ამერიკაში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინდუსტრია სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. AI-ს ინფრასტრუქტურასა და მონაცემთა ცენტრებზე გაღებული კოლოსალური ხარჯები რომ გაამართლონ, OpenAI-სა და Google-ის მსგავს კომპანიებს რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვა სჭირდებათ. მათი მთავარი მიზანია, ეს ადამიანები ფასიანი მომსახურების მომხმარებლები გახადონ.

ეს ბრძოლა ძირითადად კორპორაციულ დონეზე მიმდინარეობს, სადაც AI ლაბორატორიები მსხვილი კონტრაქტების მოპოვებას ცდილობენ. ეს პროცესი ხშირად გადაჭარბებულ დანახარჯებსა და თანამშრომელთა უკმაყოფილებას იწვევს. მეორე მხრივ, ტექნოლოგიური კომპანიებისთვის არსებობს უკვე კარგად ათვისებული აუდიტორია, რომლის წევრებიც შეიძლება მათ ერთგულ მომხმარებლებად იქცნენ: ესენი სკოლის მოსწავლეები არიან.

ტექნოლოგიური სექტორის სწრაფვას, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ნებისმიერ ფასად გაზარდოს, მოსწავლეებისთვის მძიმე შედეგები მოაქვს. მათ სასკოლო ცხოვრებაში AI ჩატბოტები სულ უფრო დიდ როლს თამაშობენ. როგორც Wall Street Journal წერს, მოსწავლეები აცნობიერებენ, როგორ იჭრება ხელოვნური ინტელექტი საკლასო ოთახებში და რა უარყოფითი გავლენა აქვს ამას მათ აზროვნებაზე, თუმცა ამ ტენდენციის შეჩერება არ შეუძლიათ.

"მან ჩემი აზროვნება შეანელა. როდესაც ტესტირებისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საშუალება არ მქონდა, ფიქრი ძალიან მიჭირდა", — განუცხადა Wall Street Journal-ს პენსილვანიელმა მერვეკლასელმა, რიჩარდ სკოტმა, Google-ის AI ასისტენტის შეფასებისას.

რიჩარდი მათემატიკაში ადრე საკმაოდ მაღალ შეფასებებს იღებდა. მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესში მთელი წელი Google-ის AI ასისტენტს იყენებდა, მერვე კლასის ფინალურ გამოცდაზე ჩაიჭრა.

მაიამის ერთ-ერთი სკოლის ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი WSJ-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა ნიშნები მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც Google-ის Gemini ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

"მოსწავლეები გაკვეთილზე მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: "მასწავლებელო, არ მოგატყუებთ, მასალის ნახევარიც არ მესმის, რადგან მთელი წელი ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებდი", — გაიხსენა მან.

15 წლის სოფია ჩატზიგიანის თქმით, ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ Google-ის ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რადგან მასზე წვდომა ყველაზე მარტივი იყო. სოფიამ სასკოლო მასალის შეჯამება Google-ის AI ჩატბოტს მიანდო, რომელიც სკოლის მიერ გადაცემულ კომპიუტერში უკვე ჩაშენებული იყო. შედეგად მისი ნიშნები მკვეთრად გაუარესდა. შეფასებები მხოლოდ მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც მან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე სრულად თქვა უარი.

Google-მა ათწლეულების წინ წამოიწყო სტრატეგია, რომ მოზარდები თავის ერთგულ მომხმარებლებად აქციოს. ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ამერიკის სკოლებში Google-ის Chromebook-ები და სასკოლო პროგრამული უზრუნველყოფა აქტიურად ინერგებოდა, ტექნოლოგიურმა გიგანტმა აღიარა, რომ მოსწავლეების ელექტრონულ ფოსტას ასკანერებდა მათზე რეკლამების უკეთ მოსარგებად.

Google-ის 2018 წლის დროინდელი შიდა დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იაფი Chromebook-ებისა და კომპანიის პროგრამების დამკვიდრება "მომავალი მომხმარებლების ჯაჭვს" ქმნიდა, რომელზეც კომპანიას შეეძლო, წლების განმავლობაში დაემყარებინა იმედები.

ეს ისედაც საგანგაშო რეალობაა. მეორე მხრივ, ხელოვნური ინტელექტის მასშტაბების გათვალისწინებით, დღეს მოსწავლეები უკვე უსაზღვრო ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში შედიან — და, როგორც ჩანს, Google-ისათვის მთავარი მიზანიც ეს არის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.