ილონ მასკმა Twitter-ში შემცირებები დაიწყო
Twitter-ის გაყიდვიდან არასრულ ერთ კვირაში სამსახურის დასატოვებლად 7500 თანამშრომელი ემზადება
კომპანიაში გავრცელებული იმეილის მიხედვით, ილონ მასკი შემცირებებს პარასკევს დაიწყებს. სავარაუდოდ, კომპანიას 7500 თანამშრომელი დატოვებს.
Twitter-ის თანამშრომლებმა გაფრთხილება მოსალოდნელი შემცირების შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს. Twitter-ის სახელით გავრცელებულმა შეტყობინებამ მოუწოდა დაქირავებულებს, წასულიყვნენ სახლში და პარასკევს არ მოსულიყვნენ სამსახურში, სანამ შემცირებები გაგრძელდებოდა. შეტყობინებაში არ იყო დაკონკრეტებული შესამცირებელი თანამშრომლების ზუსტი რაოდენობა.
"Twitter-ის სწორ გზაზე დასაყენებლად ჩვენ სამუშაო ძალის შემცირების რთული პროცესის გავლა მოგვიწევს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს შეიძლება შეეხოს არაერთ პიროვნებას, რომელმაც კომპანიის განვითარებაში წვლილი შეიტანა, თუმცა პროცესი Twitter-ის წინსვლის უზრუნველსაყოფად აუცილებელია. — ნათქვამი იყო შეტყობინებაში
ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ცნობები იმის, შესახებ, რომ სამსახურს კომპანიის თანამშრომლების ნახევარი დაკარგავდა, რაც, როგორც ჩანს, სიმართლეს შეესაბამება. შეტყობინება 3 ნოემბრის დილით გავრცელდა, Slack-ის ჩატებში კი თანამშრომლები ერთმანეთს გამოეთხოვნენ. მოგვიანებით ზოგმა მათგანმა თქვა, რომ კომპანიის სისტემებზე წვდომა დაკარგა, რაც, დიდი ალბათობით, მოსალოდნელი დათხოვნის ნიშანია.
ასევე იხილეთ: საგა დასრულდა — მასკმა Twitter შეიძინა და წმენდა დაიწყო
შეგახსენებთ, რომ მასკმა 44 მილიარდ დოლარად კომპანია 27 ოქტომბერს შეიძინა და მისი მაღალი თანამდებობის პირების ნაწილი მაშინვე დაითხოვა. მეორე ნაწილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ამის შემდეგ მენეჯერებს დაევალათ, შეეფასებინათ თანამშრომელთა საქმიანობის ხარისხი, რაც, სავარაუდოდ, შემცირებების სიის შესადგენად გამოიყენეს. გარდა ამისა, მასკმა თავისი სხვა კომპანიებიდან, მათ შორის Tesla-დან, 50-ზე მეტი ინჟინერი გადმოიყვანა.
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უნდა შეძლოს, და Twitter-ით შემოსავალი მიიღოს, რადგან შეთანხმება ტექნოლოგიური კოპანიების სფეროში ფასის კუთხით რეკორდული იყო. პროცესში აღებული 13 მილიარდდოლარიანი ვალის გეგმის მიხედვით მომსახურებისათვის მასკს კომპანიის დანახარჯების შემცირება უწევს.
მიუხედავად მასშტაბურობისა, Twitter-ის შემცირებები ტექნოლოგიური ინდუსტრიის ისტორიაში უდიდესი მაინც არ იქნება. 2008 წელს კომპიუტერულმა გიგანტმა HP-მა 24600 თანამშრომელი, საერთო ძალის 7.5% გაუშვა, რასაც მოგვიანებით რიდევ რამდენიმე ათეული ათასი დაამატა, რაც საერთო ჯამში 30%-მდე მივიდა.
ცოტა ხნის წინ, სამუშაო ძალა სხვა არაერთმა ტექ კომპანიამაც შეამცირა. Lyft-მა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ დასაქმებულთა 13%-ს, ანუ დაახლოებით 650 ადამიანს გაუშვებს სამსახურიდან. გადახდების პლატფორმა Stripe-ც ამავე გზას დაადგა და ისიც 14%-ს ანუ დაახლოებით 1100 დაქირავებულს დაითხოვს.
Accountable Tech-ის დამაარსებლის, ჯესი ლერიხის აზრით, წმენდა დაკავშირებულია მოახლოებულ შუალედურ არჩევნებთან.
კალიფორნიის შტატის კანონმდებლობა ითხოვს კომპანიებისგან, რომ მიაწოდონ გაფრთხილება მასობრივი შემცირებების შესახებ წინასწარ, თუმცა არ არის ცნობილი, გააკეთა ეს ილონ მასკმა თუ არა. შტატის დასაქმების განვითარების განყოფილების სპიკერმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ მსგავსი გაფრთხილება Twitter-ს არ წარუდგენია. კომპანია სან-ფრანცისკოშია ბაზირებული, შესაბამისად ეს ვალდებულება ეკისრება.
შესყიდვის პირობების მიხედვით, მასკი დათანხმდა, რომ დატოვოს კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემა უცვლელი ერთი წლის განმავლობაში. ჩვეულებრივ, გაშვების შემდეგ ტვიტერის თანამშრომლები სულ მცირე ორი თვის შემოსავალს იღებენ ხელფასისა და იმ ბონუსების ჩათვლით, რომელიც სამი თვის განმავლობაში უნდა მიეღოთ.
2 ნოემბერს, დასაქმებულთა ნაწილმა ე.წ "შემცირების გზამკვლევი" შექმნა, რომელიც შრომითი უფლებების შესახებ რჩევებს იძლეოდა. ერთ-ერთმა მათგანმა კი შექმნა პროგრამა, რომელიც კოლეგებს მნიშვნელოვანი იმეილებისა და დოკუმენტების გადმოწერაში დაეხმარებოდა. ეს თანამშრომელი დაითხოვეს.
შემდეგ დღეს თანამშრომლება მიიღეს დამატებითი სიგნალები იმასთან დაკავშირებით, რომ მათი სამუშაო ადგილი იცვლებოდა. კომპანიის "დასვენების დღეები", რომლებიც ყოველთვიურად რამდენიმე დასვენების დღეს წარმოადგენდა, გაუქმდა.
მიუხედავად რთული სიტუაციისა, Twitter-ის განწირულ თანამშრომლებს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავთ. ერთ-ერთმა მათგანმა Slack-ის ჩატში იკითხა: "წითელი ქორწილი დაიწყო?", რაც წარმოადგენს ალუზიას "სამეფო კარის თამაშების" ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან სცენაზე. ირონიულია, რომ დათხოვნის შესახებ შეტყობინება ამ მესიჯიდან 9 წუთში მოვიდა. შეტყობინების მიხედვით, იმ თანამშრომლებს, რომლებიც შეინარჩუნებენ პოზიციას, ეს ეცნობებათ კორპორაციულ ანგარიშებზე, ხოლო დათხოვნილებს – პირადზე.
ერთ-ერთი თანამშრომელმა, პარკერ ლაიონსმა, გაავრცელა მიმი, რომელიც დათხოვნის ბოლო შეტყობინების სავარაუდო დროს, პარასკევის დილის 9 საათს ეხება.
პარასკევს ოფისში მოსვლის შეზღუდვა დაკავშირებულია სიფრთხილესთან, რომ გაშვებულმა თანამშრომლებმა კომპანიიდან არაფერი წაიღონ, იქნება ეს კომპანიის საკუთრებაში არსებული ინვენტარი, თუ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაცია.
სავარაუდოდ, მკვეთრი ცვლილებებისა და შემცირებების პროცესი ამით არ დასრულდება, ტვიტერმა ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზა უნდა გაიაროს იმისათვის, რომ ილონ მასკის ამბიციურ გეგმებს მოერგოს.
კომენტარები