არის თუ არა სიყვარულის "ჯადოსნურობა" ევოლუციური ადაპტაცია?
რა არის სიყვარული და რატომ არის ის ასეთი ჯადოსნური გრძნობა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემამ, შესაძლოა, ბევრი შეყვარებული ადამიანის პრობლემა გადაჭრას.
მას შემდეგ, რაც ადამიანებმა წერა ისწავლეს, ყველაზე მეტი ისტორია სწორედ სიყვარულის შესახებ დაწერეს. ამგვარი ისტორიები, შექსპირის "რომეო და ჯულიეტათი" დაწყებული, დისნეის ანიმაციური ფილმებით დამთავრებული, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. რომანტიკული ისტორიების დიდი ნაწილი, ხშირად, ზებუნებრივ ელემენტებსა და ბედისწერის რწმენას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეცნიერების ეპოქაში ადამიანების უმრავლესობა ზებუნებრივ ძალებს აღიქვამს ილუზიებად, რომელთა წყაროც ადამიანის სურვილებია, სიყვარული დღემდე კაცობრიობის რაციონალურობისკენ ტენდენციის გამონაკლისად რჩება.
ადამიანები მიჩვეულები არიან, რომ სიყვარული აღიქვან, როგორც ბედისწერასთან კოსმიურად შეკრული ძალა. ეს არის იდეა, რომელიც ერთდროულად სასაცილო და იდეალურად შესატყვისია ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც ჰყვარებია და უგრძვნია, რომ "ის ის არის". კვლევის მიხედვით, "საბედისწერო სიყვარულისა" და ე.წ. soulmate-ების ჯადოსნური ცნებები საკმაოდ გავრცელებულია.
და მაინც, რატომ არის სიყვარული ასეთი მაგიური გრძნობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემამ, შესაძლოა, ბევრი შეყვარებული ადამიანის პრობლემა გადაჭრას. უნდა ენდოთ გულს ბრმად ბედნიერებისკენ მიზანსწრაფვაში? თუ უნდა აღიქვათ სიყვარულზე მაგიური აზროვნების ტენდენცია სკეპტიკურად და გულის სწორის ძიებისას რაციონალურობას დაეყრდნოთ?
რა არის სიყვარული და რა უნდა მას ჩვენგან?
სიყვარულისადმი მიძღვნილი პოემებისა და ფილმების შექმნამდეც კი, რომანტიკული სიყვარული ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილი იყო ათასწლეულების განმავლობაში. 4000 წლის წინ დაწერილი მესოპოტამური სასიყვარულო წერილები საოცრად ჰგავს დღევანდელს და მიუხედავად კულტურული განსხვავებებისა და მოლოდინებისა რომანტიკული სიყვარულის მიმართ, ეს ფენომენი, პრაქტიკულად, უნივერსალურია.
მაგრამ რატომ არის სიყვარული ადამიანის გონების ნაწილი? ამ კითხვაზე პასუხს ევოლუციური ფსიქოლოგია გვთავაზობს.
ევოლუციური ფსიქოლოგია ბრუნავს იმ იდეის გარშემო, რომ ადამიანების დღევანდელი ფიქრები თუ ქმედებები განპირობებულია ასობით ათასი წლის განმავლობაში ჩვენი წინაპრების მიერ გადარჩენისა და გამრავლებისათვის დასწავლილი ადაპტაციური თვისებებით. ამ პროცესის საშუალებით, ადამიანის გონება იმგვარად განვითარდა, რომ პრიორიტეტი მიანიჭოს გადარჩენისა და გამრავლებისთვის ხელის შემწყობ ისეთ თვისებებსა და ქმედებებს, როგორებიცაა: ნოყიერი საკვების მიღება და ჯანმრთელი შთამომავლობის დასატოვებლად პოტენციური პარტნიორის შერჩევა.
მაშ, როგორ შეძლო სიყვარულის თავბრუდამხვევმა გრძნობამ და საბედისწერო რომანტიკული ურთიერთობის ალოგიკურმა რწმენამ, დახმარებოდა ჩვენს წინაპრებს გადარჩენასა და რეპროდუქციაში? ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, სიყვარულის უძველესი მიზნის გასაღები ერთგვარ იჯარის ხელშეკრულებაშია.
სიყვარული იჯარის გაფორმებას ჰგავს
რატომ თანხმდებიან ადამიანები ბინების მრავალწლიან იჯარას? ბოლოს და ბოლოს, მოიჯარემ შეიძლება მალე იპოვოს უკეთესი ბინა, ხოლო მესაკუთრემ — უკეთესი მოიჯარე.
პასუხი ის არის, რომ უკეთესი ბინისა თუ მდგმურის ძიება იმდენად შემაწუხებელი და ძვირადღირებული პროცესია, რომ ორივე მხარეს ურჩევნია არასრულყოფილი, მაგრამ დამაკმაყოფილებელი ხელშეკრულების დადება. ხელმოწერილი იჯარის ხელშეკრულება ქმნის ვალდებულებას, რომელიც ამცირებს ალტერნატივების ძიების ცდუნებას და გრძელვადიანად ინარჩუნებს გამოსადეგ წესრიგს.
ადამიანებიც თითქმის იდენტური პრობლემის წინაშე დგანან, როდესაც საქმე პარტნიორის არჩევას ეხება. ადამიანები, სავარაუდოდ, განვითარდნენ იმგვარად, რომ უპირატესობა მიენიჭებინათ მონოგამიური ურთიერთობისთვის, რომელიც, სულ მცირე, იმდენ ხანს გრძელდება, რომ ბავშვის აღზრდა მოესწროს. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანების მიერ ნაშიერის აღზრდა ბევრად ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს. ამ ვალდებულების მასშტაბის გათვალისწინებით, ადამიანებს უამრავი მოტივაცია ჰქონდათ, რომ საუკეთესო პარტნიორი ეპოვათ მის შესასრულებლად.
თუმცა, საუკეთესო პარტნიორის ძიება საკმაოდ დამღლელი და რთული პროცესია. ამიტომ, იმისათვის, რომ ზემოხსენებული პრობლემა გადაიჭრას და ადამიანებმა საკუთარი გენები წარმატებით გადასცენ შთამომავლობას, სჯობს, უსასრულოდ არ ეძიონ სრულყოფილება და დასჯერდნენ საკმარისად კარგ პარტნიორს. ამრიგად, ევოლუციამ შესაძლოა შექმნა სიყვარული, როგორც ბიოლოგიური იჯარის ხელშეკრულება, რომელმაც გადაჭრა ვალდებულების პრობლემა და ასევე, ამ პრობლემის გადაჭრისთვის "დამათრობელი ჯილდოც" უზრუნველყო.
მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული, შესაძლოა, თავდაპირველად განვითარდა რეპროდუქციის ხელშესაწყობად, იგი ასევე ცხოვრების ნაწილია ჰომოსექსუალი, ასექსუალი და სხვა ადამიანებისთვის, რომლების სექსუალობაც გამრავლებასთან არაა დაკავშირებული. მკვლევრები, რომლებმაც გამოიკვლიეს იმავე სქესით მიზიდულობის ევოლუცია, ამტკიცებენ, რომ რომანტიკულ ურთიერთობებს შეუძლია ადაპტაციური უპირატესობების უზრუნველყოფა სექსუალური რეპროდუქციის გარეშეც კი. მნიშვნელოვანია, რომ ვარიაცია არის ევოლუციის ძრავა — ევოლუციური პერსპექტივიდან, არ არსებობს არსებობის ერთი "ნორმალური" ან "იდეალური" გზა.
სიყვარული ინარჩუნებს ერთგულებას
მას შემდეგ, რაც გაივლით პარტნიორის შეყვარების სულისშემკვრელ ფაზას, სიყვარული დაგეხმარებათ, უზრუნველყოთ ერთგულება რამდენიმე გზით.
პირველ რიგში, ის სხვა პოტენციურ მეწყვილეებს ნაკლებად საინტერესოს ხდის. დამაკმაყოფილებელი ურთიერთობის მქონე წყვილები, მარტოხელებისგან განსხვავებით, აფასებენ სხვა კარგი გარეგნობის ადამიანებს, როგორც ნაკლებად მიმზიდველებს. აღქმის ეს ცვლილება პარტნიორს უფრო მიმზიდველად, ხოლო ალტერნატივებს ნაკლებ საინტერესოდ აქცევს, რაც უზრუნველყოფს ძიების პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილებას.
მეორეც, სიყვარული იწვევს ეჭვიანობას, "მეწყვილის მცველის" ადაპტაციას, რომელიც აღძრავს სიფხიზლესა და თავდაცვას მათ მიმართ, ვინც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თქვენს ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვიანობა ტვირთია, რომელსაც ზოგჯერ უკიდურესად მძიმე შედეგები მოსდევს, ევოლუციური ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მას შეუძლია თავიდან აიცილოს ღალატი და სხვების მიერ თქვენი პარტნიორის წართმევის მცდელობა.
დაბოლოს, ისტორიები, რომლებსაც ადამიანები ჰყვებიან საბედისწერო სიყვარულზე, ზრდის მათ თვალში რომანტიკული ურთიერთობის ღირებულებას და ამ გზით, ხელს უწყობს გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნებას.
რატომ შეიძლება იყოს სასარგებლო ჯადოსნური რწმენები სიყვარულის შესახებ?
იჯარის ხელშეკრულებისგან განსხვავებით, ემოციები ხშირად ცვალებადი და არაპროგნოზირებადია. საბედისწერო სიყვარულის ნარატივის დაჯერება კი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალო კავშირის განცდა და მას შეუძლია, უზრუნველყოს პარტნიორების ერთად ყოფნა დროის გრძელვადიან პერიოდში.
მიუხედავად იმისა, რომ საბედისწერო სიყვარულის ჯადოსნური რწმენა ობიექტურად მცდარია, თუკი იგი ხელს უწყობს კარგი პარტნიორისადმი გრძელვადიანი ვალდებულების განმტკიცებას, ესე იგი, ის ასრულებს ადაპტაციურ მიზანს და საკმაოდ რაციონალურადაც შეიძლება ჩაითვალოს. როგორც ნეირომეცნიერმა კარლ დეისეროთმა აღნიშნა, სიყვარული არის "არაგონივრული კავშირი, რომელიც გონივრული ხდება საკუთარი არსებობის ეფექტურობის წყალობით."
ასე რომ, მაშინაც კი, როცა თავად ჯადოსნური სიყვარული ალოგიკურად ჟღერს, სიყვარულის ჯადოსნურად განცდა ლოგიკური რამ არის. კვლევის მიხედვით, სიყვარულის მაგია ეხმარება ადამიანებს, რომ უმტკივნეულოდ მიიღონ უზარმაზარი ვალდებულება და წარმატებით გადასცენ საკუთარი გენები შთამომავლობას.
ზედმეტს ნუ იფიქრებთ
და რა უნდა ქნა მაშინ, როცა იცი, რომ სიყვარულის მაგია მხოლოდ ევოლუციის პრაქტიკული მიზნების და არა ბედნიერებისა თუ უკეთესი რეალობის მისაღწევად არსებობს? შეგიძლიათ, უბრალოდ მიჰყვეთ გულს და იპოვოთ აზრი ამ ბიოლოგიური იმპერატივის რწმენაში.
თუმცა, ამ კლიშეში არის სიმართლის მარცვალი. თუ ამ ჯადოსნური აზროვნების წინააღმდეგ აჯანყდებით, შესაძლოა ზედმეტად დაიტვირთოთ თავი ფიქრით გამოსავლის საპოვნელად ცხოვრებს ერთ-ერთი უდიდესი საჩუქრის მიღებისგან.
კომენტარები