მკვლევრების თქმით, წყნარ ოკეანეში დელფინის ახალი ქვესახეობა ვითარდება
თავის ქალას ამჟამინდელი ანალიზის საფუძველზე, მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ტროპიკული წყნარი ოკეანის დელფინები უნიკალურები არიან.
ჩვეულებრივი ბოთლისცხვირა დელფინი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ზღვის ძუძუმწოვარია მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ მეცნიერები, როგორც ჩანს, უყურებენ არა ერთ სახეობას, არამედ სხვადასხვა გვარი ჯერ კიდევ ევოლუციის პროცესშია.
მაიამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წყნარ ოკეანეში მყოფი დელფინის ერთ-ერთი სახეობა (Tursiops truncatus) დაყვეს რამდენიმე განსხვავებულ ქვეტიპად.
ბოთლისცხვირა დელფინებს მკაფიოდ უფრო პატარა თავის ქალები და სხეულები აქვთ აღმოსავლეთ ტროპიკული წყნარი ოკეანის (ETP) წყლებში, ჩრდილოეთ კალიფორნიასა და გალაპაგოსს შორის, ვიდრე სამხრეთ კალიფორნიის ან იაპონიის სანაპიროებზე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს აღმოჩენები საკმარისად მყარი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ ETP დელფინები ცალკე ქვესახეობად მივიჩნიოთ.
"ETP-ს განსხვავებული გარემო პირობები, შესაძლოა, განაპირობებს ამ ბოთლისცხვირა დელფინების ევოლუციურ დიფერენციაციას", — წერენ ავტორები. "ამ შედეგების გათვალისწინებით, ჩვენ აქ რეკომენდაციას ვუწევთ ETP ღია ზღვის ბოთლისცხვირა დელფინების აღიარებას, როგორც ცალკეული ქვესახეობისა, სახელად Tursiops truncatus nuuanu."
ბოთლისცხვირა დელფინები გვხვდება ოკეანის წყლებში მთელ მსოფლიოში და, მიუხედავად ამისა, ამ ძუძუმწოვრების ადაპტაციამ გარკვეული სანაპირო ზოლის ჰაბიტატებთან, დროთა განმავლობაში გამოიწვია წარმოუდგენელი რაოდენობის ფიზიოლოგიური და გენეტიკური მრავალფეროვნება. მაგალითად, ჩვეულებრივი ბოთლისცხვირა დელფინების გვარი, რომელიც სანაპიროსგან უფრო მოშორებით ცხოვრობს, როგორც ჩანს, უფრო გვიან განვითარდა, ვიდრე მისი ახლო ნათესავები.
მეცნიერები ეჭვობენ, რომ არსებობს მრავალი შეუმჩნეველი ქვესახეობა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, დღემდე ძალიან ცოტა მათგანია გამოვლენილი. ფაქტობრივად, შავი ზღვის ბოთლისცხვირა დელფინი (T. ponticus) და ლაჰილის ბოთლისცხვირა დელფინი (T. gephyreus), რომლებიც ბრაზილიის სანაპიროზე აღმოაჩინეს, წარმოადგენს მხოლოდ ორ ქვესახეობას, რომლებსაც ერთმანეთისგან ოფიციალურად არჩევენ.
წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში, ბოთლისცხვირა დელფინები იკავებენ განსაკუთრებით მრავალფეროვან წყალს და ამ განსხვავებულმა ჰაბიტატებმა, შესაძლოა, განაპირობა დელფინების პოპულაციების ცალკეული მიმართულებით განვითარება და ერთმანეთისგან ფიზიკურად და გენეტიკურად განშტოება.
მაგალითად, 2020 წლის კვლევაში ეკვადორის შესართავებში ბოთლისცხვირა დელფინების გენეტიკის შესახებ, გამოთქმულია მყარი ვარაუდი, რომ არსებობს სხვა უგულებელყოფილი დელფინების ხაზი, რომლებიც ცალკე უნდა იყოს კლასიფიცირებული.
როდესაც მაიამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გააანალიზეს 135 ბოთლისცხვირა დელფინის თავის ქალა, რომლებიც შეგროვდა წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან, მათ ასევე შენიშნეს განშტოება ეკვადორის მახლობლად დელფინების ოჯახის ხეზე. მაგრამ ისინი ნაპირიდან კიდევ უფრო მოშორებით ცხოვრობენ.
დღეს საყოველთაოდ მიღებულია, რომ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ზომიერ ზონაში მცხოვრები ბოთლისცხვირა დელფინები და კალიფორნიის სამხრეთ სანაპიროზე მცხოვრები ბოთლისცხვირა დელფინები არიან უნიკალური ეკოტიპები, რომლებიც ჩამოყალიბდა თავისი ადგილობრივი ეკოსისტემის გამო. თუმცა, მტკიცებები, რომ ეს ეკოტიპები წარმოადგენს განსხვავებულ ქვესახეობებს, ჯერჯერობით, საკამათოა.
დელფინები, რომლებიც დაცურავენ უფრო სამხრეთით, ETP-ში, შედარებით შეუმჩნევლები არიან, რადგან ისინი ხშირად ცხოვრობენ უფრო ღრმა წყლებში, სამხრეთ ამერიკის სანაპიროდან შორს. ამდენად, ისინი, თითქმის, არ არიან შესწავლილი და მათი დიფერენციაციის ხარისხი, ძირითადად, უცნობია. თუმცა, თავის ქალას ამჟამინდელი ანალიზის საფუძველზე, მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ETP დელფინები უნიკალურები არიან. კერძოდ, ეს არის ყველაზე პატარა ბოთლისცხვირა, რომელიც კი ოდესმე გამოვლენილა, სხვა შესაძლო სახეობასთან ერთად, სახელად ტამანენდის ბოთლისცხვირა დელფინი (T. erebennus), რომელიც აღმოაჩინეს ატლანტის ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით.
პატარა თავის ქალა და სხეულის ზომა, სავარაუდოდ, იმის საფუძველზე შეიქმნა, თუ რით იკვებებიან ეს ძუძუმწოვრები და რამდენად თბილია მათი ჰაბიტატი. მაგალითად, ETP ბოთლისცხვირა დელფინები, ძირითადად, კალმარებითა და პატარა თევზებით იკვებებიან და, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრობენ ზღვისპირეთში და ნადირობენ ღრმა წყლებში, ოკეანე, რომელშიც ისინი დაცურავენ, მაინც უფრო თბილია, ვიდრე კალიფორნიის სანაპიროზე, სადაც ცივი დინებაა. სხეულის მცირე ზომა შესანიშნავად ერგება ამ გარემოს, რადგან იძლევა სითბოს უფრო ეფექტურად გამოყოფის საშუალებას.
საინტერესოა, რომ მაიამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ასევე შენიშნეს დახვეწილი მორფოლოგიური განსხვავებები კალიფორნიის სანაპიროზე მცხოვრებ დელფინებში. კალიფორნიის ყურეში, ნაპირთან უფრო ახლოს მცურავ დელფინებს ოდნავ განსხვავებული გარეგნობა ჰქონდათ უფრო ღრმა წლებში მცხოვრებ დელფინებთან შედარებით. კონტრასტი არ იყო ისეთი მკვეთრი, როგორც ETP დელფინების შემთხვევაში, მაგრამ, ავტორები ამბობენ, რომ კალიფორნიაში ეს ორი პოპულაცია შეიძლება დაშორების ადრეულ ეტაპებზე იყოს.
ამ შედეგების დასადასტურებლად საჭიროა შემდგომი გენეტიკური კვლევები, მაგრამ, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივ დელფინებს უფრო ნაკლები საერთო აქვთ, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ. ასე რომ, ძიება გრძელდება და, ვინ იცის, იქნებ სამხრეთით კიდევ უფრო მეტი ქვესახეობა აღმოვაჩინოთ.
კომენტარები