ტექნოლოგიური კომპანიებისთვის 2022 ცუდი წელი აღმოჩნდა. 10 თვეში Apple-ის, Microsoft-ის, Google-ის, Amazon-ის, Facebook-ისა და Tesla-ს ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $4,117 ტრილიონით $6.934 ტრილიონამდე შემცირდა. ეს 37%-იანი ვარდნაა. 33%-ით 15 832-დან 10 525-მდე შემცირდა Nasdaq-ის ბირჟის ინდექსიც. ტექნოგიგანტების აქციები ძირითადად ამ ბირჟაზე ივაჭრება.

ამაზონსა და ტესლას ტრილიონერთა კლუბის დატოვებაც მოუხდათ. თანხობრივად ყველაზე მეტი — $880 მილიარდი Microsoft-მა დაკარგა. პროცენტულად ყველაზე მეტი — 74% კი Facebook-მა.

ტექნოლოგიური კომპანიების კაპიტალიზაცია

ტექნოლოგიური კომპანიების კაპიტალიზაცია

აქციათა ფასების მკვეთრმა ვარდნამ მილიარდერთა ქონებაც საგრძნობლად შეამცირა. გასულ წელს პიკზე ილონ მასკის ქონებამ $300 მილიარდს გადააჭარბა, ერთ წელიწადში მან $100 მილიარდზე მეტი დაკარგა, თუმცა Forbes-ის რეიტინგით 2022 წლის 1-ლი ნოემბრისთვის $200 მილიარდით პირველ ადგილს მაინც ინარჩუნებს. არც ისე დიდი ხნის წინ ცენტიმილიარდერი ცუკერბერგი კი ახლა $33 მილიარდსა და Forbes-ის რეიტინგში 29-ე ადგილს სჯერდება.

ვარდნას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: წარუმატებელი ტრანსფორმაცია Facebook-დან Meta-ში, გაყიდვების მოსალოდნელზე დაბალი ტემპით ზრდა — Tesla-სა და Amazon-ის შემთხვევაში. Tesla-ს აქციები დამატებით მასკის მოულოდნელმა ტვიტებმაც გააუფასურა, სადაც მან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთად მოიხსენია, ანექსირებულად გამოცხადებულ ოთხ რეგიონში "თავისუფალ გარემოში განმეორებითი რეფერენდუმის" ინიციატივით გამოვიდა და უკრაინაში სტარლინკის ინტერნეტის გამართვისთვის დახარჯულ $80 მილიონზე დაიწუწუნა, რის შემდეგაც ნახევარ საათში თითქმის 20-ჯერ მეტი — $15 მილიარდი დაკარგა.

პანდემიის პირველ წელს, როდესაც გლობალური ეკონომიკა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა, ტექნოლოგიური კომპანიების კაპიტალიზაცია სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა. ზრდა 2021-შიც გაგრძელდა.

2020-ისა და თუნდაც 2009-ისგან განსხვავებით წელს არც ევროპაში და არც ამერიკაში რეცესია არ დგას. ეკონომიკრის ზრდის ტემპის შემცირება და ეკონომიკის ვარდნა სხადასხვა ცნებებია. თუმცა ბირჟებზე და არა მხოლოდ Nasdaq-ზე დათვები გაბატონდნენ.

მსოფლიოს ახსოვს Nokia-ს ისტორია, როდესაც 2007-2012 წლებში კომპანიის კაპიტალიზაცია $155 მილიარდიდან $9 მილიარდამდე შემცირდა და ახლაც $23 მილიარდის ფარგლებში მერყეობს. თეორიულად ანალოგიურისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ უფრო ხშირად ვარდნას ზრდა მოჰყვება ხოლმე. 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე Amazon-ის კაპიტალიზაცია $980 მილიარდიდან $670 მილიარდამდე შემცირდა, 2019 წლის ივლისში $960 მილიარდს მიაღწია, 2020 წლის თებერვალში $1 ტრილიონს, იმავე წლის სექტემბერში კი $1.5 ტრილიონს გადააჭარბა. წარსულში Alphabet-ის (Google) Microsoft-ისა და სხვა ტექნოგიგანტის აქციათა ფასებიც შემცირებულა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისევ გაზრდილა.

აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.