ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.

როგორც ცნობილია, 28 წლის დარია შიპილოვა საავადმყოფოში სექტემბრის მიწურულს გადაიყვანეს, ხოლო 2 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა. მის შემთხვევაში პნევმონიური ჭირი განვითარდა, რომელიც ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. დანარჩენი ორია: ბუბონური და სეპტიკური, რომელთაგანაც ისტორიულ შავ ჭირთან უფრო მეტად პირველს აკავშირებენ.

ვერსიები დაინფიცირების შესახებ

მედიაში ქალის დაინფიცირების შესაძლო მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მათ შორისაა ვარაუდი, რომ ლაბორატორიაში მუშაობის დროს მას შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა; მეორე სცენარით, ის ტაილანდში მოგზაურობისას ან ბურიატეთში მივლინების დროს დაინფიცირდა.

ასევე იხილეთ: მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ და სად გაჩნდა შავი ჭირი

ცნობების მიხედვით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირველად ექსპედიციის დროს გაუარესდა. ის სხვა თანამშრომლებთან ერთად რუსეთისა და მონღოლეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ბუბონური ჭირით დაავადებული პაციენტის ნაცხის ნიმუში. ფოტოზე ბაქტერიებიც ჩანს.

ფოტო: Centers for Disease Control and Prevention/Getty Images

ერთ-ერთი წამყვანი რუსი ეპიდემიოლოგი (ის ამჟამად აშშ-ში მუშაობს), მიხაილ ფავოროვი, ეჭვობს, რამდენად გახდა ინფიცირების მიზეზი გატეხილი სინჯარა. მან ეს ინფორმაციის დამალვის ნიშნადაც მიიჩნია.

"სასაცილოა", — განაცხადა ფავოროვმა. მისი თქმით, ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის (სადაც გარდაცვლილი მუშაობდა) თანამშრომლები სპეციალურ დამცავ კოსტიუმებს იყენებენ და სინჯარის გატეხის შემთხვევაშიც კი დაინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია. ის აღნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის, საბოლოოდ, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად შეესაბამება ეს ვერსია სინამდვილეს — ხალხი მაინც "დავარდნილი სინჯარის ამბავს" დაიჯერებს.

ის ეჭვობს, რომ სიტუაცია შეიძლება სერიოზული იყოს:

"ეს ნამდვილად შემაშფოთებელია... არ გვეტყვიან, სინამდვილეში რა მოხდა" — განაცხადა მან.

კარანტინი

გარდაცვლილის 197 სავარაუდო კონტაქტიდან 189 სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, რათა მათ დააკვირდნენ და ინფექციის პრევენციაც სცადონ. აქედან 114 ადამიანი ერთ კლინიკაში იმყოფება, 63 — მეორეში, კიდევ 12 კი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტშია. 8 ადამიანი საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ჰოსპიტალიზებულ ადამიანებს ინფექციის ნიშნები არ უფიქსირდებათ. ამ ეტაპზე ლაბორატორიული ტესტების შედეგები უარყოფითია.

ასევე იხილეთ: როგორ სრულდებოდა პანდემიები — 6 ინფექციური დაავადების ისტორია

ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა, დაავადების კონკრეტულად დასახელებისგან თავი შეიკავა და მას მხოლოდ "საშიში ინფექცია" უწოდა. მან რეგიონში დაგეგმილი ყველა საჯარო ღონისძიებაც გააუქმა.

კობზევმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ის რუსეთის მომხმარებელთა დაცვისა და კეთილდღეობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელ ანა პოპოვას შეხვდა, რათა სიტუაციის კონტროლისა და ინფექციის გავრცელების პრევენციის ზომები შეეთანხმებინათ.

"ყველა გამოვლენილი კონტაქტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა. ამ დროისთვის მათ დაავადების ნიშნები არ აქვთ და ლაბორატორიული ტესტების შედეგებიც უარყოფითია", — დაწერა კობზევმა Telegram-ზე

რამდენად გავრცელებულია ჭირი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2019-2025 წლებში ჭირის სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევები 10 ქვეყანაში დაფიქსირდა. ამ პერიოდში თითქმის 4000 სავარაუდო შემთხვევა აღირიცხა.

Yersinia pestis ადამიანზე შეიძლება რწყილების ნაკბენით და ინფიცირებულ ქსოვილებთან/სითხესთან, ცხოველებთან ან ბაქტერიის შემცველ ნაწილაკებთან კონტაქტით გადავიდეს. დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა ბუბონური ჭირია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, Yersinia pestis-მა, შესაძლოა, პნევმონიური ან სეპტიკური ჭირიც გამოიწვიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პნევმონიურ ჭირს "ყველაზე ვირულენტურ ფორმად" მოიხსენიებს. ის ფილტვებს აზიანებს და მისი საინკუბაციო პერიოდი ზოგჯერ მხოლოდ 24 საათია.

პნევმონიური ჭირის სიმპტომებს შორის ხველა და სუნთქვის გაძნელებაა. ის ჭირის ყველაზე გადამდებ ფორმადაც მიიჩნევა, რადგან ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი ნაწილაკებით შეიძლება გავრცელდეს.

ბუბონური ჭირის შემთხვევაში თავს იჩენს შემცივნება, ღებინება, სხეულის ტკივილი და ცხელება. ხშირად დიდდება ლიმფური კვანძებიც, რომლებიც მოგვიანებით ჩირქით სავსე წყლულებად შეიძლება გადაიქცეს.

ბუბონური ჭირი ზოგჯერ ფილტვებზეც ვრცელდება და პნევმონიურ ფორმაში გადაიზრდება. თუ ინფექცია სისხლში მოხვდა, შესაძლოა, სეპტიკური ჭირი განვითარდეს.

2019-2025 წლებში ბურიატეთის მეზობელ მონღოლეთში ჭირის 17 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. 7 ადამიანი გარდაიცვალა: 5 მათგანი ბუბონურმა, 2 კი სეპტიკურმა ჭირმა იმსხვერპლა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.