თიბისი ქალთა გაძლიერებისთვის
თიბისის, როგორც რეგიონში წამყვანი საბანკო ჯგუფის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ამ მისიის ნაწილია ქალთა გაძლიერება და ტექნოლოგიურ სფეროში მათი დასაქმების ხელშეწყობა. ამას კომპანია სხვადასხვა გზით აღწევს — ქმნის მრავალფეროვან და თანასწორ გარემოს კომპანიის შიგნით. გარდა ამისა,ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომელთა მიზანიც ქალების პროფესიული განვითარება, დასაქმება, ქალი მეწარმეების მხარდაჭერა, თანამშრომლების გაძლიერება და ზოგადად, გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ამ ბლოგში რამდენიმე ინიციატივის შესახებ მოგიყვებით და გაგაცნობთ თიბისის, როგორც ქალების მხარდამჭერს ტექნოლოგიებში და მის მიღმა.
500 ქალი ტექნოლოგიებში
500 ქალი ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამაა საქართველოში, რომლის მიზანი ტექნოლოგიურ დარგებში ქალების გაძლიერებაა. პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU), გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, თიბისის და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შეიქმნა. პროგრამის დახმარებით, ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან უკვე ეუფლებიან ყველაზე პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სპეციალობებს ტექნოლოგიებში, გადიან ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს და მონაწილეობას იღებენ კარიერულ ბუთქემფებში, რომლებიც მათ სამუშაოს მოსაძიებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. გარდა ამისა, პროექტი მონაწილეებს ინდივიდუალურ მენტორებთან მუშაობასაც სთავაზობს, რაც ქალებს კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში უწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში, თიბისისა და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, შედეგად, თიბისი პროგრამის გამორჩეულ მონაწილეებს IT აკადემიაში გადაამზადებს. თიბისი IT აკადემიას 2019 წლიდან ავითარებს და მისი დახმარებით მუდმივად უწყობს ხელს გოგოებსა და ქალებს ტექნოლოგიურ სფეროში პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო
თიბისის ქალთა გაძლიერების მისიის ნაწილია კიდევ ერთი დიდი პროექტი, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო. იგი 2021 წლიდან საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში მრავალფეროვნების წახალისებასა და ქალთა როლის წარმოჩენას ისახავს მიზნად. ექვს განსხვავებულ კატეგორიაში პროექტის ორგანიზატორები აჯილდოებენ იმ ადამიანებს, სტარტაპებსა თუ პროექტებს, რომლებისთვისაც თანასწორი, მრავალფეროვანი, ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებული გარემო პრიორიტეტულია. მათ გამოსავლენად ჟიური სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით კომპლექტდება.
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დაარსდა. თიბისი, როგორც პროექტის პარტნიორი, ორ ნომინაციაში გამარჯვებულს — საუკეთესო ტექნოლოგიურ სტარტაპსა და მომავლის ლიდერს უჭერს მხარს და თავიანთ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს სთავაზობს.
"გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მიზნები პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის სტრატეგიასთან. თიბისისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ქალების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. მოხარულები ვართ, რომ პროექტი თიბისის პარტნიორობით გრძელდება და მომდევნო წლებშიც გამოავლენს საინტერესო ადამიანებსა თუ ინიციატივებს, ამასთან — წარმოაჩენს მისაბაძ მაგალითებს ICT დარგში", — აცხადებს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი.
Progress not Perfection — კამპანია Women Techmakers Georgia-სგან
Women Techmakers, Google-ის გლობალური პროგრამა, რომლის მიზანი ტექნოლოგიებში ქალების მხარდაჭერა და ხილვადობის გაზრდაა, საქართველოში სამთვიან მასშტაბურ კამპანიას #ProgressNotPerfection ახორციელებს. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ინიციატივა თავს უყრის და ერთმანეთთან აკავშირებს ათასობით დეველოპერს ერთი მიზნით — წარმოაჩინოს ქალების წვლილი დარგში და ხელი შეწყოს გენდერული თანასწორობის მიღწევას. თიბისი კამპანიის გენერალური სპონსორია.
თიბისის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე ტექნოლოგიური ღონისძიება გაიმართება, მათ შორის ვორქშოპები Front-End, Angular, Hardware საკითხებზე, სესიები კარიერულ განვითარებაზე, CV-ის მომზადებასა თუ ტექნიკურ გასაუბრებაზე, ასევე გამოწვევები Python და ML მიმართულებით.
“თიბისისთვის განსაკუთრებით საამაყოა, ვიყოთ Women Techmakers Georgia-ს პარტნიორები და წლევანდელი კამპანიის #ProgressNotPerfection გენერალური სპონსორები. ეს პროექტი ტექნოლოგიების დარგში ქალების მიღწევებს წარმოაჩენს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანასწორობის მიღწევას ისახავს მიზნად. ჩვენ, როგორც დიდი ტექნოლოგიური კომპანია, სრულად ვიზიარებთ ამ ღირებულებებს და მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა ინიციატივას, რომელიც ქალთა გაძლიერებისკენ იქნება მიმართული”, — აღნიშნავს გვანცა მურღვლიანი.
ქალები თიბისიში
არაერთი კვლევა მოწმობს, რომ ის კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ ქალთა გაძლიერებაზე და ქმნიან მრავალფეროვან, თანასწორ გარემოს ორგანიზაციის შიგნით, უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. სწორედ ესაა თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამიტომაც, კომპანიაში ქალების ლიდერობას პროაქტიულად ვუწყობთ ხელს. შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში, თიბისიმ საბანკო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს შორის პირველი ადგილი დაიკავა მმართველ საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების 45.5%-იანი წარმომადგენლობით. საგულისხმოა ისიც, რომ, 2021 წლის მონაცემებით, თიბისიში დასაქმებულთა 71% ქალია და საშუალო რგოლის მენეჯერების 36%-ს ქალები წარმოადგენენ.
"FTSE 250 რეიტინგში, ქალთა გაძლიერების კუთხით, თიბისის ლიდერი პოზიცია ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო და საამაყოა. 2020 წლის შემდეგ, ამ მიმართულებით კომპანიის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც თიბისის გაზრდილი ძალისხმევის და თანასწორობაზე ორიენტირებული პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია. თიბისი ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, თანაბარი შესაძლებლობებით, თანასწორი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით, ისე ბაზარზე და საზოგადოებაში", — აცხადებს ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისი საქართველოში ქალთა გაძლიერების კუთხით სამაგალითო კომპანიად დასახელდა ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) მიერ; 2022 წლის 4 აპრილს კი თიბისი პირველი კერძო კომპანია გახდა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 2021 წელს კი, თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ისეთი ეკონომიკური და სოციალური პირობების შექმნის მხარდაჭერა , რომლებიც ქალებს და კაცებს განვითარების შესაძლებლობას მისცემს, დაიცავს მათ თანასწორ უფლებებს სამუშაო სივრცესა და სოციუმში და იზრუნებს მათ გაძლიერებაზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
კომენტარები