რბილ რობოტებს საკუთარი სტრუქტურის შეცვლა შეუძლიათ, თუმცა მასალის გამო, რომლისგანაც ტრადიციულად მათ ქმნიან ხოლმე, დაზიანებასაც მარტივად იღებენ. ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს რბილი რობოტი, რომელსაც დაზიანების აღმოჩენის შემდეგ, საკუთარი თავის შეკეთება და "განკურნება" შეუძლია.

რობ შეპარდის, მექანიკური და კოსმოსური ინჟინერიის პროფესორის გუნდს სურდა შეექმნა რობოტი, რომელსაც დაზიანების შემჩნევა ოპტიკური სენსორებისა და კომპოზიტური მასალის საშუალებით შეეძლებოდა. მკვლევრებმა გააერთიანეს სენსორები და მასალა, რათა რბილი, თვითრეგენერირებადი რობოტი შეექმნათ.

რობოტს დაზიანების აღმოჩენა და აღდგენა შეუძლია

რობოტი შექმნილია იმგვარად, რომ მას დაზიანების შემთხვევაშიც შეუძლია უფრო დიდი ხნით გააგრძელოს მუშაობა.

"ჩვენი ლაბორატორია ყოველთვის ცდილობს, გახადოს რობოტები უფრო გამძლე და მოქნილი, რათა მათ უფრო მრავალმხრივად და ხანგრძლივად შეეძლოთ მუშაობა. პრობლემა ისა, რომ თუ რობოტს დიდი ხნის განმავლობაში ვაიძულებთ მუშაობას, დაზიანება უფრო გართულდება. შესაბამისად, გვაინტერესებს, როგორ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ ამ დაზიანებას თავად გაუმკლავდნენ?", — განაცხადა შეპარდმა

ბუნებრივია, პირველ რიგში, რობოტმა უნდა აღიქვას, რომ დაზიანებულია, რათა შეკეთებაზე იზრუნოს. შეპერდის გუნდმა ამის მისაღწევად, რობოტის ერთ-ერთ მთავარ მასალად გაჭიმვადი ბოჭკოვანი სენსორები გამოიყენა.

LED განათება იგზავნება შუქსატარის (Optical Waveguide) მეშვეობით. შემდეგ ნახევარგამტარი ფოტოდიოდი ამჩნევს ცვლილებას სხივის ინტენსივობაში და ადგენს, როდის დეფორმირდა ან დაზიანდა მასალა. შუქსატარი მაინც ატარებს სხივს, მიუხედავად იმისა, დაზიანებულია თუ არა.

ფოტო: Mister rf/Wikimedia Common

სენსორებისა და პოლიურეთანის ელასტომერის გაერთიანებით გუნდმა შექმნა SHeaLDS, სხივის თვითაღდგენადი გამტარი.

SHeaLDS

SHeaLDS-ს საკუთარი თავის მესამე პირის ჩარევის გარეშე აღდგენის შესაძლებლობა აქვს. მოწყობილობა მკვლევრებმა რბილ რობოტზე დაამაგრეს, რათა მისი მუშაობა შეემოწმებინათ. რობოტს ოთხფეხიანი ზღვის ვარსკვლავის ფორმა ჰქონდა და უკუკავშირის კონტროლით იყო აღჭურვილი.

ცდის ფარგლებში, რობოტის ფეხები ექვსჯერ დაჩხვლიტეს, SHeaLDS-მა კი ყოველ ჯერზე შეძლო დაზიანების დაფიქსირება და მისი აღდგენა. თითოეულ ასეთ ოპერაციას წუთზე ნაკლები დასჭირდა.

ფოტო: Cornell University/Science Advances

რბილი რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალი

მიუხედავად იმისა, რომ რობოტი გამძლეა, სრულყოფილი მაინც არ არის და ყველა ტიპის დაზიანებას ვერ უძლებს.

"მათ დაახლოებით ადამიანის სხეულის მსგავსი მახასიათებლები აქვთ. ჩვენ მჟავითა და მაღალი ტემპერატურით დამწვრობას რთულად "ვმკურნალობთ", რადგან ეს ამგები მასალის ქიმიურ შემადგენლობას ცვლის, თუმცა ჭრილობის აღდგენა მარტივად შეგვიძლია", — განაცხადა შეპარდმა

მკვლევრებს სურთ, სამომავლოდ SHeaLDS აქციონ მოწყობილობად, რომელსაც კონკრეტული გამოცდილების დასწავლა შეეძლება. საბოლოო მიზანს ისეთი რობოტის შექმნა წარმოადგენს, რომელსაც რეგენერაციის გარდა გარემოს შეგრძნება და მეტი დავალების შესრულება შეეძლება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.