კოსმოსური ხომალდი Orion მთვარის ორბიტიდან გამოვიდა და გეზი დედამიწისკენ აიღო
მთვარის ისტორიული მისიის Artemis 1 ფარგლებში გაშვებული კოსმოსური ხომალდი Orion დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის რეტროგრადული ორბიტიდან გამოვიდა და უკვე დედამიწისკენ მოემართება. აპარატმა მნიშვნელოვანი მანევრი 2 დეკემბერს, თბილისის დროით 01:54 საათზე შეასრულა.
"Orion-მა ძრავა 1 წუთისა და 45 წამის განმავლობაში წარმატებით აამუშავა, რათა შორეული რეტროგრადული ორბიტიდან გამოსულიყო", — განაცხადეს სპეციალისტებმა პირდაპირი ტრანსლაციისას.
ის ატმოსფეროში 11 დეკემბერს შემოვა, რის შემდეგაც წყნარ ოკეანეში დაეშვება. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA), ქვეყნის საზღვაო ძალებთან ერთად, წყლიდან აპარატის ამოსაღებად ემზადება, რითაც მისია Artemis 1 ოფიციალურად დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ Orion 16 ნოემბერს გაუშვეს. მსოფლიოში უმძლავრესი რაკეტა Space Lunch System, რომელმაც ხომალდი ორბიტაზე აიყვანა, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან თბილისის დროით 10:47 საათზე აფრინდა. ეს მისი დებიუტი იყო, რასაც წარმატებით გაართვა თავი.
ასევე, იხილეთ: როგორ ვბრუნდებით მთვარეზე? — ყველაფერი, რაც მისია Artemis 1-ზე უნდა იცოდეთ
სპეციალისტები ამბობენ, რომ Orion-ის სისტემები იდეალურად მუშაობს და ყველა დავალებას ართმევს თავს. მან ახლახან მისია Apollo 13-ის განმავლობაში დამყარებული რეკორდიც კი გააუმჯობესა და იმაზე შორს წავიდა, ვიდრე ასტრონავტებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ხომალდი.
პროგრამის მეორე მისია 2024 წელსაა ჩანიშნული. ის მთვარის ორბიტაზე უკვე ეკიპაჟის გაშვებას ითვალისწინებს, შემდეგ ჯერზე კი იქ ადამიანები დადგამენ ფეხს.
კომენტარები