5 შენობა საქართველოში, რომლის არქიტექტორსაც უნდა იცნობდე
მე-20 საუკუნის ქართული არქიტექტურის ნიმუშებს თითქმის ყოველდღე ვხედავთ და მათ გვერდით ჩავლაც ხშირად გვიწევს. მიუხედავად ამისა, ბევრი ცნობილი შენობის ისტორია და არქიტექტორის ვინაობა მაინც არ ვიცით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზოგ ყველასათვის ნაცნობ შენობას ერთი არქიტექტორი — ლადო ალექსი-მესხიშვილი ჰყავს, რომლის შესახებაც ამ სტატიაში მოგიყვებით.
ლადო ალექსი-მესხიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული არქიტექტორია, რომლის შემოქმედებამაც საქართველოზე, განსაკუთრებით კი თბილისზე, მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ალექსი-მესხიშვილმა არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო.
ალექსი-მესხიშვილის სწავლისა თუ შემოქმედების პერიოდში არქიტექტურაში ორი ძირეული ცვლილება მოხდა: 1. სოციალისტური რეალიზმის დანერგვა (1930-იანი წლები), რომელიც ხელს უწყობდა ეროვნული ნიშნების კონსტრუირებას. 2. სსრკ-ის დადგენილება "დაპროექტებასა და მშენებლობაში ზედმეტობების აღმოფხვრის შესახებ" (1955 წ.), რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სიმარტივეს და მკაცრ ფორმებს, შესაბამისად, აკრძალა ყველა ის დეკორატიული ელემენტი, რითაც წინა პერიოდის არქიტექტურა გამოირჩეოდა. ბუნებრივია, ეს პროცესები ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებაზეც აისახა.
სტატიაში ალექსი-მესხიშვილის არქიტექტორობით შექმნილ 5 ცნობილ შენობას ნახავ, რომელთა ისტორიითაც, ალბათ, აქამდე არ დაინტერესებულხარ. დღეიდან კი გეცოდინება, რომ ამ შენობებს ერთი არქიტექტორი ჰყავს.
1. თბილისის სპორტის სასახლე
თბილისის სპორტის სასახლესთან ჩავლა დედაქალაქის მაცხოვრებლებს, ალბათ, ყველაზე ხშირად უწევთ. მისი მშენებლობა 1957 წელს დაიწყო და 1961 წელს დასრულდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, სასახლე სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრს მასპინძლობს. ალექსი-მესხიშვილთან ერთად, მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ არქიტექტორები იური კასრაძე, თემო ჯაფარიძე და კონსტრუქტორი დავით ქაჯაია.
2. საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი
საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის მშენებლობა, რომელშიც დღეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებია განთავსებული, 1967 წელს დასრულდა. შენობის არქიტექტურაზე ლადო ალექსი-მესხიშვილმა გურამ გაბაშვილთან ერთად იმუშავა.
3. ცენტრალური ფოსტისა და ტელეგრაფის შენობა
თბილისის ცენტრალური ფოსტის მშენებლობა 1980 წელს დასრულდა. დღეს კი ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph არის განთავსებული. შენობის არქიტექტორები ლადო ალექსი-მესხიშვილი და თეიმურაზ მიქაშავიძე არიან, კონსტრუქტორი კი — გურამ მებუკე.
4. სანატორიუმი იმერეთი
სანატორიუმი იმერეთი თავისი გამორჩეული არქიტექტურით დღემდე საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ალექსი-მესხიშვილთან ერთად სანატორიუმზე არქიტექტორებმა ლევან ჯანელიძემ და თინათინ ფანიაშვილმა იმუშავებს. სანატორიუმი, რომელიც წყალტუბოში მდებარეობს, 1948–1957 წლებში აშენდა.
5. თბილისის ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობა
თბილისის ჭადრაკის და ალპური კლუბის შენობა 1973 წელს გაიხსნა. ალექსი-მესხიშვილთან ერთად შენობის არქიტექტურაზე გერმანე ღუდუშაურიც მუშაობდა. შენობას საქართველოს მთავრობის 2019 წლის განკარგულებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ ალექსი-მესხიშვილი არასოდეს ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი. ამის მიუხედავად, ის იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული სახელოსნოს, თბილქალაქპროექტის ხელმძღვანელი იყო. ლადო ალექსი-მესხიშვილი პარალელურად ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. სიცოცხლეშივე მას მიენიჭა საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, საკავშირო მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატის, კომკავშირის პრემიის ლაურეატის წოდებები, ასევე, გარდაცვალების შემდეგ — საქართველოს და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიები.
თიბისის მხარდაჭერით, ლადო ალექსი-მესხიშვილის გამოფენა გაიმართება, რომელიც 20 სექტემბერს გაიხსნება. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება როგორც ოჯახის მიერ შემონახული მასალა, ასევე საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ლადოს თანამშრომლების პირად არქივებში მოძიებული მასალა. გამოფენა, რომლის პარტნიორებიც საქართველოს ეროვნული არქივი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არიან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიხსნება.
კომენტარები