გერმანიაში მდებარე ბოხუმის რურის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს იმუნო-ინფრაწითელი სენსორი, რომელიც სისხლის ანალიზებზე დაყრდნობით ალცჰაიმერის დაავადებას სიმპტომების გაჩენამდე 17 წლით ადრე ავლენს. ეს დროული მკურნალობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

სპეციალისტებმა ინოვაციური მეთოდი გერმანიის ონკოლოგიური კვლევების ცენტრში მოღვაწე კოლეგებთან ერთად შეიმუშავეს. მათი მოწყობილობა პეპტიდ ბეტა ამილოიდებზეა კონცენტრირებული, რომელთა არასწორი ფორმირებაც ტვინში ამ ტიპის დემენციისთვის დამახასიათებელი დანალექის გაჩენას უწყობს ხელს. ადამიანთა სისხლის ახალი ხერხით შესწავლა მსგავსი რისკის ნაადრევი გამოვლენის საშუალებას იძლევა.

გუნდმა 2000-დან 2002 წლამდე პერიოდში კვლევაში მონაწილეების ორგანიზმიდან აღებული სისხლის პლაზმის ნიმუშები გააანალიზეს და შეარჩიეს 68 პირი, რომელსაც მომდევნო 17 წლის განმავლობაში ალცჰაიმერი დაუდგინდა. შემდეგ მათი შედეგები კონტროლ ჯგუფში შემავალი 240 ადამიანის შედეგებს შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ ამ 68 ადამიანის სისხლში გლიალური ფიბრილარული მჟავე ცილის (GFAP) კონცენტრაცია კლინიკური სიმპტომების გაჩენამდეც კი საეჭვო იყო და ალცჰაიმერზე მიანიშნებდა. შესაბამისად ბეტა-ამილოიდებთან ერთად, ესეც კარგი ინდიკატორია, ორივე მათგანი კი სენსორის სიზუსტეს განაპირობებს.

მეცნიერები გეგმავენ, რომ ეს მეთოდი, მოზრდილ ადამიანებში გამოცადონ და მათში ზემოხსენებული დაავადების რისკი შეაფასონ. ამ მიზნის განსახორციელებლად და ალცჰაიმერის ჩამოყალიბებისთვის ხელის შეშლის გზების საძიებლად, დაარსდა სტარტაპიც, სახელად betaSENSE.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Alzheimer's Association გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.