პირველი აზერბაიჯანელი დევნილები 29 წლის შემდეგ დევნილობიდან დაბრუნდნენ
41 ოჯახი ზანგილანის რაიონის სოფელ აღალიდან გახდა პირველი იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანელები, რომელიც მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ მშობლიურ ქალაქებში დაბრუნდა.
19 ივლისს სოფელში დაბრუნებულთა პირველი ტალღა გაემგზავრა — ისინი ასი ათასობით დევნილთა შორის პირველები არიან, რომლებსაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლში გადასულ ტერიტორიებზე სახლებს დაჰპირდნენ. უცნობია, როდის მიეცემა მეტს დაბრუნების საშუალება.
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწფო კომიტეტის სპიკერმა, იბრაჰიმ მირზაიევმა OC Media-ს განუცხადა, რომ ამ ოჯახებს სამსახურებითაც უზრუნველყოფენ.
"41 ოჯახიდან თითო წევრს სამუშაოები შევთავაზეთ და დათანხმდნენ", — თქვა მან.
მისი თქმით, ოჯახები დევნილებისთვის გამოყოფილი სოციალურ დახმარების მიღებას 3 წლის განმავლობაში გააგრძელებენ.
მთავრობის თანახმად, აღალში 200-მდე სახლი ააშენეს და ამჟამად კიდევ 150 სახლის, მათ შორის, რამდენიმე 2 და 3-სართულიანი ბინების მშენებლობა მიმდინარეობს.
სოფლის რეკონსტრუქცია საპილოტე პროექტის, ჭკვიანი სოფლის ნაწილია — ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2021 წელს, ზანგილანის რაიონში ვიზიტის დროს გახსნა.
აღალი სომხეთის კონტროლის ქვეშ 1993 წლის ოქტომბერში, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს მოექცა. აზერბაიჯანმა სოფელზე კონტროლი 27 წლის შემდეგ, 2020 წლის ოქტომბერში, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს დაიბრუნა.
პირველი ომის დროს, ზანგილანის რაიონის თითქმის მთლიანი მოსახლეობა, რომლებიც ეთნიკურად აზერბაიჯანელები იყვნენ, გადაასახლეს. სატელიტის ფოტოები აჩვენებს, რომ ომის შემდეგ სოფელი გაანადგურეს.
2020 წლის 10 ნოემბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა და ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის ნაწილებზე, ასევე, მიმდებარედ 7 რაიონზე კონტროლი აზერბაიჯანმა დაამყარა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები