Ouija-ს დაფა, რომელიც არაერთ საშინელებათა ფილმში ფიგურირებს, მაყურებელში ხშირად დიდ ინტერესსა თუ სკეპტიციზმს აღძრავს.

კერძოდ, იგი ხის სპირიტუალისტური დაფაა, რომელსაც ე.წ. სულებთან კავშირის დასამყარებლად იყენებენ ხოლმე. მასზე ანბანსა და ციფრებთან ერთად გამოსახულია სიტყვები: "კი", "არა" და "ნახვამდის".

დაფის ასამოქმედებლად მონაწილეები ხელებს ხის ისარზე აწყობენ და იქვე მყოფ "სულებს" შეკითხვას უსვამენ, საპასუხოდ კი იგი დაფაზე ისარს "ამოძრავებს" და სიტყვებს წერს.

ცხადია, ამ ყველაფრის მიზეზად პარანორმალური მოვლენები არ უნდა მოვიაზროთ, ვინაიდან ამის საფუძველს არცერთი სამეცნიერო მტკიცებულება არ გვაძლევს. სტატიაში Ouija-ს დაფების მუშაობას ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ავხსნით.

Ouija-ს ისტორია

Ouija-ს დაფას საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს. შესაძლოა, მისი დასაბამი დებ ფოქსებს უკავშირდებოდეს, მე-19 საუკუნის პოპულარულ მედიუმებს, რომლებმაც სპირიტუალისტური მოძრაობა დააარსეს.

ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ისინი ყველაზე ხშირად იყენებდნენ, ანბანის ხმამაღლა წარმოთქმა და პასუხად კაკუნისთვის დალოდება იყო. ასე ისინი სიტყვებსა და "მკვდრებისაგან" გამოგზავნილ შეტყობინებებს იღებდნენ.

მეთოდი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია, თავდაპირველად საკმაოდ დამქანცველი გახლდათ. ადამიანებს ისევე სწრაფად სურდათ "სულებთან" კონტაქტის დამყარება, როგორც ამას ტელეგრაფის მეშვეობით ახერხებდნენ ადამიანებთან. ამის გათვალისწინებით, 1890 წელს Ouija-ს დაფის შექმნა მაშინვე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

სწრაფად ატაცების მიუხედავად, მე-20 საუკუნის დასაწყისში დაფების პოპულარობა შესუსტდა, უმეტესწილად იმიტომ, რომ მათი მომხმარებელი ბევრი ცნობილი მედიუმი ტყუილში საზოგადოდ გამოააშკარავეს.

Ouija-ს დაფებმა და ზოგადად სპირიტუალიზმმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქტუალობა კვლავ სწრაფად დაიბრუნა. ფაქტია, მსგავსი საკითხების მიმართ ინტერესი 21-ე საუკუნეშიც კი არ ქრება.

როგორ მუშაობს Ouija-ს დაფა?

პირველ რიგში, უმჯობესია კითხვა შემდეგნაირად დაისვას: საერთოდაც, მუშაობს თუ არა Ouija-ს დაფა?

კითხვაზე დადებით პასუხს, როგორც წესი, მოპასუხის რწმენა განაპირობებს, თუმცა საკითხზე მეცნიერულად მსჯელობისას ამას ვერ ვიტყვით.

გასათვალისწინებელია, რომ ხშირად "ურწმუნოებიც" ჰყვებიან, როგორ გამოძრავდა ისარი დაფაზე და ისეთი სიტყვები თუ ინფორმაცია დაწერა, რომლის შესახებაც ვერცერთ მონაწილეს ვერ ეცოდინებოდა.

მაშ, რა არის ეს, თუ "საიქიოდან" "სულების" მიერ გამოგზავნილი შეტყობინებები არა?

ამის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა იდეომოტორული ეფექტია (იდეო იდეას, აზრს, აღნიშნავს, მოტორული კი — კუნთის მუშაობას), რომლის მიხედვითაც, ჩვენი მოძრაობები ჩვენივე აზრებით შეიძლება იმართებოდეს.

იდეომოტორული ეფექტი გაუცნობიერებელ მოძრაობას გულისხმობს — ანუ ადამიანი ამ დროს ვერ იაზრებს, რომ მოძრაობს. შესაბამისად, შესაძლოა, Ouija-ს დაფის გამოყენებისას ისარს გაუცნობიერებლად ამოძრავებდეთ და ისეთი რაღაც დაწეროთ, რაც მხოლოდ თქვენ თუ გეცოდინებოდათ.

ამასთანავე, ისრის მოძრაობაში წვლილი გაუცნობიერებლად სხვა მონაწილეებმაც შეიძლება შეიტანონ, რაც ასევე ხსნის, რატომ ჩანს მისი გადაადგილება დამოუკიდებელი.

შესაძლოა, ზემოხსენებულმა ეფექტმა არაერთი სხვა პარანორმალური ფენომენიც ახსნას, მათ შორის, ავტომატური წერა და "ჯადოსნური ლერწმის" მოქმედება (ეს ერთგვარი ფსევდომეცნიერებაა, რომლის ფარგლებშიც ლათინური y-ის ფორმის წვრილ ტოტებს ან მეტალის ღეროებს იყენებენ დაფლული ობიექტების ადგილმდებარეობის საპოვნელად).

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მოვლენას ხსნის, (იგი იდეომოტორულ ეფექტსაც უკავშირდება) ჩვენივე აგენტობის შეგრძნებაა — ჩვენი სუბიექტური შესაძლებლობა, ვაკონტროლოთ ქმედებები, რომლებიც გარე მოვლენებზე იქონიებს გავლენას. მაგალითისთვის, თუ მაგიდის აწევას გადაწყვეტთ, ეს მის გამოძრავებას გამოიწვევს.

უიჯის დაფებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ აგენტობის შეგრძნებით მანიპულირება შესაძლებელია, შედეგად კი ვფიქრობთ, რომ დაფას მესამე მხარე ამოძრავებს.

მიჩნეულია, რომ ეს ტვინის მხრიდან იმ საკითხებთან შეჯახებისას იჩენს თავს, რომლებიც შედეგის წინასწარმეტყველებას უკავშირდება. მაგალითად, როდესაც იგი ჩვენს პროგნოზს ემთხვევა (თუნდაც, როდესაც მაგიდას ვწევთ და იგი მოძრაობს), ვგრძნობთ, რომ მოქმედებაზე თავად ვართ პასუხისმგებელი (და ასეცაა). მეორე მხრივ, მაშინ, როცა რეალური შედეგი მოსალოდნელს არ ემთხვევა, აგენტობის შეგრძნება სუსტდება. შესაბამისად, შესაძლოა, სეანსის დროს ისრის გამოძრავება გარეგან წყაროს მივაწეროთ.

მესამე ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ემოციების გადადებაა — ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ ემოციური მოვლენების ცქერისას მღელვარება ამის თვითმხილველებსაც ედებათ ხოლმე.

შესაბამისად, როდესაც Ouija-ს დაფას სხვა ადამიანებთან ერთად ვიყენებთ, აღელვებისა და დაძაბული გარემოს გამო, შესაძლოა, სხვისი ემოციები უფრო მარტივად გადმოგვედოს. თუ მათ შიშსა და შფოთვას ავყვებით, იმასაც უფრო მეტად ვიფიქრებთ, რომ ისარი თავისით მოძრაობს.

შესაძლებელია ისიც, რომ "სულის" მიერ ისრის გამოძრავება ადამიანებს ფაქტორების კომბინაციის — იდეომოტორული ეფექტის, აგენტობის შეგრძნებით მანიპულირებისა და ემოციის გადადების — შედეგად სჯეროდეთ.

საბოლოო ჯამში, რთული სათქმელია, რომ მოვლენას მხოლოდ ეს ფაქტორები ხსნის — ლაბორატორიულ პირობებში იმ სოციალური გარემოს გამეორება, რომელშიც ადამიანები Ouija-ს დაფებს იყენებენ, თითქმის შეუძლებელია.

საგულისხმოა, რომ, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მკვდრებთან ლაპარაკის სურვილი საზოგადოებაში სოციალური თუ პოლიტიკური არეულობის დროს, როგორც წესი, იმატებს.

დღევანდელობაში ეკონომიკური კრიზისის, ომისა და დროის თანმდევი სხვა პრობლემების კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, მსგავსი საკითხების მიმართ ინტერესი სრულებით ბუნებრივი შეიძლება იყოს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ყველაფრის ასახსნელად პარანორმალური მოვლენების მოხმობა სულაც არაა საჭირო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.