მზის ქარის მძლავრმა ტალღამ დედამიწის მაგნიტოსფეროში ნაპრალი გააჩინა
ბოლოდროინდელი მზის ქარის დროს დედამიწის მაგნიტურ ველს სწრაფად მოძრავი ტალღა შეეჯახა, რის შედეგადაც ჩვენი პლანეტის მაგნიტოსფეროში ნაპრალი გაჩნდა. ამის გამო დღეს მოსალოდნელია გეომაგნიტური შტორმი, რომელიც ძლიერი არ იქნება.
დარტყმითი ტალღის წარმომავლობა ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი წყარო შესაძლოა, მზის ლაქა AR3165-იდან წამოსულ კორონალური მასის ამოფრქვევას, ანუ ვარსკვლავის გვირგვინიდან პლაზმის გამოთავისუფლებას უკავშირდებოდეს. ჩვენი მნათობის აღნიშნული რეგიონი მისი ზედაპირის აქტიური არეალია, საიდანაც 14 დეკემბერს სულ მცირე 8 ამოფრქვევა მოხდა.
მზის ლაქების მიმდებარედ მძლავრი მაგნიტური ველია, რასაც ელექტრული მუხტი განაპირობებს. შედეგად მაღალენერგიული რადიაცია გამოიყოფა, რომელიც მზის ანთების ან კორონალური მასის ამოფრქვევის სახეს იღებს. ეს ნაკადი სივრცეში ძალიან სწრაფად გადაადგილდება და დედამიწის ატმოსფეროსთან ურთიერთქმედებისას გეომაგნიტურ შტორმებს ედება საფუძვლად.
დამუხტული ნაწილაკები შემოჭრას ჩვენი პლანეტის პოლუსებიდან ახერხებს, სადაც მაგნიტური ველი სუსტია. ამ დროს ატმოსფეროში არსებული ჟანგბადისა და აზოტის მოლეკულები აქტიურდება და ენერგიას სინათლის ფორმით გამოყოფს, რასაც პოლარული ციალი მოჰყვება.
ზოგჯერ ასეთ შტორმებს მაგნიტოსფეროში ნაპრალების ფორმირებაც შეუძლია, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ნარჩუნდება და მზიდან წამოსულ მატერიას იქ შეღწევის საშუალებას აძლევს. ეს ხშირად ხელოვნური თანამგზავრების, ასევე, საკომუნიკაციო და ენერგოსისტემების მუშაობას აფერხებს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის შედეგად მოსალოდნელი დღევანდელი გეომაგნიტური შტორმი G-1 ტიპისაა, ანუ საკმაოდ სუსტია. ის, სავარაუდოდ, სატელიტებისა და ელექტრული ქსელების მხოლოდ მცირედ შეფერხებას გამოიწვევს და პოლარული ნათების მშვენიერ სანახაობასაც შემოგვთავაზებს.
აღსანიშნავია, რომ გეომაგნიტური შტორმები ყოველთვის ასეთი უვნებელი არაა. ყველაზე მძლავრი შტორმი 1859 წელს დაფიქსირდა, რამაც გადამცემი სისტემები გადაწვა და ციალი პოლუსებისგან საკმაოდ შორს წარმოქმნა. ამგვარი რამ დღეს რომ დაგვტყდომოდა თავს, ზარალი ტრილიონობით აშშ დოლარს გაუტოლდებოდა.
ჩვენი ვარსკვლავი ახლა აქტიურ ფაზაშია, რაც მაქსიმუმს 2025 წელს მიაღწევს, შემდეგ კი დაღმასვლას დაიწყებს.
კომენტარები