ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სასწავლო გეგმის შემუშავება და საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირება UNESCO-ს რეკომენდაციაა, საქართველოს ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევია. განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის მიუხედავად, ერთიან სასწავლო გეგმაში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები სათანადოდ ვერ მოხვდა.

სანამ ამ თემაზე არსებული სტერეოტიპები, სტიგმები თუ დამახინჯებული წარმოდგენები ადამიანებს აიძულებთ, ნაკლებად მიუწვდებოდეთ ხელი მათთვის აუცილებელ ცოდნაზე და სანამ ბიოლოგიის მასწავლებლები საჩქაროდ ფურცლავენ გვერდებს სექსუალურ განათლებაზე, ასოციაცია ჰერა XXI საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა გზით, მათ შორის, ანიმაციური ვიდეოებით ცდილობს.

ორგანიზაცია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს და ადამიანებს საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებს სთავაზობს. არასასურველი ორსულობისგან თავის არიდება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, სქესობრივი მომწიფება, გენდერული როლები, — ეს მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც 2-3 წუთიანი ანიმაციური ვიდეოების გმირები აუდიტორიას მაქსიმალურად გასაგები ენითა და სადა ვიზუალით უყვებიან.

როგორც ასოციაციაში ამბობენ, ცდილობენ, აჩვენონ საუკეთესო პრაქტიკა, როგორ შეუძლია არასამთავრობო სექტორსა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით, სექსუალური განათლება ძირითადი ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ავტომატურად გულისხმობს არასასურველი ორსულობების, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და სექსუალური ძალადობის რიცხვის შემცირებას.

ციფრული მედია სექსუალური განათლებისთვის

სექსუალური განათლების ხელმისაწვდომობაზე ასოციაცია ჰერა XXI საერთაშორისო პროექტ AMAZE-სთან პარტნიორობის ფარგლებში ზრუნავს. ჰერა AMAZE-ს საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ორგანიზაცია და კავკასიის რეგიონში მისი ექსკლუზიური პარტნიორია.

პროექტი იყენებს ციფრული მედიის ძალას, რათა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ახალგაზრდისათვის გადამოწმებული, ასაკის შესაბამისი, სრულფასოვანი სექსუალური განათლება ხელმისაწვდომი გახდეს.

პარტნიორობის ფარგლებში ასოციაცია ჰერა XXI-ის მიერ ვიდეოები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ადაპტირებული. ასევე, ანიმაციები ხელმისაწვდომია ჟესტურ ენაზეც.

როგორ შეირჩა ანიმაციური ვიდეოების თემები

როგორც ასოციაციის პროექტების კოორდინატორი, სალომე იობაძე გვიხსნის, მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი UNESCO-ს საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც ერთგვარი ტექნიკური სახელმძღვანელოა, რა თემებს უნდა მოიცავდეს სექსუალური და რეპროდუქციული განათლება.

თუმცა, იმისთვის, რომ ეს თემები კიდევ უფრო მეტად ყოფილიყო მორგებული ქართულ რეალობაზე, ჰერა XXI-მა ამ კუთხით ქართველი მოზარდებისა და ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა ჩაატარა.

ფოკუს ჯგუფები საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონში, სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საფუძველზე, შედგა და კონკრეტული აქცენტები სწორედ ასე გამოიკვეთა.

"მაგალითად, ძალიან აინტერესებდათ ინფორმაცია მენსტრუაციაზე, მედიკამენტურ აბორტზე, გარდატეხის ასაკის თანამდევ ცვლილებებზე, კიბერბულინგზე. ჩვენ ეს შედეგები გავაანალიზეთ. ასევე, შევისწავლეთ არსებული საკანონმდებლო და პოლიტიკური გარემო, რომ მაქსიმალურად მოგვერგო ქართულ კონტექსტს", — გვიყვება სალომე იობაძე.

ჰერა XXI დაინტერესებულ პირებს ექიმ-რეპროდუქტოლოგის, სოციალური მუშაკისა და იურისტის უფასო ონლაინ მომსახურებას სთავაზობს. ანიმაციური ვიდეოების ბოლოს მითითებულია, სად და როგორ უნდა მიიღონ ადამიანებმა მათთვის სასურველი ინფორმაცია.

სტერეოტიპები თუ არასაკმარისი ინფორმაცია

იმ რეგიონებში, სადაც ადამიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა არ აქვთ, ორგანიზაცია ჰიბრიდულ მიდგომას იყენებს და ვიდეორესურსებთან ერთად სექსუალურ განათლებას ახალგაზრდული კამპანიებისა და თანასწორთა განათლების სესიების დახმარებით ავრცელებს.

ჰერა XXI-ში სჯერათ, რომ მთავარი პრობლემა არა ამ თემების მიუღებლობა, არამედ მცდარი წარმოდგენაა, თუ რას მოიცავს სექსუალური განათლება.

"მთავარი ამ თვალსაზრისით არის, რამდენად სწორ გზავნილებს შევიმუშავებთ და რამდენად სწორი აქცენტებით მივაწვდით აუდიტორიას იმ ინფორმაციას, რაც მათ სჭირდებათ", — გვეუბნება სალომე იობაძე.

მისივე თქმით, ასოციაციის მიერ მშობლებთან ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა სათანადო ინფორმირების შემთხვევაში სექსუალურ განათლებას მხარს უჭერს.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ არასწორი წარმოდგენა აქვთ, რას მოიცავს სექსუალური განათლება და რატომღაც ასოცირდება სექსუალური აქტივობის დაწყების პროპაგანდასთან,

სალომე იობაძე.

სანამ ამ კუთხით არსებული გამოწვევები დაიძლევა, როგორც ჰერა XXI ანიმაციის გმირები ამბობენ, ყოველთვის მზად არიან, დაგელოდონ, რათა ყველაფერი ხელახლა აგიხსნან და შეგახსენონ, რომ საოცარი ხარ.

პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ვიდეოების სანახავად ესტუმრე YouTube არხს, ხოლო ასოციაცია ჰერა XXI-ისს საგანმანათლებლო რესურსებისა და პროგრამების გასაცნობად გადადი ვებგვერდზე ან ფეისბუქ გვერდზე.