უცხოპლანეტელების ძიებაში: მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა აღმოაჩინეს დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელიც ბრუნავს სამყაროს ყველაზე გავრცელებული ტიპის ვარსკვლავის, M ჯუჯის, გარშემო. უცნაურია, მაგრამ ამ პლანეტას, როგორც ჩანს, ატმოსფერო საერთოდ არ აქვს და სრულიად დაუსახლებელია. ამ აღმოჩენამ შეიძლება, შეცვალოს პარადიგმა და დაეხმაროს ასტრონომებს უცხოპლანეტელების ძიების სპექტრის დავიწროებაში.
ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ M ჯუჯები ფართოდაა გავრცელებული, ხოლო ბევრ სხვა პლანეტას, რომელიც ამ ვარსკვლავების გარშემო ბრუნავს, შეიძლება ასევე არ ჰქონდეს ატმოსფერო, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტრონომებს შეუძლიათ, გამორიცხონ ისინი უცხო სიცოცხლის ძიებისას.
პლანეტა ატმოსფეროს გარეშე
ასტრონომთა ჯგუფმა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში დეტალურად აღწერა თავისი აღმოჩენები პლანეტაზე, სახელად GJ 1252b. პლანეტა თავის ვარსკვლავს 24 საათის განმავლობაში ორჯერ ურტყავს წრეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მისი ორბიტა ვარსკვლავთან ძალიან ახლოსაა და, ამდენად, მისი ზედაპირი მცხუნვარე და უნაყოფოა.
"ვარსკვლავის რადიაცია უზარმაზარია და საკმარისია პლანეტის ატმოსფეროს გასაქრობად", — განმარტა მიშელ ჰილმა, UC Riverside-ის ასტროფიზიკოსმა და კვლევის თანაავტორმა.
დედამიწის ატმოსფერო ასევე დეგრადირდება მზის მიერ დროთა განმავლობაში, მაგრამ დედამიწაზე მიმდინარე პროცესები, მათ შორის, ვულკანების ამოფრქვევები, იმავდროულად აღადგენს ატმოსფეროს. თუმცა, მზესთან ბევრად უფრო ახლოს რომ ვიყოთ, აქაც GJ 1252b-ის მსგავს სცენარს დავინახავდით, რადგან ეს პროცესები ატმოსფეროს საკმარისად სწრაფად ვერ აღადგენდა. ზუსტად ასე დაემართა მერკურს — მზესთან უახლოეს პლანეტას აქვს ატმოსფერო, მაგრამ ის, მზის ზემოქმედების გამო, უკიდურესად თხელია.
შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროს გამოკვლევა
მკვლევრებმა, პლანეტის ინფრაწითელი გამოსხივების გაზომვით, დაადგინეს, რომ GJ 1252b-ს არ აქვს ატმოსფერო, რადგან მისი სინათლე იფარებოდა მეორადი დაბნელებით — როცა პლანეტა ვარსკვლავის უკან გადადის და მისი შუქი იბლოკება.
ამ რადიაციის გაზომვით, მკვლევრებმა შეძლეს, დაედგინათ, რომ პლანეტაზე ტემპერატურა, დაახლოებით, 1 230 გრადუსია. ეს ნიშნავს, რომ ოქრო, ვერცხლი და სპილენძი ამ პლანეტის ზედაპირზე სითხეები იქნებოდა. ამგვარმა სიცხემ, იმ ვარაუდთან ერთად, რომ პლანეტას დაბალი ზედაპირული წნევა უნდა ჰქონდეს, მეცნიერებს მიანიშნა, რომ პლანეტას ატმოსფერო არ გააჩნია.
"პლანეტას შეიძლება ჰქონდეს 700-ჯერ მეტი ნახშირბადი, ვიდრე დედამიწას აქვს, მაგრამ მაინც არ ექნებოდა ატმოსფერო. თავდაპირველად ნახშირბადი დაგროვდებოდა, თუმცა შემდეგ შემცირდებოდა და დაიშლებოდა", — თქვა სტივენ კეინმა, UCR-ის ასტროფიზიკოსმა და კვლევის თანაავტორმა.
ამ ყველაფერმა შეიძლება ფუნდამენტურად შეცვალოს მეცნიერების მიერ სხვა პლანეტებზე უცხო სიცოცხლის ძიება, ხოლო ჯეიმს ვების შემდგომი დაკვირვებები — ამ პლანეტასა და ათასობით სხვაზე — დაეხმარება ასტრონომებს, უკეთ გააცნობიერონ ამ აღმოჩენის შედეგები. "თუ პლანეტა საკმარისად შორს არის M ჯუჯისგან, მას შეუძლია შეინარჩუნოს ატმოსფერო. ჯერ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ვარსკვლავების ირგვლივ ყველა კლდოვანი პლანეტა მერკურის ბედამდე მიდის. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", — აღნიშნა ჰილმა.
კომენტარები