ჟანგბადის დონის ვარდნა მომავალში დედამიწაზე სიცოცხლეს მოსპობს — კვლევა
"ჟანგბადის რაოდენობა უკიდურესად იკლებს. საუბარია მილიონჯერ ნაკლებ ჟანგბადზე, ვიდრე დღეს არის."
ჩვენს ჟანგბადით მდიდარ პლანეტაზე, ჯერჯერობით, სიცოცხლე ყვავის, თუმცა დედამიწა ყოველთვის ასეთი არ იყო და, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მომავალში ატმოსფერო დაუბრუნდება თავის საწყის ფორმას, რომელიც მდიდარია მეთანით და ღარიბია ჟანგბადით.
ეს, ალბათ, კიდევ მილიარდი წლის განმავლობაშიც კი არ მოხდება, თუმცა, 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, როცა ამის დრო დადგება, ცვლილება საკმაოდ სწრაფი იქნება. ეს პროცესი პლანეტას დააბრუნებს ისეთ მდგომარეობაში, როგორიც იყო 2,4 მილიარდი წლის წინ, დიდი ჟანგვის მოვლენამდე (GOE).
ასევე იხილეთ: საიდან მოვიდა დედამიწაზე ჟანგბადი? — ახალმა კვლევამ მოულოდნელი წყარო გამოავლინა
გარდა ამისა, სხვა მკვლევრების თქმით, ატმოსფერული ჟანგბადი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში დასახლებული სამყაროს მუდმივი მახასიათებელი გახდეს, რაც გავლენას ახდენს ჩვენს მცდელობებზე, რომ აღმოვაჩინოთ სიცოცხლის ნიშნები სამყაროში.
"მოდელი პროგნოზირებს, რომ ატმოსფეროს დეოქსიგენაცია, რომლის დროსაც ატმოსფერული O2 მკვეთრად დაეცემა არქაული დედამიწის მსგავს დონემდე, სავარაუდოდ, გააქტიურდება დედამიწის კლიმატის სისტემაში ტენიანი სათბურის პირობების დაწყებამდე და ატმოსფეროდან ზედაპირული წყლის დიდი რაოდენობის დაკარგვამდე", — წერია ნაშრომში.
დასკვნების მისაღებად, მკვლევრებმა შექმნეს დედამიწის ბიოსფეროს დეტალური მოდელები, რომლებიც ითვალისწინებდა მზის სიკაშკაშის ცვლილებასა და ნახშირორჟანგის დონის შესაბამის ვარდნას, რადგან გაზი იშლება სითბოს დონის მატებით. ნაკლები ნახშირორჟანგი ნიშნავს ნაკლებ მაფოტოსინთეზირებელ ორგანიზმს, როგორიცაა მცენარეები, რაც შეამცირებს ჟანგბადს.
მეცნიერებმა ადრევე გამოთქვეს პროგნოზი, რომ მზის გაზრდილი გამოსხივება ჩვენი პლანეტიდან ოკეანის წყლებს, დაახლოებით, 2 მილიარდ წელიწადში გააქრობდა. მაგრამ ეს მოდელი, რომელიც, საშუალოდ, 400 000 სიმულაციაზეა დაფუძნებული, გვიჩვენებს, რომ სიცოცხლეს, პირველ რიგში, ჟანგბადის შემცირება მოსპობს.
ასევე იხილეთ: რამდენ ხანში განადგურდება სიცოცხლე დედამიწაზე? — რას ამბობს მეცნიერება
"ჟანგბადის რაოდენობა უკიდურესად იკლებს", — განუცხადა New Scientist-ს მეცნიერმა კრის რეინჰარდმა, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან. "საუბარია მილიონჯერ ნაკლებ ჟანგბადზე, ვიდრე დღეს არის."
ის, რაც ამ კვლევას, დღესდღეობით, განსაკუთრებით აქტუალურს ხდის, არის ჩვენი ძიება მზის სისტემის მიღმა დასახლებადი პლანეტებისა. ძიებაში სულ უფრო და უფრო მძლავრი ტელესკოპები ერთვება.
მკვლევრების თქმით, შესაძლებელია, რომ ჟანგბადის გარდა სხვა ბიოხელწერებიც ვეძიოთ, რათა სიცოცხლის პოვნის მეტი შანსი გვქონდეს. მათი კვლევა NASA NExSS-ის (Nexus for Exoplanet System Science) პროექტის ნაწილია, რომელიც არკვევს სხვა პლანეტების დასახლებადობას.
ასევე იხილეთ: არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა? — ამის გარკვევაში შეიძლება "სიცილის გაზი" დაგვეხმაროს
რეინჰარდისა და გარემოსდაცვითი მეცნიერი კაზუმი ოზაკის მიერ ჩატარებული გამოთვლების მიხედვით, დედამიწის ჟანგბადით მდიდარი სასიცოცხლო ისტორია შეიძლება, გაგრძელდეს პლანეტის სიცოცხლის ხანგრძლივობის მხოლოდ 20-30%-მდე. მათი თქმით, დიდი დეოქსიგენაციის შემდეგ, ატმოსფერო გამდიდრდება მეთანით, ხოლო გაღარიბდება CO2-ით და აღარ იარსებებს ოზონის შრე. ამდენად, დედამიწის სისტემა, ალბათ, ანაერობული სიცოცხლის ფორმების სამყაროდ იქცევა.
კომენტარები