გამონაკლისი არც Google-ია — Alphabet 10 000 თანამშრომელს დაითხოვს
2022 წლის განმავლობაში, ამ ეტაპზე, სამსახური ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულმა 135 000-მა ადამიანმა დაკარგა.
Forbes-ის ცნობით, Alphabet-ს, რომლის შვილობილი კომპანიაც არც მეტი, არც ნაკლები, Google-ია, ტექ სფეროს კრიზისის მიმართ არც ისეთი მყარი იმუნიტეტი აქვს, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა — კომპანია 10 000 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს, რისთვისაც დასაქმებულთა შეფასების ახალი სისტემა შეიქმნა.
ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებმაც პანდემიის წლებში არნახული მოგება ნახეს, წელს რეცესიის გამო შემცირებების გატარება ერთმანეთის მიყოლებით უწევთ. ნოემბრის დასაწყისში Meta-მ გამოაცხადა, რომ სამუშაო ძალას ამცირებდა, რასაც Amazon-იც მიჰყვა.
ასევე იხილეთ: ცუკერბერგმა Meta-ში მოსალოდნელი შემცირებების შესახებ ცნობები დაადასტურა
იმის გათვალისწინებით, რომ Twitter-ის დასაქმებულთა რიცხვი 50%-ით შემცირდა, Lyft-ის, Stripe-ის, Chime-ის, Salesforce-ისა და Opendoor-ის ანალოგიური პრობლემა ვერც კი შევამჩნიეთ. 2022 წელს (ჯერჯერობით) სამსახური ამ სფეროში დასაქმებულმა 135 000-მა ადამიანმა დაკარგა.
"კოლეგებს" Google-იც უერთდება
ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა Google, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი იქნება ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, რომლებიც მოგების გასაზრდელად (ან ზარალის შესამცირებლად) სამუშაო ძალის შემცირებას მიმართავენ. პანდემიის წლებში ონლაინ სერვისებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა სამუშაო ძალა ძალიან გაზარდეს.
როცა კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, მომხმარებლები პანდემიამდელ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, შესაბამისად, ტექ კომპანიების მოგებამაც იკლო. Amazon-საც კი, რომელიც შეუჩერებლად მზარდ ძრავად მიიჩნეოდა, 2022 წლის ბოლო მეოთხედში (რომელიც ბიზნესებისთვის, როგორც წესი, ყველაზე დატვირთული პერიოდია) სუსტი შედეგები აქვს.
ტრენდს არც Google ჩამორჩა, მესამე მეოთხედში კომპანიას, წინა წელთან შედარებით, 27%-იანი კლება ჰქონდა. პერფორმანსის ახალი სისტემა სწორედ ამის გამოძახილია.
სისტემის მიხედვით, მენეჯერებს დაევალათ, რომ დასაქმებულთა დაბალეფექტიანი 6% შეერჩიათ. შემცირდა იმ თანამშრომელთა რიცხვიც, რომლებიც მაღალეფექტიანად ჩაითვლებიან და პრემიებს მიიღებენ. პირველი ჯგუფის წარმომადგენლების კომპანიიდან გაშვება, სავარაუდოდ 2023 წლის დასაწყისში იგეგმება. საბოლოოდ, სისტემამ Alphabet 10 000 ნაკლებეფექტიანი თანამშრომლისგან უნდა გაათავისუფლოს.
ინვესტორის რჩევა
Forbes-ის ცნობით, მილიარდერმა ინვესტორმა კრისტოფერ ჰონმა Alphabet-ს ნოემბრის დასაწყისში წერილით მიმართა, რომელშიც საყვედურობდა მუშახელის ეფექტიანობის პრობლემებსა და მაღალ კომპენსაციაზე, რომელსაც კომპანია დასაქმებულებს უხდის.
ჰონი ეხებოდა Google-ის კომპენსაციების საშუალო მაჩვენებელს, რომელიც გასულ წელს SEC-ის (U.S. Securities and Exchange Commission) მიხედვით 295 884 დოლარს შეადგენდა, რაც Microsoft-ის ანალოგიურ მაჩვენებელზე 70%-ით მაღალია, ხოლო თუ შეერთებული შტატების ტოპ 20 ტექნოლოგიურ კომპანიას შევადარებთ, 153%-იან განსხვავებას დავინახავთ.
წერილში ეწერა ისიც, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში, კომპანიის სამუშაო ძალა ყოველწლიურად 20%-ით იზრდებოდა, თუმცა მოგება ბოლო კვარტალში მხოლოდ 6%-ით გაიზარდა, როცა დანახარჯებმა 18%-ით იმატა.
ადრესატი Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი იყო, რომელსაც ჰონი კომპანიაში ხარჯების დისციპლინის შემოღებისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად სწორი აქცენტებისა, ჰონი არ ითვალისწინებს ფაქტს, რომ ისეთი კომპანიები, როგორიც Google-ია, დასაქმებულებს მაღალ ხელფასების იმისთვის უხდიან, რომ საუკეთესო ტალანტები კონკურენტებს გამოსტაცონ ან შეაჩერონ ისეთი სტარტაპების შექმნის პროცესი, რომელიც ბაზარზე სტატუს ქვოს დაარღვევს.
ასეა თუ ისე, კრიზისი გრძელდება და, როგორც ჩანს, თავის წილ დარტყმას Google-იც მიიღებს.
კომენტარები