The Scientist-ის უწყებით, მეცნიერებმა ალგორითმი შექმნეს, რომლის საშუალებითაც ადამიანების აზრების "დეკოდირებისთვის" თავზე შეხებაც კი არ არის საჭირო. ნაშრომი გამოცემაში bioRxiv გამოქვეყნდა და დარგის სხვა სპეციალისტებს ჯერჯერობით არ მიმოუხილავთ.

აზრების წასაკითხად ტექნიკები რახანია არსებობს, თუმცა ისინი ტვინის სიღრმეში ელექტროდების ჩამაგრებას მოიცავს. ამის ნაცვლად ახალი მეთოდი ტვინის სკანირების არაინვაზიურ მეთოდს, ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (fMRI), იყენებს.

კერძოდ, fMRI ტვინში ჟანგბადით გაჯერებული სისხლის დინებას აკვირდება. ტვინის აქტიურ უჯრედებს მეტი ენერგია და ჟანგბადი სჭირდება, ამიტომაც ეს მონაცემები ტვინის აქტივობაზე არაპირდაპირ გვაწვდის ინფორმაციას.

მისი ბუნებიდან გამომდინარე, სკანირების ამ მეთოდით ტვინის აქტივობის რეალურ დროში აღბეჭდვა შესაძლებელი არ არის, რადგან ტვინის უჯრედების მიერ წარმოქმნილი ელექტრული სიგნალები იმაზე გაცილებით სწრაფად მოძრაობს, ვიდრე სისხლი — ტვინში.

მიუხედავად ამისა, მეცნიერებმა ამ საზომის გამოყენება მაინც შეძლეს და ადამიანთა აზრების სემანტიკური მნიშვნელობა გაშიფრეს. თავისთავად, მკვლევრებმა ცდისპირთა ფიქრების სიტყვასიტყვით ვერ თარგმნეს.

"20 წლის წინ შემეცნებითი ნეირომეცნიერების ნებისმიერი სპეციალისტისთვის რომ გეკითხათ, ეს შესაძლებელი თუ იყო, სასაცილოდ არ ეყოფოდათ", — განაცხადა ალექსანდრე ჰუთმა, ტეხასის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 20-30 წლის ერთი ქალისა და ორი კაცის ტვინები დაასკანერეს. თითოეული მონაწილე სკანერში რამდენიმე სესიის მიმდინარეობისას ჯამში 16 საათი უსმენდა სხვადასხვა პოდკასტსა თუ რადიოგადაცემას. მიღებული სკანოგრამები გუნდმა შემდეგ თავიანთ კომპიუტერულ ალგორითმს, "დეკოდერს", მიაწოდეს, რომელმაც ხმოვანი ჩანაწერისა და ტვინის აქტივობის ნიმუშები ერთმანეთს დაადარა.

ალგორითმს fMRI ჩანაწერის მიხედვით შინაარსის შესაბამისი ისტორიის გენერირება შეეძლო, რომელიც პოდკასტისა თუ რადიოგადაცემის შინაარსს ემთხვეოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეკოდერი ადამიანის ტვინის აქტივობის მიხედვით ხვდებოდა, რომელი ისტორია მოისმინა მან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალგორითმი პროცესში გარკვეულ შეცდომებსაც უშვებდა, მათ შორის, ურევდა პერსონაჟთა ნაცვალსახელებსა თუ პირველი და მესამე პირის გამოყენების წესებს.

"საკმაო სიზუსტით აცნობიერებს, რა ხდება, თუმცა არ იცის, ვინ მოქმედებს", — დასძინა ჰუთმა.

დამატებითი ცდების ფარგლებში ალგორითმმა ზედმიწევნით ახსნა იმ უხმო ფილმის სიუჟეტი, რომელსაც სკანერში მოთავსებული მონაწილეები უყურებდნენ. მან ის ისტორიაც კი გადმოსცა, რომლის მოყოლა მონაწილეებმა უბრალოდ წარმოიდგინეს.

მომავალში მკვლევართა გუნდი ტექნოლოგიის დახვეწას გეგმავს, რათა იგი ლაპარაკის/ბეჭდვის უუნარო პირთათვის შექმნილ ინტერფეისებში (BCI) გამოიყენონ, რომლებიც ტვინსა და კომპიუტერს ერთმანეთთან აკავშირებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.