ასეთი მძიმე ლითონი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში არასდროს აღმოუჩენიათ — ასტრონომთა მოულოდნელი მიგნება
სამყაროში მრავალი საინტერესო პლანეტაა, მაგალითად, სუპერმერკურები, მინინეპტუნები, ცხელი იუპიტერები და ულტრაცხელი იუპიტერები. ამ უკანასკნელ ტიპში შემავალი თითოეული ციური სხეული საკუთარ ვარსკვლავთან ძალიან ახლოსაა განლაგებული, მათი ატმოსფერო კი აორთქლებული მძიმე ელემენტების ღრუბლებს შეიცავს.
ასეთი პლანეტებია WASP-76b და WASP-121b. მათ ატმოსფეროში ასტრონომებმა ისეთ მძიმე ელემენტს მიაკვლიეს, რომლის აღმოჩენასაც არ ელოდნენ, განსაკუთრებით ზედა ფენებში. ეს ბარიუმი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ, WASP-76b-ს აირად გარსში აქამდე კალციუმი, ტიტანის ოქსიდი და ვანადიუმის ოქსიდი იყო დაფიქსირებული, WASP-121b-ისაში კი — ვანადიუმი, რკინა, კალციუმი, ქრომი, ნატრიუმი, მაგნიუმი და ნიკელი.
ბარიუმის კვალისთვის აქამდე სხვა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში არ მიუგნიათ, შესაბამისად, მას არც ეძებდნენ. ამის მიუხედავად, მის მიერ არეკლილი სინათლის სპექტრის ანალიზმა ზემოხსენებული ლითონის არსებობა გამოავლინა. ეს ინფორმაცია მეცნიერებმა ციური სხეულების ვარსკვლავთან ჩავლის, ანუ ტრანზიტის შესწავლის, ასევე, მნათობისა და პლანეტების სინათლის შედარების გზით მოიპოვეს.
WASP-76b-სა და WASP-121b-ის ორბიტული პერიოდი, ვარსკვლავთან სიახლოვის გამო, 1.8 და 1.27 დღეა, ხოლო მათი მასა 0.92 და 1.18 იუპიტერის მასას უდრის. ეს ნიშნავს, რომ ამ აირის გიგანტებს მძლავრი გრავიტაცია აქვს, აქედან გამომდინარე, მძიმე ელემენტები ქვედა ფენებისკენ უნდა მიიზიდებოდეს, მაგრამ მათ შემთხვევაში ასე არაა.
მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა მექანიზმი აკავებს ბარიუმს ზედა ატმოსფეროში. ამის გაგება და მათი შემადგენლობის დაზუსტება მსგავსი პლანეტების შესახებ ღირებულ ინფორმაციას მოგვაწვდის. მაგალითად, ახლა უკვე ვიცით, რომ WASP-121b-ს ატმოსფერო ვარსკვლავის გავლენით ორთქლდება, რაც მიანიშნებს, რომ ულტრაცხელი იუპიტერების სიცოცხლე ხანმოკლეა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics.
კომენტარები