მეტავერსის პროექტის უიმედო, შეიძლება ითქვას, სამარცხვინო სტარტის კვალდაკვალ, Meta-ს ინვესტორები მოთმინებას კარგავენ და აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქმედებებით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ.

Bloomberg-ის ცნობით, ბევრი მათგანი აქციების ფასების რეკორდული ვარდნისა და წარუმატებლობის მიღმა მთავარ მოქმედ პირად სწორედ ცუკერბერგს ხედავს. მკვეთრი ვარდნის შემდეგ, წლის დასაწყისში კომპანიის აქციის ფასები რეკორდულად დაეცა.

ჯამში, 2022 წელს Meta-ს აქციები 72%-ით დაეცა. ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს პრობლემები, რომლებიც წინ უსწრებდა ზაფხულში საფონდო ბირჟის საერთო ვარდნას, გამოწვეული იყო ცუკერბერგის წარუმატებელი მეტავერსის პროექტით, რომელშიც კომპანიის ცვლილებისა და დიდი შრომის გარდა 10 მილიარდი დოლარი ჩაიდო.

მიუხედავად იმისა, რო ინვესტორები ცუკერბერგის მოქმედებების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი, Bloomberg-ის ცნობით, კომპანიის ფინანსური სტრუქტურა ცუკერბერგის სათავიდან ჩამოშორებას შეუძლებელს ხდის. შესაბამისად, სანამ ამერიკელი მილიარდერი ჯერ ისევ რჩება კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად, მეწილეებს ისღა დარჩენიათ, რომ გაყიდონ, გაყიდონ და გაყიდონ...

"ის აბსოლუტურად არ უსმენს იმას, რაც კომპანიის მფლობელებს სურთ. მნიშნველოვანი მხოლოდ მისი აზრია. აქციები შესაძლოა ერთ წელიწადში გაორმაგდეს უკეთესი მენეჯმენტის პირობებში, რომელიც მეწილეებზე იქნება ფოკუსირებული", — განაცხადა Matrix Asset Advisors-ის ინვესტიციების ოფიცერმა დევიდ კაცმა.

სტატიის მიხედვით, Facebook-ში ხმის მიცემის უფლების არათანასწორი სისტემა მოქმედებს. არსებობს ორი ტიპის აქციები: A კლასის აქციების ყიდვა-გაყიდვა საზოგადოებას შეუძლია, ხოლო B კლასის თითო აქციას 10 ხმის ფასი აქვს და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამ აქციების 90%-ს ცუკერბერგი ფლობს, რაც მის გადაყენებას მეწილეების ჩართულობით შეუძლებელს ხდის.

ასევე იხილეთ: სკეპტიციზმი, დაბნეულობა, იმედგაცრუება: მარკ ცუკერბერგის მეტავერსის გამოწვევები

თუმცა, რა თქმა უნდა, აქციების ამ რაოდენობის ფლობა ნიშნავს იმასაც, რომ ფასების ვარდნა ყველაზე მეტად სწორედ მის ფინანსებს შეეხო. როგორც ჩანს, მიუხედავად ფინანსური ზარალისა ეს არის ფასი, რომლის გადახდისთვისაც მარკ ცუკერბერგი მზადაა. ინვესტორები აღმასრულებელი დირექტორის თავდაჯერებულობას არ იზიარებენ, თუმცა მისი სიჯიუტის მიღმა, ალბათ, რაციონალური გეგმებიც დგას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.