ახალი სიმულაციის დახმარებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასტეროიდებთან შეჯახების გამო, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის პოლუსების მდებარეობა მილიარდობით წლის განმავლობაში იცვლებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთვარის ზედაპირზე გაჩენილი კრატერები ინახავს, რომელთა განაწილებაც ადრეულ მზის სისტემაზე მნიშვნელოვან მონაცემებს გვაწვდის. მსგავსი ღრმულების სიმულაციური ამოვსებით შეგვიძლია, რომ ციური სხეულის ისტორიას მივადევნოთ თვალი და დავასკვნათ, როგორ გარდაიქმნებოდა ის.

სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს NASA-ს სპეციალისტებმა. მათი თქმით, მთვარის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები 4.25 მილიარდი წლის განმავლობაში დაახლოებით 10°-ით ნაცვლდებოდა, რაც 300 კილომეტრის ეკვივალენტურია.

დედამიწის გეოგრაფიული პოლუსები მისი ბრუნვის წარმოსახვითი ღერძის კვეთის ადგილასაა განლაგებული. უკანასკნელი სიმულაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი მოძრაობდა, ეს ღერძი პოზიციას არ იცვლიდა.

მკვლევართა მიგნება შესაძლოა, მთვარეზე წყლის რესურსის მიგნებაშიც დაგვეხმაროს. რადგან ვიცით, რომ ყინული პოლუსების მახლობლად გვხვდება, მათი გადანაცვლების შესწავლით გავიგებთ, სად აორთქლდებოდა ეს ნაერთი და სად შენარჩუნდებოდა მყარ მდგომარეობაში.

აღსანიშნავია, რომ ციური სხეულის პოლუსები მისი მასის განაწილების პარალელურად იცვლება. როცა მთვარის ზედაპირზე ასტროიდი ეცემოდა და კრატერი ჩნდებოდა, უწინდელი ბალანსი ირღვეოდა, რის გამოც ღრუ არეალები პოლუსებისკენ იწევდა, უფრო სავსე რეგიონები კი — ეკვატორისკენ.

სიმულაციისთვის მეცნიერებმა გრავიტაციული ველისა და 19-1200 კილომეტრი დიამეტრის მქონე 5 200 კრატერის შესახებ არსებული მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც კომპიუტერულ მოდელებში გააერთიანეს და დროში უკან "ამოგზაურეს". მომავალში ისინი უფრო მცირე ზომის ღრმულების გათვალისწინებასაც აპირებენ.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Planetary Science Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.