ნახეთ: როგორი იქნება რუსეთის კოსმოსური სადგური
რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ, როსკოსმოსმა, ახლახან საკუთარი სამომავლო კოსმოსური სადგურის ფიზიკური მოდელი წარადგინა, რომელშიც მას შემდეგ გადაინაცვლებენ, რაც ISS-ს დატოვებენ.
შეგახსენებთ, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ამერიკისა და ევროპის მიერ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება, რამაც როსკოსმოსის მაშინდელი ხელმძღვანელის, დმიტრი როგოზინის უკმაყოფილება გამოიწვია. მისგან საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვების "მუქარამ" არაერთხელ გაიჟღერა, ახლა კი უკვე ცნობილია, რომ ეს 2024 წლის შემდეგ მართლაც მოხდება.
მიზანი დასავლეთის ქვეყნებზე დამოკიდებულების შემსუბუქებაა, რადგან სანქციები საჰაერო-კოსმოსურ ინდუსტრიასაც შეეხო. რუსეთს სურს, იქ მოღვაწეობა დამოუკიდებლად ან სხვა პარტნიორებთან ერთად (ჩინეთი, ირანი) განაგრძოს, ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი კი სწორედ ახალი კოსმოსური სადგურია, სახელად Ross.
როსკოსმოსის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, იური ბორისოვმა განაცხადა, რომ ზემოხსენებულ პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ორბიტაზე ჯერ 4 მოდულს გაუშვებენ, შემდეგ კი 2-ს მიამატებენ სპეციალურ პლატფორმასთან ერთად. სადგური 4 კოსმონავტზე იქნება გათვლილი, რომლებიც წლის განმავლობაში 2 ხანგრძლივ მისიას შეასრულებენ.
მოდულების გაგზავნის პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, 2025-26 წლებში მოექცევა, მეორე კი — 2030-35 წლებში. NASA-ში იმედოვნებენ, რომ ISS ექსპლუატაციაში 2030 წლამდე დარჩება, რის შემდეგაც ის ატმოსფეროში შემოვა და მრავალწლიან მოგზაურობას ოკეანეში დაასრულებს.
კომენტარები