8 მიზეზი, რატომ იქცა ხელოვნური სუნთქვა ჩვენს საყვარელ სერიალად
2016 წლის ზაფხულში ქართველმა ტელემაყურებელმა პირველად იხილა სერიალი ხელოვნური სუნთქვა. იმის მიუხედავად, რომ ეთერში სერიალის მხოლოდ ორი სეზონი გავიდა და 6 თვის შემდეგ ის დაიხურა, ამ მოკლე პერიოდშიც მოახერხა, მაყურებლის გული მოეგო. ამდენად, გასაკვირი არაა, რატომ მოჰყვა დიდი გამოხმაურება იმ ამბავს, რომ 6-წლიანი პაუზის შემდეგ ხელოვნური სუნთქვა გაგრძელდა. სანამ კავეა+-ზე სერიალის ახალ სეზონს ვიხილავდეთ, მანამდე გავიხსენოთ, როგორ შეგვაყვარა მან თავი.
1. სიღრმისეული პერსონაჟები
სერიალის ერთ-ერთი მთავარი ღირსება გამორჩეული პერსონაჟებია. არცთუ იშვიათად, განსაკუთრებით ქართულ სერიალებში, შეხვდებით "ცუდად დაწერილ" მოქმედ პირებს — ზედაპირულ პერსონაჟებს, რომლებთან თავის გაიგივება და თანაგანცდა მაყურებელს უჭირს. ხელოვნურ სუნთქვაში კი არა მხოლოდ მთავარი გმირების ხაზი იყო საინტერესო, არამედ — მეორეხარისხოვანი პერსონაჟებისაც. რაც მთავარია, არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში გმირები სქემატურად წარმოდგენილნი არ იყვნენ (რაც ასევეა თანამედროვე სერიალების პრობლემა — "ეს ცუდია, ის კარგი"); ბანალურად რომ ვთქვათ, ყველა გმირს თავისი სიმართლე ჰქონდა, რამაც ამბავი კიდევ უფრო რეალისტურად აქცია.
2. მრავლისმომცველი სიუჟეტი
ამბავს რაც შეეხება, აქაც ვრწმუნდებით, რომ სერიალის შემქმნელებმა დავალებას თავი უბადლოდ გაართვეს. დასაწყისში მთავარი გმირების ორ სიუჟეტურ ხაზს მივუყვებით, რომელიც შემდეგ ერთიანდება. თუმცა, ეს ყველაფერი არაა — თითოეული ხაზი ასევე მოიცავს ჩანართებს, როგორიც შოთას შემთხვევაში სხვადასხვა პაციენტთან სტუმრობა, ცოლთან თანაცხოვრების რეტროსპექტივა და დის ოჯახის ამბავია. ამ ყველაფერმა სერიალი ჩვენთვის უფრო საინტერესო და მრავალფეროვან საყურებლად აქცია.
3. სამედიცინო დრამის ხაზი
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური სუნთქვა გარკვეული ტიპის სამედიცინო დრამაცაა. პირველ სეზონში თუ სასწრაფო დახმარების მანქანას დავყვებოდით სხვადასხვა ოჯახში, მეორე სეზონში უკვე კლინიკაშიც გადავინაცვლეთ. მართალია, ეს კლასიკური სამედიცინო დრამა არ ყოფილა (როგორიც, მაგალითად, გრეის ანატომიაა), თუმცა, ამ ტიპის სერიალების მოყვარულისთვის მსგავსი ჩანართებიც საინტერესო აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სცენარისტებს საგანგებოდ ჰყავდათ სამედიცინო კონსულტანტი, რათა სერიალის ეს მხარე გამართული ყოფილიყო.
4. სოციალური პრობლემების ასახვა
სერიალის პროდიუსერმა აღნიშნა, რომ მთავარი გმირის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მუშაობის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, ამგვარად "ყველა ოჯახში" აღმოვჩენილიყავით და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები გაგვეცნო. ასე წარმოაჩინა ხელოვნურმა სუნთქვამ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ეკონომიკური სიდუხჭირე, ხანდაზმულების სიმარტოვე, ან თუნდაც "უბიწოების კულტი".
თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ხელოვნური სუნთქვის ორივე სეზონში კიდევ ბევრ სოციალურ პრობლემას გაესვა ხაზი, მათ შორის, მშობლების შვილებისადმი უყურადღებობას, საფრთხის წინაშე მოზარდების მარტო დარჩენას, შეუფერებელ გარემოს სკოლაში და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროული იყო თვითდაზიანებისკენ მიდრეკილი მოზარდების გასაიდუმლოებული ჯგუფის ამბავი.
5. მენტალური ჯანმრთელობის სტიგმა
მართალია, სოციალური პრობლემების ასახვა უკვე ვახსენეთ, მაგრამ ხაზი უნდა გაესვას იმას, თუ როგორ წარმოჩნდა ხელოვნურ სუნთქვაში მენტალური ჯანმრთელობის სტიგმა. რეტროსპექტივით ნაჩვენებ სცენებში, სადაც შოთას ყოფილი ცოლის ამბავს ვეცნობოდით, ნათლად ჩანდა, რომ ნუცას მწვავე დეპრესია ჰქონდა. ნიშანდობლივი იყო, რომ იგი ამაზე ვერავისთან ვერ საუბრობდა — პასუხად მშობლებისგან ცივ დამოკიდებულებას იღებდა, ექიმი ქმრისგან კი უგულებელყოფას, რომ "არაფერიც არ სჭირს". ერთ-ერთ ეპიზოდში პერსონაჟი "ყელში გაჩხერილ ბურთზე" საუბრობს, შოთა კი მას დამცინავად იშორებს თავიდან. მსგავსი გულგრილობის შედეგი იყო ის, რომ ნუცამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
6. გასაოცრად დაწერილი დიალოგები
ხელოვნური სუნთქვის პირველი ორ სეზონს ორი სცენარისტი ჰყავდა — ხშირად ქართველ შონდა რაიმსად წოდებული ქეთი დევდარიანი (ჩცდ-ის სცენარისტი) და მწერალი, მთარგმნელი და დრამატურგი დავით გაბუნია. ეს ტანდემი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ სერიალში ერთიმეორეზე უკეთ დაწერილი, ხელოვნურობისგან დაცლილი, დიალოგები მივიღეთ. თუნდაც ნუცას საფლავზე რეზისა და შოთას საუბარი რად ღირს. ეს ტექსტები ძალიან ბუნებრივად იყო გულში ჩამწვდომი და გულწრფელი ემოციის გამომწვევი.
7. სცენები, რომლებიც ცალკე იმსახურებს აღნიშვნას
რადგან სცენარს შევეხეთ, ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ტექსტების ასეთი დრამატიზმით გაცოცხლება ასევეა მსახიობებისა და რეჟისორების ოსტატობის დამსახურება. ორი სცენა მახსენდება, რომელმაც სერიალის შემქმნელების ნიჭი ყველაზე უკეთ გამოავლინა — რუსიკოს კონცერტი და თამუნას წიგნის პრეზენტაცია. ორივე შემთხვევაში მოგვრილი ემოცია იმდენად ძლიერი იყო, რომ, როგორც ერთ-ერთი გმირი ამბობს, მართლაც დაგჭირდებოდა ხელოვნური სუნთქვა.
8. დაბოლოს — საუნდტრეკი
სერიალის ქუდისთვის გამოყენებული სიმღერა, Imegination, რომელსაც ნიკა ჩოხელი და ნინა ყიფშიძე ასრულებდნენ, ნამდვილ ჰიტად იქცა, მისი მისამღერის ტექსტი კი ქალაქის სხვადასხვა ქუჩის კედელზეც აღმოჩნდა. "ყველაფერი, რასაც ხედავ, შენი წარმოსახვაა. ყველაფერი, რასაც ხედავ, ტყუილია", — ეს ფრაზა ასევე იქცა თამუნას წიგნის ერთ-ერთი მონაკვეთად. სხვათა შორის, მაყურებლები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ სერიალის ქუდს სწორედ სიმღერის გამო არ ახვევდნენ.
ხელოვნური სუნთქვისთვის დაწერილი ორიგინალური მუსიკის ავტორი ნიკა ჩოხელია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან დიდი როლი შეასრულა სერიალის წარმატებულ პროექტად ქცევაში.
კომენტარები