რა ღირს რვეულები, ფანქრები, ფარგალი, პენალი და სხვა სასკოლო ნივთები
ზაფხული დასრულდა — დასრულდა არდადეგებიც. წელიწადის ამ დროს, საშემოდგომო ციებ-ცხელების ეპიცენტრში, როგორც წესი, ბავშვები და მშობლები არიან.
სასკოლო სამზადისი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და უკვე სრულდება. თუმცა, ჯერ კიდევ ხალხმრავლობაა ყველა დახლთან, სადაც სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი იყიდება. იმისთვის რომ გაგვერკვია, დაახლოებით რა თანხაა საჭირო სკოლისთვის მოსამზადებლად, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ბაზარში მივედით.
ჩანთა მოსწავლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. როგორც წესი, სასწავლო წლისთვის მზადებაც სწორედ მისი შეძენით იწყება.
- ზურგჩანთის ღირებულება საშუალოდ 30-დან 70 ლარამდე მერყეობს;
- ბორბლიანი ჩანთის შესაძენად კი დაახლოებით 120 ლარის გადახდა მოგიწევთ.
კიდევ ერთი საჭირო ნივთი პენალია. მისი ფასი ფორმის, ზომისა და დიზაინის მიხედვით იცვლება — 7 ლარიდან იწყება და 20-მდე აღწევს. რაც შეეხება რვეულებს:
- 48-გვერდიანის შეძენას 1 ლარად, ხოლო 100-გვერდიანისას 2 ლარად შეძლებთ;
- განსხვავებულია ე.წ გამოსაწერი რვეულის ფასი — ის 5 ლარი ღირს.
სახატავი რვეულის ღირებულებაც დაახლოებით ასეთია, 3 ლარიდან იწყება, თუმცა მისი ფასიც მზარდია.
გლობუსს დაახლოებით 50 ლარად იყიდით. სათლელის ფასი 1 ლარიდან იწყება, ამდენივე ღირს პატარა წებოც, დიდს კი 5 ლარად შეიძენთ.
- ფანქრის, საშლელისა და სახაზავის ღირებულება 50 თეთრიდან იწყება;
- ფერადი ფანქრების — 3;
- ხოლო ფლომასტერების — 2 ლარიდან.
საშუალოდ 7 ლარი ღირს ფარგალი. კორექტორში კი, ლარ-ნახევრის გადახდა მოგიწევთ.
მარტივი შესამჩნევია, რომ საყიდლებზე გამოსული მშობლების უმეტესობა, თანხის დაზოგვას შედარებით იაფფასიანი ნივთების ყიდვით ცდილობს. გვეუბნებიან, რომ გასულ წელთან შედარებით, ყველაფრის ღირებულება გაზრდილია. მაგალითად, თუ კალმის შეძენა შარშან 60 თეთრად შეეძლოთ, ახლა მისი ღირებულება 80 თეთრიდან იწყება. მათივე თქმით, გაძვირებულია რვეულები და ჩანთებიც.
იმავე კითხვით მივმართეთ გამყიდველებსაც. ზოგი ამბობს, რომ ფასები არ შეცვლილა, ზოგმა კი მატება ახსნა იმით, რომ ქვეყანაში გასულ წელთან შედარებით ყველაფერი გაძვირებულია.
კომენტარები