Arma 3 — კომპიუტერული თამაში, რომელსაც ომის კადრების გასაყალბებლად იყენებენ
მოთამაშეს შეუძლია, შექმნას ბრძოლა თუ სამხედრო ოპერაცია ისე, როგორც მას სურს.
Bohemia Interactive-მა, ცნობილი კომპიუტერული თამაშის, Arma 3-ის დეველოპერმა, გამოაქვეყნა ბლოგი და ვიდეო, რომელიც, მისი აზრით, უნიკალური პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. საქმე ისაა, რომ 2013 წელს თამაშის გამოსვლიდან დღემდე, ბატალიების რეალისტური გრაფიკით გამორჩეული თამაში საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად არაერთხელ გამოიყენეს.
ვინაიდან კონფლიქტები, სამწუხაროდ, ყოველდღიურობად იქცა, თამაშის დეზინფორმაციის მექანიზმად გამოყენება ძალიან გახშირდა, იმდენად, რომ ამაზე სტატიების გამოქვეყნება ისეთ დიდ მედიასაშუალებებსაც მოუწიათ, როგორებიც Reuters და Associated Press არიან. თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პარალელურად, პრობლემა უფრო მასიური გახდა. რუსეთის სამხედრო აგრესია, შეიძლება ითქვას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე მომხდარი უდიდესი დაპირისპირებაა და, ბუნებრივია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაინტერესება მაღალია. ტროლებმა და თაღლითებმა კი დრო იხელთეს და Arma 3-ის კლიპების გავრცელებით ფინანსური მოგების ნახვას ცდილობენ.
Arma 3 ზერეალური კომპიუტერული თამაშია. მისი შექმნის მიზანიც სწორედ ეს იყო, რეალური კონფლიქტის მაქსიმალური სიზუსტიც წარმოჩენა. დეველოპერებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთანაც კი ითანამშრომლეს, რათა გამოეშვათ დამატება, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს ზუსტად ასახავდა. მეტიც, კომპანიას 2013 წელს გამოეყო Bohemia Interactive Simulations, რომელიც დღესდღეობით ანალოგიური ტექნოლოგიით სიმულაციებს პენტაგონისთვის აწყობს. თამაშის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ის მოთამაშეს აბსოლუტურ თავისუფლებას ანიჭებს, რათა შექმნას სიტუაცია, ბრძოლა თუ სამხედრო ოპერაცია ისე, როგორც მას სურს.
სწორედ რეალისტურობის ამ ხარისხმა აქცია Arma 3 ყალბი საბრძოლო კადრების შესაქმნელ იდეალურ პლატფორმად.
"სასიამოვნოა, რომ Arma 3 თანამედროვე ომს ასე რეალისტურად გამოსახავს, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვართ მოხარულები იმით, რომ ის ყალბი კადრების გავრცელებისა და ომის პროპაგანდის ხელსაწყოდ შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს მომხდარა წარსულში (თამაშში შექმნილ ყალბ ვიდეოებს იყენებდნენ ავღანეთის, სირიის, პალესტინისა და ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტებში), თუმცა დღეს ეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ჭრილში ხდება". — განაცხადა პრეს რელიზში Bohemia Interactive-ის პიარ მენეჯერმა პაველ კრიჟკამ
Arma 3-ის ყალბი კადრების გავრცელების ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, რა თქმა უნდა, რუსულ ტელევიზიაში დაფიქსირდა, როცა პირველმა არხმა გაავცელა კლიპი თამაშიდან და აღწერად მიუთითა, რომ კადრები სირიის ომიდან იყო. უფრო ადრე, 2011 წელს თამაშის წინა ნაწილის, Arma 2-ის კადრები არც მეტი, არც ნაკლები, BBC-მ გამოიყენა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) შესახებ დოკუმენტურ ფილმში.
რაც შეეხება პაკისტანისა და ინდოეთის კონფლიქტს, აქ მასიურად გავრცელდა კადრები, რომელშიც, თითქოს, ინდოელი სამხედროების მიერ პაკისტანური გამანადგურებლის ჩამოგდებაა გამოსახული.
2022 წლის 7 მაისს აიტვირთა ვიდეო, რომელიც ასახავდა უკრაინული Bayraktar ტიპის დრონიდან შავ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდების განადგურებას. კლიპი Facebook-ზე მოხვდა, სადაც ათობით ათასი ნახვა მოაგროვა, სანამ პლატფორმა წაშლიდა. ერთი შეხედვით, ვიდეოს აშკარად ეტყობა, რომ კომპიუტერული გრაფიკითაა შექმნილი, თუმცა უამრავმა ადამიანმა მისი ამოცნობა მაინც ვერ შეძლო.
რასაკვირველია, ეს ყველაფერი არ არის და კიდევ უამრავი ვიდეო უამრავ კონტექსტში გავრცელდა. შესაძლოა ბევრ თქვენგანს ახსოვდეს ერთი ქართული ღიად პრორუსული მედიასაშუალების გადაცემა, სადაც Arma 3-ის ვიდეო "რუსეთის სამხედრო ძალების მიერ უკრაინული სატანკო კოლონის განადგურებად" გასაღდა.
მსგავსი დეზინფორმაციის სასიცოცხლო ციკლი თითქმის ყოველთვის იდენტურია. Arma 3-ის მოთამაშე YouTube-ზე ტვირთავს ბრძოლის კადრებს, რომელსაც თაღლითი იწერს, ცვლის ისე, რომ უფრო რეალისტური იყოს, და ასაღებს, როგორც რეალური კონფლიქტის ვიდეოს. სანამ კომპეტენტური ადამიანები შეამჩნევენ, რომ ვიდეო კომპიუტერული სიმულაციაა, უკვე ათობით ათასი სხვა მოტყუებულია. ამის შემდეგ Bohemia Interactive სთხოვს კონკრეტულ პლატფორმას, რომ ვიდეო წაიშალოს. ვიდეო იშლება, მის ადგილას კი ათობით ახალი ჩნდება.
"ჩვენ ვცდილობდით, გვებრძლა ასეთი კონტენტის წინააღმდეგ პლატფორმის პროვაიდერების გაფრთხილებით, თუმცა ეს ძალიან არაეფექტურია. ყოველ წაშლილ ვიდეოზე ათი ახალი მოდის, ამიტომ გადავწყვიტეთ, აქტიურად გვეთანამშრომლა მედიასაშუალებებთან, რომელთაც უკეთესი წვდომა და შესაძლებლობა აქვთ, ებრძოლონ ფეიქ ნიუსების გავცელებას". — განაცხადა კრიჟკამ
Bohemia Interactive-ის პოსტი შეიცავდა სიასაც, რომელიც დაეხმარება ხალხს, გაარჩიონ ნამდვილი ვიდეო ყალბისგან. ყალბი ვიდეოების ხარისხი დაბალია, კამერა სწრაფად მოძრაობს (თითქოს კანკალებს), კადრებში ღამეა, ხშირად ვიდეოს არც ხმა აქვს და მოძრავი ადამიანები თითქმის არ ჩანან (ჩანს მხოლოდ ტექნიკა).
კომენტარები