ნიქო გორგილაძე — მაქვს პრინციპი, რომ არასდროს დავმალო საკუთარი თავი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
"სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან" — ამბობდა ნიქო 2018 წლის 17 მაისს, მთავრობის კანცელარიასთან, პოლიციითა და ჰომოფობებით გარშემორტყმულ აქციაზე. სწორედ ამ დროს, მასთან მოულოდნელად მივიდა უცხო ადამიანი და დაარტყა. ამის შემდეგ ნიქო რამდენჯერმე გახდა აგრესიის სამიზნე, რის შედეგადაც საცხოვრებლად გერმანიაში წავიდა. ბევრჯერ გაგვაოცა სულგრძელობით, მათ შორის, თავდამსხმელის მიმართ. ამბობს, რომ არ ნანობს და დღესაც გავიდოდა იმ აქციაზე, მაგრამ სურს, მთლიანად ამ დღით არ იყოს მოცული, ხალხს მხოლოდ ამით არ ახსოვდეს და 2018 წლის 17 მაისისგან გათავისუფლდეს, თუმცა იმასაც იაზრებს, რომ ეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ქვიარი ნიქოს ბავშვობაზე, ეკლესიაზე, რელიგიაზე, ოჯახზე, ქამინგაუთზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე და ბევრ სხვა საკითხზე ესაუბრა.
მე ვარ ნიქო გორგილაძე, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, ისტორიის სპეციალობით. მას მერე ვეძებ საკუთარ თავს.
ბავშვობა
ვიზრდებოდი ქობულეთში, ზღვაზე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველ ქვიარებთან შედარებით, პრივილეგირებული ვარ იმ მხრივ, რომ ჩემი ბავშვობა არ ყოფილა ტრავმული ორიენტაციის გამო. დამიცვა იმან, რომ ღიად არც მე გამომივლენია და არც სხვებს დაუფიქსირებიათ ჩემი იდენტობა. არ მაქვს ჩამოყალიბებული პასუხი, ეს კარგია თუ ცუდი. კარგია იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი ტრავმისგან დამიცვა, ხოლო ცუდია იმიტომ, რომ როცა ადამიანი ისე ამთავრებს სკოლას, რომ სექსუალურ იდენტობაზე არ აქვს სრულფასოვანი ცოდნა, ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განათლების სისტემის ხარვეზს, სკოლაში სექსუალური განათლების მნიშვნელობას.
ასევე, დამიცვა სტიქაროსნობამ. რაღაცნაირი პატივისცემით იყვნენ ჩემ მიმართ განწყობილი, თუმცა მგონია, რომ ეს მხოლოდ სტიქაროსნობით არ იყო განპირობებული.
არ მიყვარს, როცა ბავშვობას იხსენებენ ან ძალიან მუქ, ან ძალიან ნათელ ფერებში. იყო ტრავმული გამოცდილებებიც, რაც ქართული რეალობიდან გამომდინარე, ყველას ჰქონდა, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს არ ყოფილა იდენტობის გამო. საერთო ჯამში, საკუთარი თავი უბედური არ მახსოვს.
ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მახსენდება, როგორ ვსეირნობ ზღვაზე ბაბუასთან ერთად. ის იყო ადამიანი, რომელიც თითქმის არ ლაპარაკობდა. როცა ძალიან ვიღლები, მენატრება ის მომენტი, შენს საყვარელ ადამიანთან ერთად, ხელჩაკიდებული, უხმოდ რომ სეირნობ წინ და უკან, ზღვის სანაპიროზე.
"სამყაროს შეცნობა ეკლესიიდან დავიწყე"
ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ეკლესია დავტოვე, რადგან "ჰომოსექსუალი გავხდი". ეს ასე არ ყოფილა. პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, მანამ, სანამ დავიწყებდი ფიქრს ჩემს იდენტობაზე.
მე არ ვყოფილვარ უბრალოდ სტიქაროსანი, სამყაროს შეცნობა ეკლესიიდან დავიწყე. 10 წლის განმავლობაში ეკლესია იყო ჩემი ყოველდღიურობა. ეს იყო ჩემთვის ალტერნატიული სივრცე. ბევრ ჩემს მეგობარს ამაზე ეცინება, მაგრამ პატარა ქალაქში, სადაც არ არსებობს ის, რაც თუნდაც თბილისში, ეკლესია შეიძლება გახდეს ალტერნატიული სივრცე, თუ იქ არის სწორი ადამიანი და ასეთი სწორი ადამიანი ჩემთვის იმ დროსა და იმ ადგილას იყო ჩემი მოძღვარი. მან მე ძალიან ბევრი რამ მომცა და ვფიქრობ, რომ მეც ბევრი რამ მივეცი მას. გვქონდა ძალიან კარგი, ინტელექტუალური ურთიერთობა, ეკლესიაში 10 წელი მხოლოდ ლოცვისა და მარხვისთვის ვერ გავჩერდებოდი.
ეკლესიაში ყოფნა ჩემთვის იყო აბსოლუტური სიხარულის განცდა. 9 წლისამ დავიწყე მარხვა, მაშინ ჩავიცვი სტიქარიც. ჩემი ოჯახი იყო აბსოლუტურად არარელიგიური, ჩემი ნებით მოვინათლე. ოჯახისგან არათუ დაძალება, არამედ ხელშეწყობაც კი არ მქონია. გაკვეთილების დაწყებამდე, დილის 07:00 ვესწრებოდი წირვას, ვეზიარებოდი და მერე მივდიოდი სკოლაში.
პირველივე დღიდან ვსწავლობდი თეოლოგიას, ვიცოდი ძველქართული კითხვა. ახლაც აქ მიდევს ძველქართული სახარება ნუსხახუცურად და დღემდე ვკითხულობ. ეს ენა არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი და ნუსხახუცურად უფრო სწრაფად ვკითხულობ, ვიდრე თანამედროვე ქართულად, რადგან მთელი ეს პერიოდი მედავითნეც ვიყავი.
2013 წლის 17 მაისს არ მქონია ერთმნიშვნელოვნად გეი მეგობრული პოზიცია. ფეისბუქიც მქონდა, ინტერნეტთან წვდომაც, მაგრამ როგორი სანაცნობო წრეც გყავს რეალობაში, იგივეა ფეისბუქში და ისეთივე ინფორმაცია მოდის. ჩემ ირგვლივ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამოვიდა ადამიანთა ჯგუფი სერიოზული დაფინანსებით, გეგმით და გადაწყვიტეს გამიზნულად წაბილწონ ჩვენი შვილები, არიან შიშვლები, მამაოებს აიძულეს ძალადობა და ა.შ.
როცა ეს კადრები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ბავშვობის მეგობარ ბერთან ვიყავი სტუმრად. იქ იყვნენ სხვა ადამიანებიც ეკლესიიდან. ვხედავთ, რომ მღვდლები, სტიქაროსნები გავეშებული სახეებით დაერივნენ აქტივისტებს. ვიკითხე, მიაჩნდათ თუ არა ეს ნორმალურად და მახსოვს, ყველამ თქვა, რომ ძალადობა არ არის სწორი. თავისთავად, არც ის იყო სწორი, რომ სასულიერო პირები რუსთაველზე გავიდნენ, მაგრამ მაშინ მე არ მქონდა არანაირი ინფორმაცია, გარდა იმისა, რასაც წერდნენ სასულიერო პირები, მსგავსი შინაარსის ფეისბუქ გვერდები. ასეთი მოსაზრებაც არსებობდა, რომ ზოგი სასულიერო პირი გასაშველებლადაც იყო მისული.
მეც ვიყავი მათ შორის, ვინც ამბობდა, რომ ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ. ჩემი პოზიცია იყო, რომ "ძალადობას არ ვემხრობი, მაგრამ გარეთ ნუ გამოდიან".
შემდეგ იყო ასეთი შემთხვევა — ერთ-ერთი სტიქაროსანი სკაიპში საუბრისას გამომიტყდა, რომ გეია. ყველა მოვლენას, რაც ხდებოდა ჩემ ირგვლივ, ვუყურებდი სახარებიდან. მქონდა აღქმა, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ეს არის ღვთის ნება. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საერთოდ უცნობი იყო ჩემთვის ლიბერალური თეორია, ჩემთვის ღმერთი იყო არა ერთი ტიპი, რომელიც არის მკაცრი, არამედ აბსოლუტური სიყვარული, რომელსაც უყვარს ყველა. შესაბამისად, როცა ამ ბიჭმა მითხრა, რომ ასეთი დაიბადა, გამიჩნდა კითხვები — თუ ბიბლია ამბობს, რომ ჰომოსექსუალი მოხვდება ჯოჯოხეთში, მაშინ ღმერთმა რატომ გააჩინა იგი ასეთად? ამ დროიდან დავიწყე ლიტერატურის მოძიება, ჯერ თეოლოგიური, მერე სამედიცინო. ოღონდ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ გეი ვარ…
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დროს მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა სასულიერო აკადემიაში ჩაბარება და მონასტერში წასვლა, სახლშიც მქონდა ნათქვამი, რომ დაოჯახებას არ ვაპირებდი. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ ჩემი სექსუალობა მქონდა ძალიან ჩაწიხლული, დაკონსერვებული.
მერე თბილისში წავედი სასწავლებლად. ჯერ კიდევ სტიქაროსანი ვიყავი, უბრალოდ, უკვე მქონდა განსხვავებები ოფიციალურ ეკლესიასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ილია მეორე და საპატრიარქო არასოდეს აკეთებდნენ ძალადობრივ განცხადებებს, პირიქით, ოფიციალურად ემიჯნებოდნენ. ჩემამდე მოდიოდა მხოლოდ ეს ინფორმაცია. თბილისში გავიგე, რომ იმ ჯგუფების უკან სწორედ საპატრიარქო დგას. ქობულეთში ყოფნისას ვფიქრობდი, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, ეს კეთილი კაცი რა დღეში ჩააგდეს, რამდენს უნდა გაუმკლავდეს, როცა ბოროტი მღვდლები სჩადიან რაღაცებს, რაც პატრიარქს არ უნდა; რომ პატრიარქს რომ სცოდნოდა, ამას არ დაუშვებდა და ა.შ. ასეთი გულუბრყვილო ვიყავი.
მეც მქონდა ჰომოფობიური მოსაზრებები, მეც იმ კულტურის ნაწილი ვარ და თავისთავად ცხადია, როცა კულტურა არის ჰომოფობიური, მიუხედავად იმისა, გეი ხარ თუ არა, შენშიც არის ყველა ეს სიმახინჯე, მიზოგინია იქნება ეს თუ ჰომოფობია. თუმცა ეს აგრესიული, ძალადობრივი ჰომოფობია ჩემში არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რა ვიცოდი ამ იდენტობის შესახებ.
უნივერსიტეტამდე ჩემი სივრცე იყო ჩაკეტილი, შემდეგ გაიხსნა, სხვადასხვა ადამიანი შემოვიდა და შევძელი, გავცნობოდი ბევრ სხვადასხვა მოსაზრებას. უგონო და და სულელი არასდროს ვყოფილვარ, რომ ვერ შემძლებოდა ამ სხვადასხვა მოსაზრებებს შორის თავად გამომეტანა დასკვნა, როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდა. რა პოზიციაც ჩამომიყალიბდა, რადიკალურად განსხვავდებოდა ეკლესიის ოფიციალური პოზიციისგან.
მანამდე სულ მქონდა განცდა, რომ პატრიარქი არის პროევროპელი კაცი, სულ ვაზიარებდი მის განცხადებებს. ჩემსა და მრევლს შორის დაპირისპირება პირველად მოხდა სპირიდონის განცხადების შემდეგ, რომელმაც უკრაინაში 2014 წელს რუსეთის შესვლის შემდეგ, 2015 წელს თქვა, რომ უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთი სახელმწიფო უნდა გახდეს და მრევლს ამისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. გავაზიარე ეს განცხადება და დავაწერე, *ლე ხარ-მეთქი. ამ დროს ჯერ კიდევ სტიქაროსანი ვიყავი. ქობულეთში რომ ჩავედი, ტაძარში ჩვეულებრივად მივედი, არც მიფიქრია, რომ რამე ისეთი გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა. გამოვარდა ერთი სტიქაროსანი და მითხრა, გაეთრიე ტაძრიდან, შე ბოკერიაო, შე ბენდუქიძეო. მესამეც ახსენა, მგონი სოროსი. ფაქტობრივად, წირვა ჩაიშალა, მღვდელი გამოვიდა და თქვა, ორივემ დატოვეთ ეკლესიაო. მე ვთქვი, რომ არ წავიდოდი, რადგან მათთან კი არა, ღმერთთან ვიყავი მისული და ვისაც არ მოსწონს, შეუძლია თავად დატოვოს ეკლესია-მეთქი.
ისე წამოვედი ეკლესიიდან, რომ ჩემს მოძღვარს არ უთქვამს, სტიქარი გაიხადეო. ერთხელ, დამიკავშირდა და შემომთავაზა, ფერიის დედათა მონასტერში წავიდეთო. იქ წირვა უნდა ჩაეტარებინა ღამისთევით. ურთიერთობა უკვე მეტ-ნაკლებად გაციებული იყო, ძალიან ბევრი განსხვავება იყო უკვე ჩვენს შორის, თუმცა ძალიან დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვიყავი განწყობილი. მომაკითხა მანქანით მგალობლებთან ერთად. ამ დროს მე მიკეთია პირსინგი. ალბათ ყველას ეგონა, რომ მოვიხსნიდი და ისე წავიდოდი. ცხადია, ასე არ მოხდა. მე თუ ქობულეთში მოვიხსნიდი პირსინგს, მაშინ აღარც თბილისში გავიკეთებდი. ჩავჯექი მანქანაში და წინა შუქი რომ აინთო, ამ ჩემმა ვერცხლისფერმა პირსინგმა გადაანათა ფერიცვალებასავით.
მე მგონი ასეთი შემთხვევა არც ყოფილა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომ სტიქარით და პირსინგით იდგა ადამიანი ღამისთევის წირვაზე. მონაზვნები მიყურებდნენ გაოცებულები, მაგრამ ხმას არავინ იღებდა, რადგან ამ სისტემაში კაცი, მოძღვარია უპირატესი და მერე მოდის ქალი. ჩემს მოძღვარს საერთოდ არაფერი უთქვამს.
ოფიციალურად სტიქარი გავიხადე 2016 წელს. აღდგომის წირვა ერთი საათის დაწყებული იყო, როცა მივხვდი, რომ იქ შეკრებილ ადამიანებთან არაფერი მაკავშირებდა. ქრისტე ამბობს, 2 და 3 ადამიანი რომ შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარო. ანუ ამ ადამიანებს ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეთ სიყვარული, უნდა იყვნენ ერთნი.
გავიხადე სტიქარი და წამოვედი. არავის არაფერი უთქვამს, ასეთ დროს იქ ისეა ყველა ყველაფერში ჩართული, რომ ყურადღებას ვერც მოგაქცევენ. გამოვედი გარეთ, იყო ღამე და ღმერთთან თანაგანცდა ვიგრძენი იქ, აბსოლუტურად მარტომ, ყველანაირი შენობის გარეშე.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მრევლში ყოფნა ჩემთვის არ ყოფილა ცალსახად ნეგატიური გამოცდილება. თავისთავად ცხადია, ქრისტიანობიდან უამრავი სიკეთის მიღება და შემეცნებაა შესაძლებელი და ასეც მოხდა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გამონაკლისი, რადგან, კარგად ვხედავთ, არათუ რიგითი მრევლისა თუ მღვდლის, სინოდის დონეზეც კი, ხალხი ეკლესიას შეაბერდა ისე რომ, ნაძირლობისა და კრიმინალის მეტი არაფერი უკეთებია. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი, სხვებისთვის მორალის კითხვის პარალელურად ხდება.
დღეს უკვე მე ვარ საკუთარი თავის ღმერთი, არ მჯერა მარადიული ცხოვრების. რაღაც ეტაპის შემდეგ, როცა ამ ორგანიზაციულ რელიგიას გავემიჯნე, ჩემთვის ღმერთები გახდნენ ის კარგი ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობდი, რა როლი ჰქონდა ჩემს ცხოვრებაში ბიბლიურ ღმერთს, რისიც მანამდე მწამდა. მივხვდი, რომ არანაირი და ამის საჭიროება არ მქონდა, აბსოლუტურად თვითკმარი ვიყავი. ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონია, ღმერთი საჭიროა მორალისთვის ან იმისთვის, რომ თავი მოთოკოს. მე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მაქვს ჩემი მორალი, კარგად ვიცი რა არის ჩემთვის მისაღები და მიუღებელი, კარგი და ცუდი. ამისთვის არც არასდროს მჭირდებოდა ღმერთი და არც ახლა მჭირდება. ვერც იმის მტკიცების საჭიროებას ვხედავ, რომ რადგან რელიგიური არ ვარ, არ ნიშნავს, რომ კარგი არ ვარ.
ჩემთვის ეკლესია, როგორც სისტემა ადრე იყო მშვიდობის, უსაფრთხოების და ეროვნულობის საერთო გარანტი და ახლა არის პროგრესის, თავისუფლების, სახელმწიფოებრიობის და მომავლის პირველი მტერი საქართველოში, საპატრიარქო კი კრემლის მთავარი კანტორა საქართველოში.
პირველი სიყვარული და ქამინგაუთი
სტუდენტობამდე მე ჩემი იდენტობა არ მიპოვია, თუმცა ის, რომ ჩემი სექსუალობა გვიან ასაკში აღმოვაჩინე, ნორმალური არ არის. მაგრამ როგორც მოხდა, იმით უკმაყოფილო არ ვარ, რადგან როცა ჩემი თავი ვიპოვე, არც ერთი წამით არ მქონია ან საკუთარი თავის მიუღებლობა, ან დეპრესია. ვიყავი უბედნიერესი, როცა პასუხი გავეცი საკუთარ თავს.
რა თქმა უნდა, ღრმა ბავშვობიდან ვგრძნობდი მიზიდულობას ბიჭების მიმართ, მაგრამ ვერ ვხსნიდი, ეს რა იყო. როცა დაბალ კლასებში მეკითხებოდნენ, ვინ იყო ჩემი შეყვარებული, ყოველთვის გოგოს სახელს ვპასუხობდი, ოღონდ მართლა ასე ვფიქრობდი, რადგან სხვა მოდელი არ არსებობდა — კულტურა გეუბნება, რომ ბიჭი ხარ და უნდა გიყვარდეს გოგო.
უკვე სტუდენტი ვიყავი, როცა ქობულეთიდან თბილისისკენ მიმავალ მატარებელში შევხვდი ბიჭს, რომელსაც როგორც კი შევხედე, რაღაცნაირად ვიგრძენი თავი. დავინტერესდი ამ ადამიანით, მაგრამ მივხვდი, რომ ეს იყო ისეთი ინტერესი, რომელიც აქამდე არავის მიმართ არ მქონია. მომინდა, მისთვის მეკოცნა. ეს იყო პირველი დადასტურება საკუთარ თავთან, რომ ბიჭები მომწონს.
როცა თბილისში ჩავედი, ძალიან ბედნიერი მივედი ბინაში, სადაც მეგობრებთან ერთად ვცხოვრობდი და პირველად დავქამინგაუთდი მათთან, ვუთხარი, რომ ვარ გეი. მათ ჰქონდათ ძალიან ადეკვატური რეაქცია, რამაც, პრინციპში, შემიქმნა ძალიან არასწორი წარმოდგენა, თითქოს მთელი სამყარო ასე შეხვდებოდა ჩემს ბედნიერებას. მაგრამ ამის შემდეგ ძალიან, ძალიან ბევრი ბრძოლა დამჭირდა და მოხდა ისე, რომ ფაქტობრივად, მთელი ჩემი გარემოცვა შეიცვალა. ამას მაშინ აღვიქვამდი ტრაგედიად, თორემ ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ყველაფერი ლოგიკურად მოხდა.
რეალობაში არ ხდება დასავლური ფილმების მსგავსად: "დედა, მამა, მე გეი ვარ" და მერე ჩახუტება. როცა მეკითხებიან, ყოველთვის ვურჩევ ხოლმე, რომ სანამ არ იქნებიან მზად მენტალურად, ასევე, ფინანსურად იმისთვის, რომ ოჯახის გარეშე შეძლონ ცხოვრება, მანამ პრაგმატული თვალსაზრისით ქამინგაუთი არ იქნება სწორი, რადგან სამწუხაროდ, ხშირია, რომ დროებით მაინც უწევთ სახლის დატოვება. თუმცა ქამინგაუთი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, ამოსუნთქვასავითაა და დიდი ტვირთი გეხსნება. მე მესმის ყველასი, ვისაც ეს უნდა. მით უმეტეს, გინდა, რომ შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებთან გააკეთო ეს. გარდა ამისა, გინდა ერთგვარად გადაამოწმო — როცა გეუბნებიან, რომ უყვარხარ, მართლა უყვარხარ? მე ვფიქრობდი, რომ ვისაც მართლა ვუყვარვარ, დარჩება ჩემთან და თუ ადამიანს არ ვუყვარდი, რატომ უნდა დამწყდეს გული, თუკი ჩემი ცხოვრებიდან წავა? ჩემს ცხოვრებაში ასეც მოხდა. ბოლო პერიოდში რამდენიმე მეგობარი დაბრუნდა და არასდროს მითქვამს უარი მათ მიღებაზე.
არასდროს დამიმალავს ჩემი ორიენტაცია. ყოველთვის, როცა მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი სიმართლეს, მათ შორის, ძალიან საშიშ მომენტებში. მქონდა და დღემდე მაქვს პრინციპი, რომ არასდროს დავმალო საკუთარი თავი. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, რაც შეიძლება საკუთარი თავისთვის მიმეყენებინა, იქნებოდა ის, რომ უარმეყო ის.
მინდა ვუთხრა ქვიარებს, რომ არ არსებობს არც ერთი სიტუაცია, საიდანაც გამოსავალი არ არის. იპოვონ ადამიანი, ვისთანაც კომფორტულად იქნებიან. თუ ასეთი ირგვლივ არავინ ჰყავთ, აუცილებლად შეიცვალონ მეგობრები, ალტერნატიული სივრცეები იპოვონ და ქამინგაუთიც დაიწყონ პატარ-პატარა ნაბიჯებით.
ოჯახი
ოჯახთან მქონდა დამოკიდებულება, რომ თუ მკითხავდნენ, ვეტყოდი. ვფიქრობდი, რომ ეშინოდათ ამ შეკითხვის დასმის და როცა მზად იქნებოდნენ, მერე ვუპასუხებდი. მე მგონია, რომ მშობელმა ყოველთვის იცის ამის შესახებ, მით უმეტეს, როცა არ მალავ.
რეალურად, ოჯახთან ქამინგაუთი ორჯერ გამომივიდა, ორივეჯერ საჯაროდ — 2018 წლის 17 მაისის აქციაზე და გოგი გვახარიას გადაცემაში. თუმცა მაშინაც, 2018 წელს, ჩემებმა ეს არ მიიღეს, როგორც ქამინგაუთი. ყველა მედიაში მომიხსენიებდნენ, როგორც ქვიარ აქტივისტს, გეი აქტივისტს, მაგრამ ისინი თავს იკატუნებდნენ. დღემდე ასეა. მამაჩემს რამდენჯერ უკითხავს, გერმანელ გოგოს მოვიყვან ცოლად თუ ქართველს. უკვე მეცინება, აღარ მინდა ამაზე კამათი, თან როცა შორს ვარ, განსაკუთრებით ვუფრთხილდები ურთიერთობებს.
მგონი, გიორგი კიკონიშვილს ეწერა, რომ ქართველ მშობელს ყოველ ჯერზე თავიდან უნდა უთხრა გეი რომ ხარ, რადგან სულ აქვს განცდა, რომ შეიძლება "გადაგევდი".
დედაჩემი ისე ჩამოვიდა გერმანიაში, რომ ჩვენ ამაზე ნალაპარაკევი არ გვქონდა. ვუთხარი, რომ იქნებოდა გოგი გვახარიას გადაცემა ჩემ შესახებ. ცოტა დაიძაბა, რად გინდა, ყველა უნდა ალაპარაკოო და ა.შ. როცა ეს გადაცემა გამოქვეყნდა, ჩვეულებრივად გავაზიარე ფეისბუქზე, მისთვის აღარაფერი მითქვამს. ვიცოდი, რომ ნახავდა, მაგრამ დიდხანს არ გამოჩნდა და ავღელდი, თან ვბრაზდებოდი, როგორ შეიძლება რეაქცია არ ჰქონოდა, თუნდაც ცუდი. ამ დროს ვიდეოზე ვხედავ მის საჯარო კომენტარს: "როგორიც ხარ, ისეთი მიყვარხარ".
ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. მიუხედავად ყველაფრისა, ასეთ კომენტარს მაინც არ ველოდი. ჩემი ნებისმიერი ქვიარ მხარდამჭერი ნაცნობისგან, თუნდაც რომელიმე ყოფილიყო დედაჩემი, ეს სიტყვები არ იქნებოდა ასეთი ღირებული, რადგან მათთვის ეს არის ჩვეულებრივი რეაქცია. მაგრამ დედაჩემმა, რომელსაც ამის გამოცდილება არ ჰქონია, რომელსაც უმაღლესი განათლებაც კი არ აქვს, რომელსაც რეალურად არ აქვს ეს ღირებულებები, მისი სივრცისთვის ეს უცხოა, მაინც შეძლო ამის თქმა. ეს არის ჩემთვის უპირობო სიყვარული, რაც ძალიან ემოციურია.
მან ბოლომდე იბრძოლა ჩემთვის, ისე, რომ ამის შესახებ არაფერი მოუყოლია. სხვებისგან ვიგებდი, რომ ვიღაცასთან აღარ მეგობრობს, ვიღაცას ეკამათა, რაღაც გადაიტანა.
ამ თემაზე ერთმანეთთან არასდროს გვისაუბრია. ამ ეტაპზე ვერც ვგრძნობ ამის საჭიროებას. შეიძლება ეს თავდაცვის მექანიზმიცაა, რომ არ მინდა, მათგან მოვისმინო ისეთ მოსაზრებები, რომლებიც არ მომეწონება.
გარდა ამისა, არ მინდა, რომ დედაჩემი იყოს მოცული მხოლოდ ჩემით. მან იმაზე მეტი გააკეთა ჩემთვის, ვიდრე ველოდი და პირიქით, მინდა, რომ არ დავტვირთო ჩემით. ისედაც ქართველი ქალები მუდმივად ცხოვრობენ შვილების ცხოვრებით, მინიმუმ, ის თაობა, რომელზეც ახლა ვსაუბრობ. მე უკვე 26 წლის ვარ, არასრულწლოვანი აღარ ვარ. დედას კიდევ ჰყავს ჩემი უმცროსი ძმა, ლუკა. თვითონაც იმ ასაკშია, რომ მინდა მაქსიმალური დრო დაუთმოს იმას, რაც, მათ შორის, ჩემ გამო შეეზღუდა. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს არასწორია, მაგრამ ჩემთვის ასეა კომფორტული და მგონია, რომ დედაჩემისთვისაც. მისთვის მე აბსოლუტურად მისაღები ვარ.
მყავს უფროსი ძმაც. ზოგადად, მირჩევნია, მასზე არ ვილაპარაკო. როცა ეს ამბები მოხდა, 2018 წელს, ნათესავები ჩემთან კომუნიკაციას ვერ ბედავდნენ და ძირითადი წნეხი გადავიდა მასზე, მათ შორის, "ბირჟაზე" ეუბნებოდნენ: "უფროსმა ძმამ ხო უნდა მიხედოს თავის პატარა ძმას, ძმაო" და ა.შ. ახლაც არ მინდა სადმე რაიმე ფორმით ვახსენო — მე ვიცნობ ამ ხალხს და ძალიან კარგად, ვიცი, რომ რამეს მისწერენ.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს, ბავშვობიდან ძალიან განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან და გვქონდა არა ცუდი, მაგრამ დისტანცირებული ურთიერთობა. იდენტობის გამო მისგან არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა. 2018 წლის 17 მაისის მერე მკითხა, რად მინდოდა ეს და მომიყვა, რა გადახდა ჩემს ოჯახს, რადგან ისინი არ მიყვებოდნენ. იმ დღის შემდეგ ამ თემაზე არ გვილაპარაკია არც ერთხელ. ურთიერთობა მაქვს ჩვეულებრივად, როცა ვრეკავ ოჯახში, მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ალბათ დაძაბული ურთიერთობა მექნებოდა ოჯახთან. ვიაზრებ, რომ დისტანციამ ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა, დაფიქრების უფრო მეტი საშუალება გაქვს.
სულ ვცდილობ, ჩემები მაქსიმალურად დავიცვა ამ თემისგან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გერმანიაში ვარ, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად აღარ შემეძლო საქართველოში ყოფნა და იძულებული გავხდი, ისიც არის, რომ მინდა მე ჩემი ცხოვრება მქონდეს და ჩემი ოჯახის წევრებს თავიანთი. ეს საქართველოში თითქმის შეუძლებელია.
გეების ძალიან დიდი ნაწილი იტანჯება დანაშაულის გრძნობით, მათ მენტალური პრობლემები ეწყებათ ამის გამო. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ოჯახები ბოროტად სარგებლობენ ამით და ყველანაირ თავისუფლებას უზღუდავენ. მე ამ მხრივაც პრივილეგირებული ვარ, ოჯახის შიგნით ძალადობა, წნეხი, ჩაგვრა არ გამომიცდია.
ქვიარებს მინდა ვუთხრა, არასოდეს საკუთარი თავი არ დაადანაშაულონ. იცხოვრონ, დატკბნენ თავისუფლებით და არავის, მათ შორის არც ოჯახის გამო საკუთარ ცხოვრებაზე უარი არ თქვან. ამავდროულად, შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს გამოვთქვამ, მაგრამ მნიშვნელოვანია ქვიარებმაც სცადონ გაუგონ მშობლებს საერთო კონტექსტში — ძალიან ბევრი მიზეზია, კულტურული, ფინანსური, რელიგიური და უამრავი სხვა, რის გამოც ისინი ვერ უგებენ შვილებს. მიუხედავად ყველაფრისა, არასდროს არ უნდა იფიქრონ, რომ მშობლებს ისინი არ უყვართ. მე მგონია, რომ იმ სიტყვებს მათი მშობლების პირით ამბობს პატრიარქატი, სისტემა, მთელი ეს მახინჯი კულტურა და არა მათი დედა ან მამა. საბედნიეროდ, მე ასეთი სიტყვები არ გამიგია, მაგრამ ბევრ ადამიანს მოუსმენია და ვიცი, რომ რთულია მათ ახლა ჩემი ნათქვამი მიიღონ.
ზოგჯერ ძალიან უხერხულად ვგრძნობდი ხოლმე თავს, როცა დედაჩემზე პოსტებს ვწერდი, რადგან ამის კომფორტი ძალიან ბევრ გეის არ აქვს. ცოტა ხნის წინ მეგობარი მეუბნებოდა, რომ დედასთან ურთიერთობა ბავშვობის მერე არ ჰქონია. უცხოეთში ცხოვრობს, ყველაფერი აქვს, რაც სურს, მაგრამ მითხრა, ჩემი ოცნებაა, ერთხელ მაინც მოვისმინო დედაჩემის იავნანა და ჩამეხუტოს, ყველაფერს ვაპატიებ და ძალიან ბედნიერი ვიქნებოდიო…
საზოგადოება და მეგობრები
ქვიარისთვის მთავარი წნეხი არის საზოგადოების მიერ ოჯახზე დარტყმა, რადგან ადამიანი საკუთარი თავის გარდა, და ხშირად, პირველ რიგშიც, ფიქრობს ოჯახზე. წნეხი სამეზობლოსგან, ნათესავებისგან, ჭორები, მათ შორის, ძალიან პრიმიტიული. ეს ჯანმრთელობაზეც აისახება. მაგალითად, დედაჩემს საცრემლე აპკი დაუზიანდა, მე ეს ძალიან გვიან გავიგე. მამაჩემს სამსახურში ეუბნებოდნენ, რომ მის ადგილას მომკლავდნენ, რომ ფსიქიატრიულში დამაწვენდნენ და ა.შ., რის შედეგადაც ის ცუდად გახდა. საქართველოში ხომ სამსახური ერთგვარად ოჯახიც არის, ძალიან ბევრ დროს ატარებ თანამშრომლებთან და წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები, ფაქტობრივად შენი ოჯახის წევრები, ამას გეუბნებიან.
საქართველოში ქვიარებს არ აძლევენ უფლებას, აღიქმებოდნენ ოჯახისგან დამოუკიდებლად. მუდმივად ხარ ოჯახის სირცხვილი, რომელსაც ვერც ოჯახი ჩამოიწმენდს და შენ ხომ თავისთავად მთელი ცხოვრება "სირცხვილჩამოუწმენდავი" დადიხარ. შენი ნებისმიერი გამოჩენა იქნება პრობლემა ოჯახისთვის. მე არსად ვაპირებდი წასვლას 2018 წლის 17 მაისის შემდეგ. ყველას კატეგორიულად ვეუბნებოდი: რამდენი მილიონიც ხართ, თქვენ მოგიწევთ წასვლა, მაგრამ მე არასდროს წავალ, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიცხოვრებ აქ. დღემდე ყელში მეჩხირება ეს სიტყვები, ძალიან მჯეროდა ამის…
17 მაისის შემდეგ ქობულეთში პირველად რომ ჩავედი, ვიყავი ჩვეულებრივად, არანაირ დაძაბულობას არ ვგრძნობდი, რადგან ჩემებს არაფერი უთქვამთ. ამ დროს მე მჭირდებოდა როგორც 17 მაისის ძალადობის ტრავმის გადალახვა, ასევე, შემდგომი ორი ძალადობის, როცა ჯგუფურად დამესხნენ თავს და ტრანსპორტიდან ჩამომაგდეს. ამის გადალახვაზე უნდა მემუშავა თუ ახალ ამებებზე, რომელიც მოჰყვა ამ ყველაფერს? ჩემი პატარა ძმა უკვე სპორტზე დადიოდა, ასევე, იმავე სკოლაში სწავლობდა, სადაც მე და დირექტორს უთქვამს, რომ მე შევარცხვინე ოჯახი. მე არ გავქცეულვარ, მზად ვიყავი იმისთვის, რომ გავმკლავებოდი ყველა გამოწვევას საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ჩემზე და არა ჩემს ოჯახზე, ჩემს უმცროს ძმაზე.
საზოგადოებისგან წნეხი დღემდე იქნება, დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, ამაზე ჩემები არ მიყვებიან. ჩვენი საზოგადოება ისეთია, რომ არ გამოტოვებს შანსს, პირდაპირ თუ ირიბად რამე არ წამოგაძახოს. დღემდე, სამარშრუტო ტაქსიში, იმდენ ხალხში შეიძლება ჰკითხონ დედაჩემს, "რამ შეშალა შენი შვილი, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი?!" და ა.შ. ამ დროს დედა ჩემს უმცროს ძმასთან ერთადაა.
მე წამოვედი, ამხელა მანძილით ვარ დაშორებული და ჩემები მაინც ვერ ახერხებენ, იცხოვრონ ჩემი ამბის გარეშე.
საქართველოში ჰომოსექსუალი ადამიანი უნდა აკონტროლებდეს თავის ყველა ქცევას. პარტნიორს ხელი ვერ უნდა ჩაკიდო, დამშვიდობებისას ვერ უნდა აკოცო და ა.შ. ვიღაცები ლაპარაკობენ მხოლოდ სიცოცხლის უფლებაზე, სამსახურზე, მაგრამ ადამიანის ჯანსაღი სოციალიზაციის განვითარებისთვის და ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს გამოხატავდეს.
ყოფილა სიტუაცია, როცა ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე მარტო წავსულვარ და მაინც ჩემთვის ერთ-ერთი დიდი წნეხი იყო ის, რომ დალევის შემდეგ იწყებოდა ღლიცინი, თითქოს უწყინარი ხუმრობები, რომლებიც საბოლოოდ არის ჰომოფობიური. რატომღაც ადამიანებს ჰომოფობია მხოლოდ ძალადობა ჰგონიათ. ამ დროს შენ არ იცი რა გააკეთო, ორმაგი წნეხის ქვეშ ხარ — რომ შეეკამათო (და აუცილებლად უნდა შეეკამათო, რადგან შენი ღირსების საკითხია), გამოდის, რომ დაბადების დღის ზეიმის განწყობას აფუჭებ და არ გინდა ასეთი ტიპი იყო ან უნდა ითმინო, როგორ გლანძღავენ, როგორ გაყენებენ შეურაცხყოფას და არა, ეს არ არის ხუმრობა. ამ დროს კი მეგობრები გეუბნებიან: "კაი, რა გჭირს, ნიქო, ხო იცი, რომ ჩემს დაბადების დღეზე ჰომოფობიას არ მოვითმენ?!". მე მასწავლის, რა არის ჰომოფობია.
გეების მთელი ცხოვრება საქართველოში არის ასეთი, რომ სულ უნდა იფიქრო იმაზე, სხვამ ცუდად არ იგრძნოს თავი. და სად ხარ ამ დროს შენ? როგორც კი ერთხელ მაინც იტყვი, რომ შენც იქ ხარ, ეს ითვლება ეგოიზმად და რომ ამის დრო არ არის. და როდის არის ამის დრო? ვუყურებ საშუალო ასაკის ქვიარებს და მათი დრო არასდროს დადგა.
მე არ მომწონს, რომ ქვიარებს ძირითადად ჰყავთ ქვიარ მეგობრები. მაგრამ ეს ზუსტად ამ მიზეზების გამო ხდება. ყოველთვის ვცდილობდი, შევბრძოლებოდი ამას, მინდოდა ვყოფილიყავი არა გამოყოფილი, არამედ საზოგადოების ნაწილი. მაგრამ მერე უკვე ხვდები, რომ იღლები ამ ბრძოლით, ადამიანი არ მინდა ცხოვრობდეს ისეთ გარემოში, სადაც სულ უწევს ბრძოლა. ადეკვატური სამეგობრო იმიტომ გჭირდება, რომ მათთან მაინც არ გიწევდეს მუდმივი ახსნის რეჟიმში ყოფნა.
შეურაცხყოფას ვინც მაყენებდა, ვინც თავს დამესხა, ისინი ნაკლებად მახსოვს. მახსოვს ის ადამიანები, ვისაც რაღაც უნდა ეთქვა და არ მითხრა. მქონდა განცდა, რომ ვიმსახურებდი ამ თქმას…
ბევრი ადამიანი წავიდა ჩემგან ორიენტაციის გამო. მაგრამ იმდენად მარტივად და მალე ვივიწყებ წყენას და ცუდ მომენტებს, რომ ყოველთვის მიჭირს გახსენება, რის გამო მიჩხუბია ან მიკამათია. გარდა ამისა, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო დროს გავხდი ძალიან სენსიტიური და მაინც არ მინდა მათ გული ვატკინო. ვხვდები, რომ იმათაც რაღაცნაირად ბევრი მიზეზი ჰქონდათ. ეს მათ არ ამართლებს, მაგრამ მაინც.
მქონდა პერიოდი, როცა საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, მათ შორის, ოჯახის დაზარალებაში. მერე მივედი იმ დასკვნამდე, რომ დამნაშავე იყო საზოგადოება და რომ მე მაქვს სრული უფლება, ვიცხოვრო. ჩემი ერთადერთი დანაშაული იყო ის, რომ ვცხოვრობ და არ შეიძლება სიცოცხლის უფლება იყოს დანაშაული.
წასვლა და მატარებლის ფანჯრიდან დანახული ზღვა
მახსოვს ქობულეთიდან წამოსვლა და ფანჯრიდან დანახული ზღვა. სპეციალურად ისე გავაკეთე, რომ რამდენიმე დღით ადრე ჩავსულიყავი თბილისში. ირგვლივ სრული სიგიჟე ხდებოდა და მინდოდა ცოტა ხნით მარტო ვყოფილიყავი. მინდოდა მევლო იმ ადგილებში, რომლებიც მიყვარდა და კარგა ხანს ვერ ვნახავდი. თუმცა არ ვიცოდი, რომ ამდენ ხანს ვერ ვნახავდი.
წასვლის პირველი მიზეზი იყო ფიზიკური უსაფრთხოება. ორი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და სახელმწიფომ არაფერი გააკეთა ჩემს დასაცავად. ხოლო მეორე მიზეზი იყოს ის, რომ გავიაზრე, უკვე არამხოლოდ მე მექმნებოდა პრობლემა, არამედ ჩემს ოჯახსაც.
ჩემებმა ქობულეთიდან გამაცილეს. მაშინ დედაჩემი პირველად ვნახე ატირებული. ასეთი უსუსური არასდროს მინახავს და ეს იყო ძალიან მძიმე… როცა მატარებელში ჩავჯექი, ძალიან ბევრი ვიტირე. გაბრაზებული ვიყავი ჩემს ქვეყანაზე, მიმაჩნდა, რომ არ ვიმსახურებდი ასეთ მოპყრობას. ქობულეთს რომ გავცდი, მაშინ გავიაზრე, რომ ქვეყანა იძულებულს მხდიდა, წავსულიყავი. ამასთან შეგუება იყო ძალიან რთული — ბავშვობიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ძლიერი ვარ. მქონდა განცდაც, რომ დავმარცხდი და იმათ გაიმარჯვეს.
პირველად მივდიოდი საზღვარგარეთ, თვითმფრინავშიც პირველად ვიჯექი. წავედი სრულიად უცხო გარემოში, სრულიად მარტო. ამან ძალიან გამზარდა, საქართველოში ალბათ იმავეს ვერ მოვახერხებდი, ბევრი მიზეზის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ აქ ცხოვრებას ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს, ყოველთვის მაქვს უსამართლობის განცდა, რომ აქ ნებით არ ჩამოვსულვარ, რომ ჩემი ქვეყანა სხვაგანაა. იშვიათად, მაგრამ მქონია შეგრძნებაც, რომ ვერ შევძელი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში სულ მეწინააღმდეგებიან. მაგრამ როცა ვფიქრობ, როგორი ვიქნებოდი, რომ არ წამოვსულიყავი, საერთოდ შევძლებდი კი, რამე გამეკეთებინა? მგონია, რომ წამოსვლით საკუთარ თავსაც და ოჯახსაც სწორად მოვექეცი.
ემიგრაცია
როცა საქართველოდან წამოვედი, არ იგეგმებოდა ბანაკში ჩემი ცხოვრება, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა. არ ვიყავი ამისთვის მზად. ამ გადასახედიდან ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გაუსაძლისი პირობები იყო, მაგრამ ჩემთვის შეგუება მძიმე აღმოჩნდა. უცებ მოვხვდი ამდენ უცხო ადამიანთან, ენა არ ვიცოდი. გარდა ამისა, იქ იყვნენ ქართველები, რომლებიც ჩემდამი მტრულად იყვნენ განწყობილნი და ვიღაცები ამიმხედრეს. ვერ ვეჩვეოდი საკვებს, საერთო საპირფარეშოებს. ახლა მეცინება, მაგრამ სამრეცხაოში ტანსაცმლის მიტანა დამაგვიანდა და არ დამატოვებინეს, კიდევ ერთი კვირა უნდა დავლოდებოდი და ამაზე მაშინ ძალიან ბევრი ვიტირე.
მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მეტირებოდა, რომ ამ ჩემთვის ძალიან რთულ პირობებშიც კი ერთი წამით არ ვფიქრობდი უკან დაბრუნებაზე. ძალიან ემოციური გამოდგა იმაზე ფიქრი, რომ საიდან უნდა მოდიოდე ადამიანი, რა პირობებიდან და რა გამოცდილებით, რომ გირჩევნია ამ რთულ ახალ გარემოს გაუმკლავდე, ვიდრე შენს ქვეყანაში წასვლაზე იფიქრო… მეგონა ამ თემებზე უკვე შემეძლო ემოციის გარეშე საუბარი, მაგრამ მაინც ემოციური გამოდგა…
ლაიფციგში სამი თვე ვიყავი, მერე წავედი დრეზდენში. გერმანიაში ჩამოსვლიდან 6 თვის თავზე მივიღე დადებითი პასუხი, მაგრამ ამას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოში დაზარალებულად მცნეს.
პირველ წელს ძალიან გამიჭირდა. ვიყავი ასოციალური, არ ვურთიერთობდი ადამიანებთან. ქუჩაში როცა გავდიოდი, მქონდა განცდა, რომ ვიღაც ადევნებული მყავდა. ენის კურსზე ჯგუფელი დაძახების მიზნით მხარზე შემეხო და შევკივლე, შიშები მქონდა და ვერ ვიტანდი შეხებას.
ვერავის ვეტყვი, რომ საქართველოდან არ წავიდნენ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ეს ძალიან ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, ძალიან დიდ ძალისხმევას, საკუთარ თავზე მუშაობას მოითხოვს.
ახლა დრეზდენში ვსწავლობ, ვმუშაობ არქივში. რა თქმა უნდა, ჰომოფობები აქაც არიან, მაგრამ კანონი გიცავს და საზოგადოებაც ბევრად თავისუფალია. თბილისში უმეტესად გიწევდა მალვა, დამთრგუნველი იყო, რომ ადამიანებს, რომლებთანაც პაემანი გექნებოდა, ჰქონდათ შიშები, რამდენჯერმე ამოწმებდნენ ბინის უკვე დაკეტილ კარს და ა.შ. აქ შენი პირადი ცხოვრება არავის აინტერესებს. საქართველოში იმას თუ შეეგუებიან, რომ გეი ხარ, მერე აინტერესებთ, გყავს თუ არა სტაბილური პარტნიორი და თუ არ გყავს, თითქოს არასრულფასოვნად მიგიჩნევენ. არადა, მე მომწონს ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, შემიძლია ბევრი პაემანი მქონდეს, შევხვდე ბევრ სხვადასხვა ადამიანს. ეს ძალიან საინტერესოა.
ყველაზე მეტად ზღვა მენატრება. ოდესმე აუცილებლად მექნება სახლი ზღვასთან, იქნება ეს ქობულეთი თუ სხვა ქალაქი. ბავშვობაში, როცა ზღვაზე მივდიოდი, სულ მქონდა განცდა, რომ იმ ჰორიზონტის იქეთ იყო რაღაც სხვა სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთი მომწონდა გეოგრაფიულად, მიყვარდა ზღვა, ატმოსფერო, სულ მქონდა განცდა, რომ იქაურობის არ ვარ და სხვაგან მინდა.
ჯერ კიდევ ძებნის პროცესში ვარ, ვინ ვარ და სად არის ჩემი სახლი. ეს დაუსრულებელი პროცესია. მუდმივად ვიქნები გზაზე იმის საპოვნელად, რაც ამ ჰორიზონტს მიღმაა. ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი არ მიპოვია, უბრალოდ, ამ პროცესს დასრულებულს ვერ უწოდებ, სანამ თავად არ დასრულდები.
კომენტარები