ცნობილ ამერიკელ მუსიკოს ბიონსეს მის სიმღერაში ტექსტის შეცვლას კიდევ ერთხელ სთხოვენ. ამჯერად, თეთრი სახლის ყოფილმა სტაჟიორმა, მონიკა ლევინსკიმ, მომღერალს ტვიტერზე 9 წლის წინანდელი სიმღერა შეახსენა, სადაც იგი მოხსენიებულია.

ლევინსკი ცნობილი 1990-იანებში პრეზიდენტ ბილ კლინტონთან დაკავშირებული გახმაურებული საქმის შემდეგ გახდა. ყოფილმა პრეზიდენტმა მაშინ აღიარა, რომ ლევინსკისთან ურთიერთობა ჰქონდა, რის შემდეგაც მას იმპიჩმენტიც მოუწია.

2013 წელს გამოშვებულ მეხუთე სტუდიურ ალბომში კი ბიონსეს ერთ-ერთი სიმღერაა Partition. მისი ტექსტის ერთ ნაწილში მონიკას სახელიც ფიგურირებს.

ის ისეთი აღგზნებულია [...]
ღილები გამიხსნა და ბლუზი შემომახია
მთელი კაბა დამიმონიკალევინსკა"

ლევინსკი, რომელსაც ტვიტერის აღწერაში "რეპ-სიმღერის მუზა" უწერია, ბიონსეს მიერ მოხსენიებას აქამდეც გამოხმაურებია. 2014 წელს მან აღნიშნა, რომ მუსიკოსის მადლობელია, თუმცა, მას ტექსტის შესწორება შესთავაზა.

"მაილი საირუსმა თავისი თვერქის საცეკვაო ნომერში ჩემზე მიუთითა, ემინემმა ჩემზე გარეპა, ბიონსეს ახალ ჰიტში კი ნახსენებიც ვარ", — განაცხადა მაშინ ლევინსკიმ, — "თუმცა, ბიონსე, თუკი ზმნას ვიყენებთ, მგონი, შენ იგულისხმე 'დაბილკლინტონება' და არა 'დამონიკალევინსკება'".

ამჯერად, თეთრი სახლის ყოფილმა სტაჟიორმა ბიონსეს მიერ სიმღერის ტექსტის შეცვლის ამბავი გააზიარა და დაწერა, "თუკი საქმე დავიწყეთ..." და იქვე Partition-ის ჰეშტეგიც მიუთითა.

მონიკას ჰკითხეს, აქამდე რატომ არ ადარდებდა სიმღერის ტექსტი, რაზეც მან უპასუხა, რომ წინათ "სიტუაციას იუმორით უდგებოდა".

თუმცა, ლევინსკის ამ ნაბიჯის გადადგმისკენ, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელმა ამბავმა უბიძგა: ბიონსე ახალი ალბომის ერთ-ერთ სიმღერაში ეიბლისტური ტერმინის გამოყენებისთვის გააკრიტიკეს, რის შემდეგაც მომღერალმა ტექსტი შეცვალა.

რაც შეეხება კლინტონისა და ლევინსკის გახმაურებულ საქმეს, მან მაშინდელ ამერიკაში დისკუსია გააღვივა, თუ რას ნიშნავს "თანხმობა" ურთიერთობებში. მართალია, ლევინსკი იმ დროს უკვე სრულწლოვანი იყო, თუმცა, იგი ძალაუფლების სხვაობაზე უსვამს ხაზს.

"სრულიად მიუღებელია, რადგან ჩემი უფროსი 49 წლის იყო", — გასულ წელს ასე გაიხსენა ამბავი მონიკამ, — "მე კი 22 წლის ვიყავი, კოლეჯი ის-ის იყო, დავამთავრე. მე ვფიქრობ, რომ ძალაუფლებს შორის სხვაობა იყო. 22 წლის ასაკში იყო რაღაცები, რომელთა შედეგსაც მაშინ ვერ ვხვდებოდი, 48 წლის ასაკში კი განსხვავებულად ვიგებ უკვე".