ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ამ აირის აღმოჩენა მიგვახვედრებს, რომ იქ სიცოცხლე არსებობს
არსებობს აირი, რომელსაც ბროკოლი და სხვა მცენარეები გამოყოფს და ის სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი ინდიკატორია. კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა კვლევის თანახმად, ეგზოპლანეტების ატმოსფეროში სწორედ ის უნდა ვეძებოთ.
ეს მეთილის ბრომიდი გახლავთ, რომელიც ორგანული ნაერთია და მცენარეებში მიმდინარე პროცესების დროს წარმოიქმნება. ასეთია მეთილირება, ანუ მავნე ელემენტების მოცილება მასზე ნახშირბადის ან წყალბადის ატომების მიბმით და აირად ქცევით.
ამ ნაერთს, რომელიც 2000-იან წლებში პესტიციდის სახით გამოიყენებოდა, სხვა ბიოინდიკატორებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობაც აქვს. მაგალითად, ის გამოყოფის შემდეგ ატმოსფეროში დიდი ხნით არ ნარჩუნდება, რაც ნიშნავს, რომ, თუ მეთილის ბრომიდი ფიქსირდება, ესე იგი მისი პირველადი წყარო ჯერ კიდევ აქტიურია.
ასევე, ძალიან ცოტა არაბიოლოგიური პროცესია, რომელსაც შესაძლოა, მისი წარმოქმნა მიეწერებოდეს. თანაც, მათი დიდი ნაწილი ბუნებრივი არც არის, ანუ ხელოვნური ჩარევის შედეგია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს აირი სპექტრულ ტალღურ სიგრძეს მეთილის ქლორიდთან იზიარებს, რომელიც, მის მსგავსად, მეთილირებისას ფორმირდება. მათი ერთობლივი კვალი უფრო მარტივად შესამჩნევი იქნება და ორივე მათგანი შესაძლოა, პოტენციურ ბიოლოგიურ პროცესებზე მიუთითებდეს.
საინტერესოა, რომ მეთილის ბრომიდი დედამიწის ატმოსფეროში მზის ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენით წარმოქმნილი ნაერთების მიერ ნადგურდება, ამიტომ მისი იქ დაფიქსირება ძნელია. ამის მიუხედავად, წითელი ჯუჯა ტიპის ვარსკვლავების მიმდებარედ არსებულ ციურ სხეულებს ეს არ ემუქრება, რადგან ასეთ მნათობებს ნაკლები ულტრაიისფერი რადიაცია ახასიათებს.
მსგავსი ვარსკვლავები ირმის ნახტომის გალაქტიკაში მრავლადაა და ასტრობიოლოგთა უპირველესი სამიზნეცაა, ამიტომ დასაკვირვებლად მხოლოდ სათანადო ტექნოლოგია გვჭირდება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები