დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
ფოტო: Gregoire Cirade/SPL
დედამიწაზე დღე-ღამე ყოველთვის ზუსტად 24 საათს არ მოიცავს. ეს ხანგრძლივობა ათწლეულების განმავლობაში რამდენიმე მილიწამით იცვლება, რასაც, ახალი კვლევის თანახმად, პლანეტის წიაღში მიმდინარე პროცესები განაპირობებს. გეოფიზიკოსები ამ ცვლილებებს შორეულ კოსმოსურ ობიექტებთან მიმართებით დედამიწის მდებარეობის ზუსტად განსაზღვრის გზით ადგენენ.
გამოცემა Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, საქმე ისაა, რომ ჩვენი მშობლიური ციური სხეულის მეტალის ბირთვსა და მის გარსს შორის მოქმედი რამდენიმე ძალა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ "იბრძვის". ამის გაანალიზება მეცნიერებს ღრმა შრეებში არსებული ზოგიერთი სტრუქტურის უკეთ შესწავლაშიც დაეხმარება.
მეცნიერები დიდი ხანი ვარაუდობდნენ, რომ ზემოხსენებულ ცვლილებებს დედამიწის ბირთვსა და მანტიას შორის ურთიერთქმედება იწვევს. ამის მიუხედავად, აქამდე ზუსტად არ იყო ცნობილი, რომელი ძალები მონაწილეობს ამ პროცესში. ბირთვი პლანეტის ცენტრში მდებარე სფეროა (დაახლოებით მარსის ზომის), რომელიც ძირითადად რკინისგან შედგება. ის მყარია და თხევადი გარე ბირთვის შიგნით შედარებით დამოუკიდებლად ბრუნავს. მკვლევრებს რამდენიმე შესაძლო მექანიზმი აქვთ შემოთავაზებული, რომლებითაც მანტიაზე მისი გავლენა და პლანეტის ბრუნვის აჩქარება ან შენელება აიხსნება.
ასევე იხილეთ: დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი მექანიკური ძალის მომენტს ეფუძნება. ამ დროს გარე ბირთვის ნაკადი მანტიის საზღვარზე არსებულ უსწორმასწორობებზე ზემოქმედებს (მათ "აწვება"); მეორე ვარიანტი მაგნიტური ველია: გარე ბირთვის დინება მაგნიტურ ველს წარმოქმნის, რომელსაც მანტიაში რკინით მდიდარ უბნებზე აქვს გავლენა; მესამე ძალა კი გრავიტაციაა, რომელიც შიდა ბირთვის მკვრივ რეგიონებს მანტიის ასეთივე არეალებისკენ იზიდავს.
მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რათა შეესწავლათ, როგორ შეცვლიდა ამ ძალების სხვადასხვა კომბინაცია დედამიწის დღე-ღამის ხანგრძლივობას. გაითვალისწინეს 2023 წლის კვლევაც, რომლის მიხედვითაც 1960-იანი წლებიდან დაახლოებით 2010 წლამდე შიდა ბირთვი დედამიწის დანარჩენ ნაწილთან შედარებით ოდნავ უფრო სწრაფად ბრუნავდა, შემდეგ კი მისი მოძრაობა შენელდა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მათი მოდელი დედამიწის დღე-ღამის ხანგრძლივობის ცვლილებებს ყველაზე ზუსტად მაშინ ემთხვეოდა, როცა მთავარ როლს გრავიტაციული ძალის მომენტი ასრულებდა. აქ მნიშვნელოვანია, რომ მას საპირისპიროდ მოქმედი ელექტრომაგნიტური და მექანიკური მომენტები აბალანსებდა.
ეს შიდა ბირთვის ბრუნვაზეც მოქმედებს. მოდელის მიხედვით, ის პოზიციას მანტიასთან მიმართებით იცვლის (მასთან შესაბამისობაში მოდის). ამის მიუხედავად, დროთა განმავლობაში გარე ბირთვის ძირითადად დასავლეთისკენ მიმართული დინებები ამაში ხელს უშლის, რის შემდეგაც გრავიტაცია შიდა ბირთვს ნელ-ნელა კვლავ აღმოსავლეთისკენ აბრუნებს.
მოდელისა და დედამიწაზე დაფიქსირებული ცვლილებების ასეთი თანხვედრა შეიძლება პლანეტის შიდა სტრუქტურის შესახებ სხვა მოსაზრებებსაც ამყარებდეს. მაგალითად, ერთი ასეთი ვარაუდი ქვედა მანტიაში არსებულ ორ უზარმაზარ სტრუქტურას ეხება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს რეგიონები დანარჩენ მანტიაზე ცხელია და შედგენილობითაც განსხვავდება.
უნდა აღინიშნოს კვლევის შეზღუდვებიც: მოდელი არ ითვალისწინებს ყველა ფაქტორს, რომლებსაც დღე-ღამის ხანგრძლივობაზე ზემოქმედება შეუძლია (მათ შორისაა ოკეანური დინებები და ატმოსფერული ნაკადები). ამასთან, სეისმოლოგები ჯერ კიდევ არ თანხმდებიან შიდა ბირთვის ბრუნვის ისტორიის ყველა დეტალზე, რომლებსაც კვლევა ეყრდნობა.
მეცნიერების თქმით, დედამიწის ღრმა შრეების შესახებ ასეთი რთული საკითხების შესწავლა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების ცოდნის გაერთიანებას მოითხოვს.

კომენტარები