2021 წელი მსოფლიოს ყველაზე სტრესულ წლად აღიარეს — იხილეთ გლობალური ემოციების რუკა
მსოფლიოში ყველაზე ნაკლები პოზიტიური გამოცდილების ინდექსის მიხედვით, საქართველო მე-14 ადგილზეა.
თუ თავს იმაზე ცუდად გრძნობთ, ვიდრე ოდესმე, მარტო არ ხართ. ნეგატიურმა ემოციებმა მიაღწია რეკორდულ დონეს მთელ მსოფლიოში, ნათქვამია Gallup-ის 2022 წლის გლობალური ემოციების ანგარიშში. ავღანეთი ლიდერობს მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად პოზიტიური და ყველაზე უარყოფითი გამოცდილებით. მაგრამ ამგვარ სასოწარკვეთილებაშიც კი, მკვლევრებმა რამდენიმე დადებითი ფაქტი აღმოაჩინეს.
გრძნობებისა და ემოციების გაზომვა მშპ-სა და ინფლაციის გაზომვაზე რთულია, თუმცა განწყობა ასევე გადამწყვეტი ფაქტორია ერების მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ Gallup 2006 წლიდან ზომავს ზრდასრულთა პოზიტიურ და უარყოფით გამოცდილებას, ბოლო კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 122 ქვეყანაში.
Gallup-ის გლობალური ემოციების ანგარიში
2022 წლის შედეგები ეყრდნობა 2021 წლიდან მიმდინარე წლის მარტამდე ჩატარებულ ინტერვიუებს, ასე რომ, ისინი მოიცავს პანდემიის მეორე წლის გავლენას, მაგრამ ჯერ კიდევ არ ასახავს რუსეთის უკრაინაში შეჭრის ეფექტს.
მკვლევრებმა თითქმის 127 000 რესპოდენტს დაუსვეს კითხვები წინა დღით მათი დადებითი (კარგად დაისვენეს და პატივისცემით ეპყრობოდნენ? ბევრს იღიმოდნენ ან იცინოდნენ? ისწავლეს ან გააკეთეს რაიმე საინტერესო? განიცადეს სიხარული?) და უარყოფითი (განიცდიდნენ ტკივილს, წუხილს, სევდას, სტრესს ან ბრაზს?) გამოცდილების შესახებ.
შედეგების მიხედვით, "თუკი ხალხი ელოდა, რომ 2020 წელი ისტორიაში შევიდოდა, როგორც ყველაზე ცუდი წელი, პოზიტიური გამოცდილების ინდექსის (PEI) შედეგებმა აჩვენა, რომ უბრალოდ 2021 წლისთვის უნდა მოეცადათ", — აღნიშნულია სარკაზმით Gallup-ის მოხსენებაში.
რამდენიმეწლიანი სტაბილურობის შემდეგ (71 ქულა 100-დან), PEI დაეცა 69-მდე. ადამიანების უმეტესობა გრძნობს, რომ მათ პატივისცემით ეპყრობოდნენ (86%, ყველაზე მაღალი ქულა ხუთ კითხვას შორის), მაგრამ მხოლოდ 50%-მა თქვა, რომ ისწავლა ან რაღაც ახალი გააკეთა წინა დღეს (ყველაზე დაბალი ქულა). ადამიანები ნაკლებად ისვენებდნენ და ნაკლებ სიხარულს განიცდიდნენ, მაგრამ იღიმოდნენ ან იცინოდნენ ცოტა მეტს.
ცენტრალური ამერიკა — პოზიტიური გამოცდილებების კლასტერი
სკანდინავიის სახელმწიფოები ტრადიციულად იკავებენ "ყველაზე ბედნიერი ქვეყნების" სიის პირველ ადგილს, მაგრამ ქვეყნები, რომლებიც ყველაზე პოზიტიურ გამოცდილებას აფიქსირებენ, სრულიად განსხვავებულ გეოგრაფიულ კლასტერში არიან — ცენტრალურ ამერიკაში, სადაც ტოპ 6 ქვეყნიდან 4 მდებარეობს. ქვემოთ მოცემულია ქვეყნები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი PEI:
- პანამა (85)
- ინდონეზია (84)
- პარაგვაი (84)
- ელ სალვადორი (82)
- ჰონდურასი (82)
- ნიკარაგუა (82)
- ისლანდია (81)
- ფილიპინები (81)
- სენეგალი (81)
- დანია (80)
- სამხრეთ აფრიკა (80)
PEI-ის მიხედვით დალაგებული ქვეყნების რომ ამოვატრიალოთ (ანუ დავიწყოთ ყველაზე დაბალქულიანი ქვეყნებით), პირველ ადგილს ავღანეთი დაიკავებდა. ავღანეთი 2017 წლიდან PEI-ში ყველაზე დაბალი ქულის მქონე ქვეყანაა. მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა ბოლო კვლევის დროს, რომელიც ჩატარდა გასული წლის აგვისტოსა და სექტემბერში, როცა ამერიკა ქვეყნიდან გავიდა, ავღანეთის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაემხო და ხელისუფლებაში თალიბანი დაბრუნდა.
ამ პერიოდის განმავლობაში ავღანელებში აღინიშნებოდა სიხარულის (20%), ბევრი ღიმილისა და სიცილის (18%) და კარგად დასვენების (15%) რეკორდულად დაბალი დონეები. PEI-ის საერთო ქულა — 32 — ყველაზე დაბალია არა მხოლოდ ავღანეთისთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის Gallup-ის გლობალური ემოციების ანგარიშის მთელი 16-წლიანი ისტორიის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთივით ცუდ სიტუაციაში არ არიან, ლიბანმა და თურქეთმა ასევე განიცადეს პოზიტიური გამოცდილების მკვეთრი ვარდნა (ერთ წელიწადში ლიბანი 9 პუნქტით ჩამოქვეითდა, ხოლო თურქეთი — 4-ით). ყველაზე დაბალი PEI-ის მქონე ქვეყნები იყო:
- ავღანეთი (32)
- ლიბანი (37)
- თურქეთი (42)
- ეგვიპტე (52)
- ნეპალი (53)
- ტუნისი (57)
- იორდანია (58)
- ბანგლადეში (58)
- ალჟირი (58)
- უკრაინა (60)
- სიერა ლეონე (60)
- მაროკო (60)
- ინდოეთი (60)
- საქართველო (60)
დადებითი და უარყოფითი გამოცდილება ინსა და იანს არ ჰგავს. ერთის დაცემა მეორის ამაღლებას არ იწვევს და — პირიქით, მაგრამ ამ გამოკვლევაში სწორედ ასე მოხდა: PEI დაეცა რამდენიმე დონით, ხოლო ნეგატიური გამოცდილების ინდექსი (NEI) გაიზარდა ერთით და მიაღწია რეკორდულ 33 ქულას.
ისტორიაში ყველაზე სტრესული წელი
შფოთვის (42%), სტრესის (41%), ფიზიკური ტკივილისა (31%) და სევდის (28%) გამოცდილება — ყველა ერთი ან ორი პუნქტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მხოლოდ სიბრაზის დონე (23%) დაეცა მცირედით.
ამ შედეგებმა 2021 წელი ოფიციალურად გახადა ყველაზე სტრესული წელი. მიუხედავად ამისა, გლობალური სტრესის დონე მხოლოდ ერთი პუნქტით გაიზარდა, როცა წინა წელს ხუთპუნქტიანი ზრდა დაფიქსირდა.
ავღანელებმა აღნიშნეს შფოთვის (80%), სტრესისა (74%) და სევდის (61%) რეკორდული დონე. ქვეყნის საერთო 59 ქულა NEI-ზე იყო რეკორდული ქულა, ისევე როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი 2021 წელს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი NEI დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში:
- ავღანეთი (59)
- ლიბანი (58)
- ერაყი (51)
- სიერა ლეონე (50)
- იორდანია (48)
- თურქეთი (46)
- ბანგლადეში (45)
- ეკვადორი (45)
- გვინეა (45)
- ბენინი (44)
ყაზახეთი, ანუ Relax-ეთი
მაშ, სად უნდა წახვიდეთ, როცა მთელი ამ ნეგატივისგან თავის დაღწევა გინდათ? გასაკვირია, მაგრამ — ყაზახეთში. გამოკითხულ ყაზახთა მხოლოდ 12%-მა განაცხადა, რომ წინა დღეს სტრესულად გრძნობდა თავს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში. ყაზახეთი ასევე ლიდერობს NEI-ის ამობრუნებულ ვარიანტში; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უარყოფითი გამოცდილების ყველაზე დაბალი დონე მსოფლიოში. NEI-ზე ყველაზე დაბალი ქულის მქონე ადგილები იყო:
- ყაზახეთი (14)
- თაივანი (16)
- კოსოვო (17)
- მავრიკი (18)
- სინგაპური (19)
- მონღოლეთი (19)
- მალაიზია (19)
- ლიეტუვა (19)
- სამხრეთ აფრიკა (20)
- რუსეთი (20)
- ლატვია (20)
- ყირგიზეთი (20)
- ესტონეთი (20)
როგორც ხედავთ, რუსეთი ამ სიაში მე-10 ადგილს იკავებს, რაც გვახსენებს, რომ ეს გამოკითხვა მის უკრაინაში შეჭრამდე ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის გლობალური ემოციების ანგარიშს, ალბათ, ოდნავ განსხვავებული შედეგი ექნება და კიდევ რამდენიმე რეკორდს მოხსნის.
კომენტარები