გაიცანით თეონა: გოგო, რომელიც 2008 წელს ომს გადაურჩა, ლატვიაში ლტოლვილებს ეხმარება
თეონა 2017 წელს გავიცანი, პირველ სამსახურში ერთად აგვიყვანეს და მომდევნო ორი წელი გვერდიგვერდ გავატარეთ. ყოველდღე წეროვანიდან დადიოდა. არასდროს დაუგვიანია. მუშაობდა იმ დღეებშიც, როცა უნდა დაესვენა, მუშაობდა მონდომებით, ერთი მიზნის მისაღწევად — სასწავლებლად დაბრუნებულიყო მეორე სახლში, ლატვიაში და ყველასთვის მოეყოლა, რომ მისი პირველი სახლი რუსეთის ოკუპაციას შეეწირა.
"ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, პატარა კაფე ან საცხობი მქონოდა ", — მეუბნება დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი 26 წლის თეონა ღერკენაშვილი, რომელიც ბოლო სამი წელია, რიგაში ცხოვრობს, ლატვიელებს ქართულ სამზარეულოს აცნობს და უკრაინიდან ლტოლვილებს სრულიად უფასოდ საკუთარ რესტორანში მასპინძლობს.
რიგაში ჯერ ორი წელი გაცვლითი პროგრამით ისწავლა, მერე კი, 2019 წელს, მესამედ მიიღო ლატვიის სახელმწიფოსგან გრანტი და მაგისტრატურაზე სწავლა დაიწყო. ის, რომ ლატვიაში მხოლოდ სასწავლებლად არ ბრუნდებოდა, თავიდანვე იცოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, ბიზნესი წამოეწყო. წასვლამდე ორი თვით ადრე კულინარიის კურსები გაიარა და რიგაში დაბრუნებისთანავე ბავშვობის ოცნების ასახდენად ყველაფერი ნულიდან დაიწყო.
"თბილისის" შექმნამდე თეონამ რამდენიმე კვირით ადრე ქართული სამზარეულოს შესწავლა დამოუკიდებლად დაიწყო. ცხობის კურსი, რომელიც მანამდე საქართველოში გაიარა, საკმარისი არ იყო. თან მაგისტრატურაზე სწავლობდა, თან რესტორანს ხსნიდა.
"ჩემით ვისწავლე ხაჭაპურის, ხინკლის, სუპების კეთება. თავიდან არ გამომდიოდა, მაგრამ პრაქტიკაში დავიხვეწე და ახლა თუ იკითხავ, სად არის ლატვიაში ყველაზე გემრიელი ხაჭაპური, გეტყვიან, რომ თეონასთან", — ამბობს და აღნიშნავს, რომ ახლა ყველიც კი თვითონ ამოჰყავს და თან რიგით მესამე კაფეს ხსნის — ისევ ნულიდან.
თბილისი რიგაში
თეონას პირველი რესტორანი "თბილისი" ძალიან პატარა იყო, მაგრამ, როგორც ამბობს, უეცრად გახდა პოპულარული. "ხალხი ჩვენზე წერდა ტვიტერზე, ინსტაგრამზე. მაშინ ამდენი ქართული ობიექტი აქ არ იყო, მითუმეტეს ისეთი, რომელსაც ქართველი ფლობდა და მართავდა. მე მაშინ ერთადერთი ვიყავი რიგაში. ჩემი კაფე სულ არ იყო "Fancy", პირიქით, ძალიან პატარა სივრცე იყო, არც ისე კარგ ქუჩაზე, მაგრამ პოპულარული გახდა. ტელევიზიებიდანაც მოვიდნენ, მესტუმრა ლატვიის ჯანდაცვის მინისტრიც. თუმცა, თავიდან სულ არ ვიცოდი, ვინ მოდიოდა".
მერე პანდემია დაიწყო და ყველაფერი დაიკეტა. მაისამდე დაიხურა "თბილისიც", მაგრამ როგორც თეონა ამბობს, იმ ორ-სამ თვეში, რაც რესტორანმა იმუშავა, ბევრი ერთგული კლიენტი შეიძინა და მაშინაც კი, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო, ისინი მაინც უკვეთავდნენ კერძებს. თეონაც ერთი საათით აღებდა სამზარეულოს, ამზადებდა და ცხელ-ცხელს ატანდა.
"ასე, რაღაცნაირად, გადავრჩით", — ამბობს ის.
პანდემიის შემსუბუქების შემდეგ მცირე ხნით "თბილისმა" ისევ განაგრძო მუშაობა, მაგრამ პრობლემები შეიქმნა და თეონამ სხვა, უკეთეს ადგილას გახსნა პატარა ჯიხური.
"ძალიან მინდოდა გამეკეთებინა ისეთი რაღაც, რასაც საქართველოში თითქმის ყველა კუთხეში შეხვდები — სწრაფი, გემრიელი, ქართული. ასეთი რამ ლატვიაში არ არის, ქუჩაში ვერ იყიდი რამეს, მითუმეტეს — ხაჭაპურს. ამიტომ გავხსენი პატარა ჯიხური და იქვე ვაცხობდი ყველაფერს. ამან დიდი წარმატება მომიტანა, ხალხმა გაიცნო ქართული სამზარეულო. ჩემი ბიზნესის მთავარი ნიშა იყო ის, რომ არასდროს ვუშვებდი მომხმარებელს გამოულაპარაკებლად. აქ, ლატვიაში, თითქოს, ცოტა ცივი ხალხია, მაგრამ როცა ხედავენ, რომ გამოლაპარაკებას ცდილობ, ეს ყინული ნელ-ნელა დნება და მერე კარგი ურთიერთობებიც ყალიბდება. ამით ბევრი კლიენტი მოვიზიდე. ვაცნობდი არა მარტო ჩვენს სამზარეულოს, არამედ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს".
ფოტო: თეონა ღერკენაშვილი
ამასობაში, იმდენი კლიენტი შეიძინა, რომ ჯიხური საკმარისი აღარ იყო. ამიტომაც ქალაქის ცენტრში დიდი რესტორანი გახსნა. ამ რესტორანს უფრო მეტი წარმატება ხვდა წილად. მას სტუმრობდნენ ადგილობრივებიც და ტურისტებიც. და როგორც თეონა ამბობს, მომხმარებლებს გამორჩეული სერვისით იზიდავდა.
"თუ გადახედავდით შეფასებებს გუგლში, ხალხი მარტო კერძებს კი არ იწონებდა, არამედ ხაზს უსვამდა მაღალი დონის სერვის, როგორ ვესაუბრებოდით ყველას მეგობრულად. მართლაც ასე იყო, ყველას ვეკითხებოდით, იყვნენ თუ არა ნამყოფი საქართველოში, როგორი დრო გაატარეს. ეს, რა თქმა უნდა, ხალხზე კარგად მუშაობს, მნიშვნელოვნად აგრძნობინებ თავს და მერე ბრუნდებიან ისევ".
უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად
უკრაინის ომზე საუბარი თეონასთვის ძალიან რთული და ემოციურია. ამბობს, რომ მას კარგად ესმის, რას გრძნობენ უკრაინელები ახლა.
"პირველ დღეს, როცა ეს საშინელი ამბავი გავიგე, მთელი დღე ვათვალიერებდი ფეისბუქს და ვნახულობდი პოსტებს, თუ რას აკეთებდნენ ქართველები უკრაინელების დასახმარებლად. ლატვიაში ჯერ მსგავსი არაფერი ხდებოდა. ვიფიქრე, რომ მართალია, მე არ ვარ საქართველოში, მაგრამ ვარ ლატვიაში, სადაც შეიძლება ჩამოსული იყვნენ უკრაინელი ტურისტები, რომლებიც უკან ვერ ბრუნდებიან, ამოწურეს ბიუჯეტი, მე კი შემეძლო მათ დავხმარებოდი. ეს განვიხილე გუნდთან, ყველა თანახმა იყო. 24 თებერვალსვე დავპოსტე ლატვიის ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც ტურისტები ერთიანდებიან, რომ ჩვენ მოხარულები ვიქნებოდით, თუ მივიღებდით უკრაინელებს, რომლებიც ლატვიაში ჩარჩნენ. იქვე დავწერე, რომ მე თვითონ ვარ... ჩემი გამოცდილებაც დავწერე... ვთქვი, რომ ზუსტად ვიცოდი, რას ნიშნავდა სახლის გარეშე დარჩენა და ვთავაზობდი ყველანაირ მომსახურებას მათ. რამდენიმე საათში ამ პოსტს ასობით, ათასობით გაზიარება ჰქონდა, თან ეს უცნაურია, რადგან ლატვია პატარა ქვეყანაა."
თეონამ თავიდანვე იცოდა, რომ უკრაინელებისთვის კომფორტული გარემო უნდა დაეხვედრებინა.
"მინდოდა ეგრძნოთ, რომ იყვნენ ჩვეულებრივი რესტორნის კლიენტები და არა უბრალოდ, ბენეფიციარები. მათ, ჩვეულებრივ, სრული ხელმისაწვდომობა ჰქონდათ მენიუზე, კერძებზე, სასმელებზე".
როგორც ამბობს, ეს დღე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე საოცარი იყო მის ცხოვრებაში. ბევრი დადებითი ემოციაც მიიღო, თუმცა ყველაფერს ძალიან განიცდიდა.
ჩემთვის ზედმეტად ემოციური იყო. როცა კადრებს უყურებ, გინდა არ გინდა, გახსენდება ის, რაც ოდესღაც შენი თვალით ნახე... თან იმ დილით ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ 14 წლის ბავშვი ველოსიპედით სეირნობდა და ბომბზე აფეთქდა. ეს ყველაფერი რომ მოხდა ჩვენთან, მე 13 წლის ვიყავი და ძალიან... ძალიან ახლოს მოვიდა ეს ყველაფერი... ძალიან ემოციური იყო.
უკრაინელებმა რესტორანში მისვლა იმავე დღეს დაიწყეს, თუმცა, თეონა ამბობს, რომ პირველ დღეს ისეთი ადამიანები მოდიოდნენ, რომლებსაც დახმარება არ სჭირდებოდათ, უბრალოდ, მიდიოდნენ, ეხუტებოდნენ და მადლობას უხდიდნენ ამ საქმისთვის. მეორე დღეს კი ზუსტად ის ადამიანები მიიღეს, რომლებისთვისაც ეს შეთავაზება გააკეთა.
"მოვიდნენ ტურისტები, რომლებიც უკან ვერ ბრუნდებოდნენ. მახსოვს, იყვნენ ისეთი ხალხი, რომლებიც 24-ში დილით უნდა გაფრენილიყვნენ სახლში, ამოწურული ჰქონდათ ამ დღეებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, მართლა საჭმლის ფულიც არ ჰქონდათ დარჩენილი, მოდიოდნენ და ეს იყო ისეთი ემოციური... როგორც ვახსენე, თავიდანვე ჩემი მიზანი იყო ის, რომ არ მეგრძნობინებინა თავი მათთვის, თითქოს ისინი იყვნენ განსხვავებული, ან უნდა შემცოდებოდა. ვცდილობდი, რომ ყველა ახლოდან გამეცნო. არ მინდოდა უბრალოდ მოსულიყვნენ, საჭმელი მიმეცა და წასულიყვნენ. მივდიოდი მათთან, ველაპარაკებოდი, ჩემს ტკივილსაც ვუზიარებდი. ის ურთიერთობები, რომლებიც ამ დღეებში შევიძინე, ძალიან ძვირფასია ჩემთვის".
რამდენიმე დღეში უკრაინიდან ლტოლვილები ჩამოვიდნენ. გაიზარდა კლიენტების რაოდენობაც. თეონა იხსენებს, რომ ჰქონდათ დღეები, როცა 50-60 უკრაინელი მიუღიათ და ამ ყველაფერს მარტო უძღვებოდა, მხოლოდ ორი დამხმარე ჰყავდა.
ამ ინიციატივის გამო თეონას რესტორნის ცნობადობა გაიზარდა. "ალბათ ასეთი რამ არცერთ სხვა რესტორანს არ დამართვია", — ამბობს თეო და მიიჩნევს, რომ მისმა ისტორიამ სხვებსაც უბიძგა, უკრაინელებს დახმარებოდნენ.
"სამი ტელევიზია მოვიდა, მათთვის საინტერესო იყო ის, რომ მე თვითონ ერთხელ ომს გადარჩენილი, ახლა სხვა ომიდან გამოქცეულებს ვეხმარებოდი. ძალიან დიდი დახმარება მივიღე ხალხისგან. თუმცა, ჩვენც ძალიან ძალიან დავიხარჯეთ".
განსაკუთრებით მადლიერია ლატვიელი ხალხის.
"ადრე ვფიქრობდი, რომ ლატვიელები თავისებურები იყვნენ, გასაჭირში მხარში არ დაგიდგებოდნენ, მაგრამ ალბათ ასე იმიტომ მიმაჩნდა, რომ არ ვყოფილვარ გასაჭირში და მათთვის დახმარება არ მითხოვია. ახლა კი, როცა ტელევიზიებით მასებს მისწვდა ეს ამბავი, მოდიოდნენ სხვადასხვა ქალაქიდან, მრავალი კილომეტრით შორს მდებარე ადგილებიდან, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირათ. მოდიოდნენ, იხდიდნენ საკუთარი შეკვეთის ფულს, ამატებდნენ 50, 30, 20 ევროს და მთხოვდნენ, მათ სახელზე უკრაინელებს გავმასპინძლებოდი. მოდიოდნენ და უხმოდ აკეთებდნენ სიკეთეს", — იხსენებს თეონა.
თეონას ამ ინიციატივაში სხვა რესტორნებმაც მიბაძეს, თუმცა, როგორც ამბობს, სხვები, უმეტესად, სპეციალურ მენიუს სთავაზობდნენ ლტოლვილებს და რიგში დგომით იღებდნენ მათ.
"მე ეს არ მინდოდა. ბევრჯერ დამითმია მაგიდა პირველ რიგში უკრაინელებისთვის, როცა სხვა მომხმარებლები მელოდებოდნენ. არ მინდოდა ეფიქრათ, რომ უბრალოდ გამოგვკვებეს და გაგვიშვესო. იმიტომ, რომ მე ეს მახსოვს... როცა დევნილები გავხდით და ყველაფერი დავკარგეთ.. მამაჩემი ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ადამიანი იყო ჩვენს სოფელში, ყველაფერი გვქონდა და უცებ — არაფერი.. უცებ ხდები სხვისი ხელის შემყურე. მართალია, მაშინ ჩემმა მშობლებმა მოახერხეს და ცხოვრება გავაგრძელეთ, მაგრამ მაინც გამოვცადე, რას ნიშნავს იყო სხვისი დახმარების მოლოდინში, რას ნიშნავს, როცა მოდის ჰუმანიტარული დახმარება... ეს არ არის კარგი შეგრძნება. სწორედ ეს არ მინდოდა. არ მინდოდა, რიგში ჩამდგარიყვნენ და ჯამით სუპი მიმეწოდებინა..."
ამბობს, რომ ეს იყო მისი ცხოვრების ყველაზე რთული თვეები იყო. რთული ემოციურად და ფიზიკურად. მერე პერსონალის პრობლემა შეექმნა და ამ ყველაფერის წინაშე მარტო აღმოჩნდა.
"რთული გახდა ამ ყველაფრის მარტო გაძღოლა და გადავწყვიტე, გამესხვისებინა რესტორანი. სხვანაირად ვეღარ გავაგრძელებდი, მაშინ უნდა დამეხურა. ეს ემოციურად ძალიან რთული იყო. სამი წელი, ფაქტობრივად, საკუთარი ხელით ავაშენე ყველაფერი. მაგრამ არ გავჩერებულვარ. წამოვედი "თბილისიდან" და ახალ ადგილას გავხსენი "ბათუმი ბისტრო", პატარა კაფე, პატარა ტერასით."
ფოტო: თეონა ღერკენაშვილი
გეგმები დიდი აქვს და გაჩერებას არ აპირებს. უნდა, რაღაც განსხვავებული შექმნას. ახლა ქართული კერძების "სთრით ფუდად" ქცევას აპირებს, რამდენიმე პატარა კვების ობიექტს მართავს და იმედი აქვს, რომ ზენიტში ავა მისი ეს საქმე, ისე, როგორც რესტორანი "თბილისი" ავიდა.
მთავარი კი მისთვის ისაა, რომ ადამიანებმა გაიცნეს. გაიცნეს, როგორც გაჭირვებიდან გამოსული ადამიანი, რომელიც სხვებს დაეხმარა.
"ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ახლა ხალხი მოდის არა მარტო ხაჭაპურის ან ქართული კერძების გასასინჯად, არამედ მოდის თეონასთან. თითქოს, ბრენდივით გახდა... ყველამ იცის თეონა... ჟურნალებშიც დაიბეჭდა სტატიები, მათ შორის ერთ-ერთი ჟურნალისთვის საქართველოს ელჩთან ერთად მოვამზადე კერძები, მანამდე კი ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა Delfy.lv-მ დაწერა ჩემზე".
მასზე ხშირად ამბობენ ფრაზას "from survivor to savior" (გადარჩენილი, რომელიც გადამრჩენელად იქცა)". ეს გზა კი ნამდვილად არ ყოფილა მარტივი.
From Survivor to Savior
2008 წელს, როცა ომი დაიწყო, თეონა 13 წლის იყო. ბოლოს საკუთარი სახლი 4 აგვისტოს ნახა.
"ბევრმა იცის, რომ დიდი ლიახვის ხეობაში, ქემერტში, სადაც მე ვცხოვრობდი, მშვიდობა თითქმის არასდროს ყოფილა. რაც თავი მახსოვს, სულ იყო დაძაბულობა, ისმოდა სროლის ხმა, ბოლო რამდენიმე წელი გზაც ჩაკეტილი იყო და ხეობა შემოვლითი გზით, ტყის გავლით უკავშირდებოდა დანარჩენ საქართველოს. განსაკუთრებით დაძაბული სიტუაცია მახსოვს უკვე ივლისის ბოლო პერიოდიდან. სოფლები და მოსახლეობა არ იბომბებოდა, მაგრამ მთებში იყვნენ განლაგებული ოსები, რუსები, ქართველები, ერთმანეთს ესროდნენ და მათ შორის იყო მოქცეული ხეობა. გვესმოდა ეს ყველაფერი და საშიშროება იყო. როცა სიტუაცია განსაკუთრებით გამძაფრდა, 28 ივლისიდან 3 აგვისტომდე, ფაქტობრივად, სარდაფში ვიმალებოდით და ვემზადებოდით წამოსასვლელად".
თეონას ოჯახს მეორე სახლი გორში ჰქონდა, ნათესავები კი მცხეთასა და საგურამოში ჰყავდა. ამბობს, რომ ეგულებოდათ უსაფრთხო ადგილი, სადაც გაიქცეოდნენ, მაგრამ სჯეროდათ, რომ ახლაც ისე იქნებოდა ყველაფერი, როგორც წინა წლებში.
"გვეგონა, ცოტა ხნით იქნებოდა დაძაბულობა, მერე ისევ ჩაწყნარდებოდა ყველაფერი და გავაგრძელებდით მშვიდად ცხოვრებას, ამიტომ არ გამოვდიოდით სარდაფიდან".
იგი იხსენებს, რომ მშობლები სახლის მეორე სართულზე დაძინების უფლებას არ აძლევდნენ, რადგან შეიძლებოდა, ნებისმიერ მომენტში დასცემოდა ბომბი.
"2 თუ 3 აგვისტოს დილას პირველად ძალიან ახლოს გავიგონე ბომბის ხმა. დღემდე მახსოვს, რა საშინელებაა, როცა ბომბი გიფეთქდება ასე ახლოს.. როცა საფრთხე არსებობს და გასაქცევი არ გაქვს... ეს ყველაზე დასამახსოვრებელი დილა იყო. მერე როგორც გაირკვა, მიმდებარე სოფელში ჩამოვარდა ბომბი, მაგრამ იმდენად ახლოს ისმოდა... იმედია, არასდროს გაგიგონია ბომბის ხმა, მე მანამდე შორიდან მქონდა გაგონილი ეს ხმა, მთებში, მაგრამ ამას იმდენად დიდი ხმა ჰქონდა, რომ მეგონა ჩემს ბაღში ჩამოვარდა... 4 აგვისტოს დილით მამაჩემმა გაგვამზადა და გამოგვიყვანა. თავიდან გორში ვაპირებდით გადავსულიყავით, მაგრამ საფრთხე გორსაც ემუქრებოდა და ამიტომ მცხეთაში წავედით. ფაქტობრივად, 4 აგვისტო იყო ბოლო დღე, როცა სახლი ვნახე და...", — აქ საუბრის გაგრძელება ორივეს გაგვიჭირდა. თეონასთვის ცრემლების გარეშე რთულია ამ პერიოდის გახსენება, განსაკუთრებით მძიმე კი იმის მოსმენა აღმოჩნდა, რაც შემდეგ მოყვა.
"ჩვენ 4 აგვისტოს გამოვედით, მამაჩემი — 8 აგვისტოს, როცა საჰაერო დაბომბვა დაიწყეს... ეს საშინელი ისტორიაა, როგორ გამოაღწიეს ხეობას თავი ხალხმა. მამაჩემი ჰყვება, რომ ბომბები მანქანის წინ უფეთქდებოდა და რომ ჩამოვიდა მცხეთაში, მანქანა განადგურებული იყო, შუშები აღარ ჰქონდა.. ბებო დარჩა იქ და აგვისტოს ბოლოს გამოვიდა, წითელმა ჯვარმა გამოიყვანა. მან იცოდა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა ამ დროის განმავლობაში. როგორც თვითონ ჰყვებოდა, ჯერ გაძარცვეს ჩვენი სახლი. ჩვენი სახლით დაიწყეს, რადგან ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კარგი სახლი ჩვენს ხეობაში. ყველანაირი ტექნიკა გაიტანეს რუსმა და ოსმა ჯარისკაცებმა, ბებო გამოიყვანეს გარეთ, სახლს ცეცხლი წაუკიდეს და აყურებინეს, როგორ დაიწვა საკუთარი ხელით აშენებული... ასე დაემართა ყველა სახლს, რომელიც ამ ხეობაში იყო. წლების მერე გავიგეთ, რომ დარჩენილი კედლები გადაასწორეს და იქ სამხედრო ბაზა ააშენეს".
ამ დღის შემდეგ არც თეონას და არც მის ოჯახს იქ შესვლის საშუალება აღარ აქვს. ამბობს, რომც შევიდეთ, სახლი აღარაა და ვერც მივხვდები, სად უნდა მივიდე, რომ ის ადგილი ვიპოვო, სადაც ძველად ვცხოვრობდითო.
თეონას საბოლოო მიზანი საქართველოში დაბრუნებაა. მიიჩნევს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, აქაურობა კარგი ადგილია ბიზნესის საკეთებლად. ფიქრობს იმასაც, რომ, იქნებ, ისე გაიზარდოს მისი ბიზნესი საზღვარგარეთ, საქართველოდან შეძლოს მისი კონტროლი.
როგორ მიაღწიე ამ ყველაფერს? — ვკითხე თეონას, რომლის შრომისმოყვარეობის მომსწრე მანამდე ნამდვილად ვიყავი, თუმცა მისი ისტორია ასე დეტალურად აქამდე არ მომისმენია.
"არასდროს ვუშინდები ცვლილებებს. ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იყო ჩემი რესტორანი და ამ სიარულში იმდენი ადამიანი შემოვიკრიბე, რომ ხაჭაპური ახლა რიგაში თეონასთან ასოცირდება. თუ გაქვს დიდი მიზანი ან თუნდაც ყოველდღიურად საკუთარ თავს პატარ-პატარა მიზნებს უსახავ და ამისთვის სულ შრომობ, აუცილებლად დაგიფასდება. ომგამოვლილი, დაზარალებული, არაფრისმქონე ადამიანი ვიყავი და ახლა ევროპის ერთ-ერთ კარგ ქვეყანაში საკუთარი ბიზნესი მაქვს, თანაც შევძელი, რომ ამდენ ადამიანს დავხმარებოდი. იმედია, ეს სხვებისთვისაც საინტერესო იქნება და ერთ ადამიანს მაინც მისცემს მოტივაციას".
კომენტარები