პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის სისხლში შაქრის დონის შემცირება საყურადღებოა. ეს მაშინ ხდება, როცა ზედმეტად დიდი რაოდენობით ინსულინს იღებთ, სათანადოდ არ იკვებებით ან ჩვეულებრივზე მეტს ვარჯიშობთ. თუმცა, მსგავსი პრობლემა, სახელად ჰიპოგლიკემია, სხვა შემთხვევებშიც იჩენს ხოლმე თავს, კერძოდ, როცა პაციენტი დაავადების მსვლელობას საგულდაგულოდ აკონტროლებს.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ჰიპოგლიკემიის მთავარი ნიშნები იცოდეთ და მათ შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც გაუზიაროთ, რათა მათ საჭიროებისას თქვენი დახმარება შეძლონ.

სიმპტომები

ფოტო: everyday health

ადამიანთა უმეტესობას ჰიპოგლიკემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მაშინ უვლინდება, როცა სისხლში შაქრის დონე დეცილიტრში 70 მილიგრამზე ან უფრო ნაკლებზე ჩამოდის. ამის მიუხედავად, გააჩნია ინდივიდის ინდივიდუალურ ფიზიკურ მდგომარეობასაც. აღნიშნული ზღვრის დადგენაში ექიმი დაგეხმარებათ.

როდესაც სხეულში მსგავსი ცვლილება ხდება, პაციენტები შფოთვასა და გაღიზიანებას გრძნობენ, რადგან ორგანიზმში ადრენალინი გამოიყოფა, ანუ ის შეტევის რეჟიმზე გადადის, რასაც შემდეგი ნიშნები ახლავს თან:

  • გაღიზიანება
  • კანკალი
  • თავბრუსხვევა
  • გულისცემის აჩქარება
  • შიმშილი
  • დაღლილობა
  • კონცენტრირების გაძნელება ან დაბნეულობა
  • ოფლიანობა
  • შემცივნება
  • სისუსტე

შესაძლოა, ამ დროს ადამიანს გულიც კი წაუვიდეს. ჩამოთვლილი ნიშნები საკმაოდ საშიშია და დაუყოვნებლივ ქმედებას საჭიროებს.

უსიმპტომო ჰიპოგლიკემია

ფოტო: type1better

ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც სისხლში შაქრის დაბალი დონე აქვს, სიმპტომები სულაც არ აღენიშნება. ეს ისეთ პაციენტებშია გავრცელებული, რომელსაც ჰიპოგლიკემია ხშირად აწუხებს და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ საყურადღებო ნიშნებს ვეღარც ამჩნევს. ასევე, მათში, ვისაც პირველი ტიპის დიაბეტი დიდი ხანია, დაუდგინდა და მას მკაცრად აკონტროლებს.

უსიმპტომო ჰიპოგლიკემია ძალიან საფრთხილოა, ამიტომ თუ ის თქვენც გაქვთ, სისხლში შაქრის შემცველობა ხშირად უნდა შეამოწმოთ, რაც სიტუაციის შეფასებაში დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია გლუკოზის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს.

შესაძლებელია, სხეული "გაავარჯიშოთ", რათა სიმპტომები ისევ შენიშნოთ. ამისთვის კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარეთ, რომელიც მითითებებს მოგცემთ.

როგორ გავზარდოთ სისხლში შაქრის დონე

ფოტო: verywellhealth

თუ თქვენს სისხლში შაქრის დონე შემცირდა, 15/15 წესს მიმართეთ:

  • 15 გრამი ოდენობის ნახშირწყლები მიიღეთ, როგორიცაა გლუკოზის ტაბლეტები, ხილის წვენი, მარმელადის კანფეტები, ქიშმიში და ა.შ. მოერიდეთ ისეთ საკვებს, როგორიც შოკოლადი და ნაყინია, რადგან ისინი საკმარისად სწრაფად არ იმოქმედებს.
  • ამის შემდეგ 15 წუთი დაიცადეთ და შაქრის შემცველობა ხელახლა შეამოწმეთ. თუ მაჩვენებელი ისევ დაბალია, დამატებითი ნახშირწყლები მიიღეთ, თუმცა ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ამისთვის 15-გრამიანი ულუფები უნდა გაიმეოროთ, სანამ მიზანს მიაღწევთ.
  • გამოუვალ სიტუაციაში გლუკაგონის ინექცია დაგეხმარებათ. ესაა ჰორმონი, რომლის მეშვეობითაც სისხლში შაქრის დონე იზრდება. მისი ქონის საჭიროებას ექიმი განსაზღვრავს.

დაიმახსოვრეთ, რომ ჰიპოგლიკემია საკმაოდ სერიოზული პრობლემაა და მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, შესაბამისად, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.

რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.