ახლახან საზოგადოებამ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული გასაოცარი ფოტოები იხილა, მათ შორისაა ნისლეულები და გალაქტიკათა ჯგუფები, რომლებიც უპრეცედენტოდ დეტალურადაა აღბეჭდილი. სიახლეებს შორისაა შორეული ეგზოპლანეტის სპექტრული მონაცემებიც, რომლებმაც მის ატმოსფეროში წყლის ორთქლის, ნისლისა და ღრუბლების კვალი გამოავლინა.

სანამ ამ სურათების შთაბეჭდილების ქვეშ მყოფებს მშვიდად გვეძინა, მედიაში კიდევ 2 თვალწარმტაცი ფოტო გავრცელდა, რომლებზეც, არც მეტი, არც ნაკლები, იუპიტერია ნაჩვენები. კადრები მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ანგარიშშია შეტანილი და მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ტესტირებისასაა დაფიქსირებული.

ფოტო: NASA, ESA, CSA,STSc

ამ გამოსახულებებზე მზის სისტემის აირის გიგანტად წოდებულ ციურ სხეულს, მის რგოლებსა და ბუნებრივ თანამგზავრებს — ევროპას, თებესა და მეტიდას ვხედავთ. პირველ მათგანში, მარცხენა მხარეს, ევროპის ჩრდილი პლანეტის დიდ წითელ ლაქასთან ახლოს ეცემა. მარცხენა ფოტო ტელესკოპის ახლო ინფრაწითელმა კამერამ NIRCam მოკლე ტალღების ფილტრით გადაიღო, მეორეში კი გრძელი ტალღების ფილტრია გამოყენებული.

ტესტირების მიზანი იმის დადგენა იყო, შეძლებდა თუ არა აპარატი სწრაფად მოძრავი ობიექტების დაფიქსირებას, რის ფარგლებშიც ის 9 სამიზნეზე კონცენტრირდა. იუპიტერი მათგან ყველაზე ნელი იყო. ცდით დადგინდა, რომ ვებს კაშკაშა ციური სხეულების ისეთი დეტალების "დანახვა" შეუძლია, როგორიც მაგალითად, მკრთალი რგოლებია. ამას ობსერვატორია ახლომდებარე ვარსკვლავების "გიდის" ფუნქციით გამოყენების გზით ახერხებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპის მეშვეობით დედამიწასთან ახლოს მოძრავ ასტეროიდებსა და კომეტებს თვალს მარტივად მივადევნებთ. მეცნიერები ამბობენ, რომ ის იმაზე ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რის გამოც წინ მრავალი აღმოჩენა გველის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.