანკმა ამაზეც იზრუნა და საგანგებოდ გამოყო საჩუქრების უფასო შეფუთვის ზონა. არა, არაფერი მეშლება — საჩუქრებს აქ მართლა უფასოდ შეგიფუთავენ, თანაც საოცრად ლამაზად. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის 5-მა ქართველმა ხელოვანმა შექმნა ილუსტრაციები, რომელთა პრინტითაც შესაფუთი ქაღალდები დამზადდა. ამასთან, აქვე დაგხვდება მისალოცი ბარათებიც.
6. თბილი ქუდები
ფოტო: ტერაბანკი
ზემოთ ვახსენე, ბაზრობაზე ცოტა სიცივეცაა-მეთქი, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს კიდეც უხდება ახალ წელს. თუმცა, თუ ქარავანზე დიდხანს შემორჩი და გლინტვეინის ეფექტმა ვეღარ გაგათბო, იქვე, სამეწარმეო ბაზარზე, ნახავ თბილ ქუდებს, რომელთაც ადგილზევე ძალიან პრაქტიკულ დანიშნულებას მოუძებნი. ამას გარდა, რა თქმა უნდა, საჩუქრადაც შეგიძლია გაიყოლო ერთი-ორი ცალი, თუკი იმდენი მოგეწონა, რომ ვერ არჩევ, რომელი დაიფარო.
7. ტკბილეულობა და სასუსნავები
ფოტო: ტერაბანკი
მართალია, სთრით ფუდის ზონაზე უკვე ვთქვით, მაგრამ სასუსნავებზე ცალკეც უნდა აღინიშნოს. გემრიელი ტკბილეულის შეძენას ქარავანზე კვლავაც ქართველი მეწარმეებისგან შეძლებ. ამდენად, პირის ჩაკოკლოზინებისას დარწმუნებულიც იქნები, რომ ნატურალურ და სიყვარულით შექმნილ პროდუქციას მოიხმარ.
8. ინსტალაციები
ფოტო: ტერაბანკი
წლევანდელი ქარავანი გამორჩეულად მასშტაბურია, რადგან ორგანიზატორები ამისთვის დიდხანს და გულმოდგინედ ემზადებოდნენ. ეს ყველაფერი ეტყობა საახალწლო ინსტალაციებსა და დეკორაციებსაც, რომელთა თვალიერება ცალკე სიამოვნებაა. ჰოდა, თუკი საქმეებს ადრევე მოითავებ, ორბელიანის მოედნიდან წასვლას მაინც ნუ იჩქარებ.
9. კონცერტები და ღონისძიებები ყოველდღე
აი, კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა იჩქარო წასვლა. ყოველი დღის მიწურულს, ქარავანზე ქართველ შემსრულებლებს შეხვდები, რომლებიც შენთვის საყვარელ მელოდიებს ცოცხლად შეასრულებენ. Loudspeakers, ელენე კალანდაძე, თიკა ბალანჩინი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კიდევ რამდენი! მოკლედ, დამღლელი სადღესასწაულო დღის მიწურულსაც კი, ქარავანზე არ მოიწყენ.
10. ჯადოსნური საახალწლო განწყობა
ფოტო: ტერაბანკი
დიდის ამბით დავდე პირობა, ყველაფერს გეტყვი, რაც საახალწლო ქარავანზე დაგხვდება-მეთქი. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიების რამდენიმეპუნქტიან ჩამონათვალში მოქცევა ჩემს ძალებს აღემატება. ამიტომ, დასასრულს, უბრალოდ, ვიტყვი, რომ სხვა დიდ თუ პატარა სიურპრიზთან ერთად, ქარავანზე დაგხვდება ყველაზე მნიშვნელოვანი — საახალწლო განწყობა. აკი ვახსენე კიდეც სტატიის დასაწყისში, ასეთ ბაზრობებზე მეტად განწყობას არაფერი მიქმნის-მეთქი. დღესასწაულების ისეთ მოყვარულს კი, რომელსაც მეგობრებიც მეორე სანტას ეძახიან, სიტყვა ნამდვილად დამეჯერება.
კომენტარები