რატომ გამოიწვია ხალხმრავლობამ სეულში ადამიანების დაღუპვა — ახსნა
ბრბოს უეცარი მოზღვავება — ფენომენი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეაში 150-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა — მარტივი ფიზიკით აიხსნება.
შაბათს, სეულში, ჰელოუინის წვეულებაზე, ხალხმრავლობისგან გამოწვეულმა ჭყლეტამ, სულ მცირე, 154 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევა მოხდა სეულის პოპულარულ უბან ითევონში, სადაც იმ დღეს ათი ათასობით ადამიანი იმყოფებოდა.
Reuters-ის ცნობით, არც ერთი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი, მაგრამ უბედური შემთხვევა გამოიწვია იმან, რომ ბარებიდან და ღამის კლუბებიდან გამოსული ხალხი დაიძრა ვიწრო, დაქანებული ხეივნისკენ, რომელიც მეტროს სადგურს მთავარ ქუჩასთან აკავშირებს.
საღამოს 10 საათის შემდეგ ქუჩა სავსე იყო. Reuters-ის მიერ შედგენილ ანგარიშებში ნათქვამია, რომ ხეივნის ზემოთ ხალხს ფეხი დაუცდა და ქვემოთ მყოფ ბრბოში ჩავარდა, რამაც საბედისწერო ჭყლეტა გამოიწვია.
ტრაგედიამ სამხრეთ კორეაში ეროვნული გლოვა წარმოშვა და არაერთი კითხვა დაისვა იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად.
მედი მუსაიდმა, ბერლინის მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარმა, რომელიც სწავლობს ბრბოს დინამიკას, ისაუბრა Insider-თან იმაზე, თუ როდის ხდება ხალხმრავლობა სასიკვდილო.
"ადამიანთა უმეტესობა ვერ აცნობიერებს საშიშროებას", — თქვა მან და დასძინა, რომ ხალხი უკეთ უნდა იყოს ინფორმირებული, რადგან ქალაქები ხდება უფრო მჭიდრო, ხოლო ბრბო — უფრო ხშირი.
ბრბო ტალღებივით მოქმედებს
ხალხმრავლობა გამოწვეულია მარტივი პრინციპით; თუ ადამიანთა ჯგუფი საკმარისად მჭიდრო ხდება — 0,9 კვადრატულ მეტრზე ექვს ან შვიდ ადამიანზე მეტი — ბრბო იწყებს მოქმედებას როგორც სითხე. ამ დროს შიგნით მყოფი ხალხი დიდწილად კარგავს ძალას, რომ გააკონტროლოს საკუთარი მოძრაობა. თუ ვინმეს უკნიდან უბიძგებენ, ის მეზობლად მდგომს უბიძგებს, ეს უკანასკნელი სხვას დაეცემა და ა.შ.
"შემდეგ ეს მოძრაობა ადამიანიდან ადამიანზე გადადის", — თქვა მუსაიდმა. ეს წყლის ტალღებს წააგავს, რადგან მოძრაობის გავრცელებასთან ერთად, ის კიდევ უფრო იზრდება.
ბრბოში მოქცეული ხალხისთვის ტალღის ზეწოლა შეიძლება ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით, თუკი რაიმეს შეეჯახებიან. და, როგორც სეულის შემთხვევაში დავინახეთ, ეს სასიკვდილო შეიძლება იყოს.
"ეს ტალღები საკმაოდ საშიშია, რადგან ადამიანები შეიძლება ერთდროულად მიჭყლეტილები იყვნენ კედელთან და ერთმანეთთან და როდესაც ორი ტალღა გადაიკვეთება, ისინი იგრძნობენ ზეწოლას ორივე მხრიდან", — განმარტა მუსაიდმა.
როგორ მოვიქცეთ, თუკი ჭყლეტაში აღმოვჩნდებით
შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ხალხმრავალი ღონისძიებები უსაფრთხოა, მაგრამ, თუკი რაიმე არასწორად წავიდა, სჯობს, წინასწარ ვიცოდეთ, თუ როგორ მოვიქცეთ.
პირველ რიგში, აუცილებელია სიტუაციას დააკვირდეთ. თუკი მეტისმეტ სიმჭიდროვეს იგრძნობთ, სწრაფად გადადით შედარებით თავისუფალ ადგილზე. ეს თქვენც დაგიცავთ და სხვებზე ზეწოლასაც შეამცირებს. მუსაიდის თქმით, "ხალხის სულ მცირე ნაწილმაც რომ გააკეთოს ეს, სიმჭიდროვე შემცირდება და პრობლემა გადაიჭრება". თუმცა მას შემდეგ, რაც ბრბო კრიტიკულ ზღურბლს მიაღწევს, ბიძგების ტალღა შეიძლება ძალიან სწრაფად წარმოიქმნას და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დადგეს.
"თუკი ბიძგს იგრძნობთ, ნუ ეცდებით წინააღმდეგობის გაწევას; მიჰყევით მას და შეინარჩუნეთ წონასწორობა", — გვირჩევს მუსაიდი.
მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ფეხზე იდგეთ. თუკი ერთი ადამიანი დაეცემა, ეს ხალხის დაცემის ტალღას შექმნის და ქვემოთ მოქცეულები, სავარაუდოდ, გაიჭყლიტებიან ზემოთ მდგომების მიერ.
მოკრივესავით მიიჭირეთ ხელები მკერდზე, რომ სუნთქვა გაგიადვილდეთ. ტალღის ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა და დაცემა.
ნუ იბრძოლებთ ბრბოს ნაკადის წინააღმდეგ. თუკი უკან დაიხევთ, სისტემაში ზეწოლა გაიზრდება, რაც სიტუაციას გააუარესებს.
ინფორმაცია გასაღებია
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხალხმრავლობა სასიკვდილო გახდა. წინა მაგალითები მოიცავს გერმანიაში 2010 წლის სიყვარულის აღლუმს, რომლის დროსაც 18 ადამიანი დაიღუპა, და ჰიუსტონში გასულ წელს ჩატარებულ ტრევის სკოტის Astroworld (ასტროსამყაროს) ფესტივალს, რომლის განმავლობაშიც 8 ადამიანი მოკვდა.
ასეთი ღონისძიებების დროს სათანადო დაგეგმვას რისკების შემცირება შეუძლია. თუმცა სეულში მომხდარი შემთხვევა არა დაგეგმილი ღონისძიება, არამედ ქუჩაში სპონტანური თავმოყრა იყო, რისთვისაც წინასწარ მომზადება ძალიან რთულია. Reuters-ის მიხედვით, ხელისუფლება ელოდა 100 000-მდე ადამიანის თავშეყრას, მაგრამ არც კი უფიქრიათ, რომ იმაზე მეტი დაგეგმვა იქნებოდა საჭირო, ვიდრე ჰელოუინის ჩვეულებრივ დღეებშია ხოლმე.
მუსაიდის თქმით, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ურბანული ტერიტორია უფრო და უფრო შემჭიდროებული ხდება და, ამდენად, ასეთი შემთხვევები შეიძლება გახშირდეს. ამ საკითხის მარტივი მოგვარება, მისი აზრით, ხალხის ინფორმირებულობა და იმის ცოდნაა, რომ ხალხმრავლობა შეიძლება სახიფათო იყოს.
კომენტარები