კომპანია Figure AI-ს ლაბორატორიამ ახლახან უცნაური ვიდეოჩანაწერი გაავრცელა: ხმარებიდან ამოღებული F.02 ჰუმანოიდი რობოტები გამდნარ ფოლადში ხტებიან. ფილმი ტერმინატორი 2: განკითხვის დღე ხომ არ გახსენდებათ?

Figure AI-მ F.02 რობოტები ახალი F.03 თაობის რობოტებით უნდა ჩაანაცვლოს. გადაწყვიტეს, უკანასკნელი F.02 მოდელები ორიგინალურად მოეშორებინათ თავიდან: კომპანიამ ტერმინატორის ვარსკვლავი არნოლდ შვარცენეგერი დაიქირავა, შოუ MythBusters-ის გუნდთან გაიარა კონსულტაციები და ფინეთში ჩავიდა გადამღებ ჯგუფთან ერთად; რობოტები სპეციალურად დააპროგრამეს ისე, რომ ავტონომიურად გადამხტარიყვნენ გამდნარი ფოლადის ავზში.

ფოტო: Figure AI

ერთ-ერთი რობოტი ჯაჭვით სამჭედლო ქურაშიც კი ჩაუშვეს და შვარცენეგერის პერსონაჟის ცნობილი ჟესტი გააცოცხლეს, როცა ფილმის ბოლოს იგი ცერს აღმართავს.

სან-ხოსეს სათავო ოფისში კომპანიამ რობოტები ნახტომის შესასრულებლად გაწვრთნა და უსაფრთხოების დიდ ბალიშებზეც კი ავარჯიშა. აი, გადასახტომი ადგილის პოვნა ნამდვილად გაუჭირდათ.

"აშშ-სა და მექსიკაში მეტალის არცერთმა სამსხმელო საამქრომ არ მოგვცა უფლება, რომ ლითიუმ-იონური ბატარეების მქონე რობოტი მათ ძვირადღირებულ მანქანა-დანადგარებში გადამხტარიყო. ძებნაში რომ დაგვხმარებოდნენ, MythBusters-ის გუნდსაც კი მივმართეთ. საბოლოო ჯამში, მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, რომელიც ამაზე დაგვთანხმდა, ფინეთში, იმატრაში, მდებარე სამსხმელო საამქრო აღმოჩნდა", — ვკითხულობთ კომპანიის ბლოგპოსტში.

ფოტო: Figure AI

ფოტო: Figure A

F.02 რობოტების ნარჩენები ნაგავში როდი გადაინაცვლებს — მიღებული მეტალისგან Figure AI-მ ლიმიტირებული სერიის არტეფაქტები შექმნა და ახლა ონლაინ ყიდის.

კადრების რეალურობამ თუ დაგაეჭვათ, ამ კითხვას კომპანიამ უკვე გასცა პასუხი:

"AI-გენერირებული კადრების ეპოქაში მკაფიოდ უნდა ითქვას: ნამდვილად გავწვრთენით რობოტები, რომ ავტონომიურად გადამხტარიყვნენ, ფინეთში გადავზიდეთ ისინი და გამდნარი ფოლადის ავზში გადავახტუნეთ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.