ნახეთ: ახალი პროგრამა ჯეიმს ვების ტელესკოპისა და ჰაბლის სურათების შედარების საშუალებას გაძლევთ
ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული გასაოცარი სურათები, ალბათ, უკვე ყველამ იხილეთ და მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის შესაძლებლობებშიც დარწმუნდით. ეს გამოსახულებები, რა თქმა უნდა, ამაზე პირდაპირ მეტყველებს, მაგრამ თუ უფრო მეტი გსურთ, საუკეთესო გზა ჰაბლის იმავე ფოტოებთან მათი შედარებაა.
ასევე, იხილეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპმა იუპიტერიც გადაიღო! — იხილეთ მზის სისტემის აირის გიგანტი მის ობიექტივში
ინტერნეტსივრცეში ახალი პროგრამა გამოჩნდა, რომელიც ამის საშუალებას გაძლევთ. ბმულზე გადასვლისას ვებისა და ჰაბლის სურათებს, რომლებზეც ერთი და იგივე ობიექტებია აღბეჭდილი, გვერდიგვერდ დაინახავთ. მათ შესადარებლად საკმარისია, შუაში არსებული ისრებიანი ხაზი გვერდით გადაწიოთ. ამ ხელსაწყოს მიახლოებისა და სრულ ეკრანზე ჩვენების ფუნქციაც აქვს, რითაც ფოტოებს უკეთ დააკვირდებით.
მართალია, ჯეიმს ვები მის წინამორბედ ჰაბლზე ბევრად მძლავრია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ უკანასკნელმა თავის დროზე ასტრონომია უმაღლეს საფეხურზე აიყვანა და უამრავ აღმოჩენას დაუდო საფუძველი. ის ჩვენ გაოცებას დღემდე ახერხებს, ხოლო მის ზღვა მონაცემებში, სავარაუდოდ, კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველის.
ასევე, იხილეთ: ვების ტელესკოპმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლის, ნისლისა და ღრუბლების კვალი აღმოაჩინა
რაც შეეხება ვებს, ამ ობსერვატორიის გაშვებას ძალიან დიდხანს ველოდით. საბოლოოდ, ის სამყაროს შესასწავლად 25 დეკემბერს გაგზავნეს. აპარატი დედამიწიდან 1.5 მილიონი კილომეტრის დისტანციაზე მოძრაობს, რაც მას, ჰაბლთან შედარებით, კოსმოსის უფრო ფართო არეალზე დაკვირვების საშუალებას აძლევს.
მისი მეშვეობით კაცობრიობა კოსმოსის წარსულში გაიხედება და უკეთ შეისწავლის როგორც შორეულ ვარსკვლავებს, გალაქტიკებს, ნისლეულებს, შავ ხვრელებსა თუ პლანეტებს, ასევე თავად მზის სისტემას.
პროგრამაზე გადასასვლელად, აქ დააჭირეთ.
კომენტარები