თქვენს ჯინსს თქვენს მობილურთან შეეძლება კომუნიკაცია — Microsoft-მა ჭკვიანი ქსოვილი დააპატენტა
Microsoft-მა გამოიგონა "ჭკვიანი ქსოვილი, რომელსაც ობიექტებისა და სენსორული შეხების აღქმა შეუძლია".
რას ნიშნავს ჭკვიანი ქსოვილი?
ჭკვიანი ქსოვილი გულისხმობს ტექსტილს, რომელიც თავის სტრუქტურასა და მატერიაში შეიცავს სენსორულ და დამაკავშირებელ ტექნოლოგიებს.
Microsoft-ის გამოგონება ეხება ქსოვილს ჯინსის ჯიბეში. ქსოვილი ერთმანეთთან დაკავშირებული სენსორული ფენებისგან შედგება, რომელთაც ობიექტების და ჟესტიკულაციის, არავერბალური ქცევის აღქმა შეუძლიათ.
არა, ეს უფრო მეტია, ვიდრე მასალაში სენსორის უბრალო ჩაშენება. ამ ქსოვილს შეუძლია ასევე მონაცემების მიღება, გადამუშავება და გადაცემა.
აქვე ერთვება კომპიუტერული სისტემა, რომელიც მანქანური სწავლების მოდელს შეიცავს. ის იღებს და ამუშავებს შემოსულ მონაცემებს და აშენებს პროგნოზირების მოდელებს. შედეგად ჭკვიან ქსოვილს შეუძლია მის გვერდით მოთავსებული ობიექტის ან მის მიმართ გაკეთებული არავერბალური ჟესტის ამოცნობა.
კომპიუტერულ სისტემას შეუძლია იმის ამოცნობა, არის თუ არა კონკრეტული ნივთი თქვენს ჯიბეში. მაგალითად, თქვენს ჯიბეს შეუძლია თქვენს მობილურზე შეტყობინების გაგზავნა, რომ ჯიბეში აღარაა ლიფტის ხურდა ან ხელის სანიტაიზერი.
რაც შეეხება ჟესტებს — თუ თქვენ ტელეფონს ჯიბეზე ახახუნებთ, თქვენი ჯიბე თქვენს მობილურს იმ ბრძანებას გასცემს, რომელსაც თქვენ დააყენებთ. ეს შეიძლება სხვადასხვა აპლიკაციის თუ თამაშის დროსაც იყოს გამოყენებული.
ეს არ არის Microsoft-ის პირველი ნაბიჯები ამ სფეროში
Microsoft ჭკვიანი ქსოვილებითა და ტანსაცმლით 2010 წლიდანაა დაინტერესებული და არაერთი გამოგონება დააპატენტა, როგორიცაა, მაგალითად, ელექტრონული მატყლი ჭკვიანი პერანგებისა და ხელთათმანებისთვის.
ახლანდელი გამოგონება 2020 წლის პროექტის "Capacitivo"-ს ერთგვარი გაგრძელებაა. ეს უკანასკნელი არის ჭკვიანი მაგიდის ქსოვილი, რომელსაც საკვების, ხილის და სითხეების იდენტიფიცირება შეუძლია.
რამდენად გაყიდვადია ასეთი პროდუქცია?
დღეს ჭკვიანი ქსოვილების არაერთი საინტერესო პროექტი არსებობს — მაგალითად, ჭკვიანი ბანდაჟი, რომელსაც ჭრილობების მონიტორინგი და მკურნალობა შეუძლია; პერანგი, რომელსაც ტემპერატურის შემცირება ძალუძს; ან ქსოვილი, რომელსაც უბრალოდ მოსმენა შეუძლია. მაგრამ როდესაც საქმე სამომხმარებლო ბაზარზე მიდგება, ამ პროექტებიდან მხოლოდ მცირედი ხორციელდება რეალურ ცხოვრებაში.
2010 წლიდან მოყოლებული ინტერესი ჭკვიანი ქსოვილების მიმართ გაიზარდა. ჩადებული ინვესტიციებისა და კვლევების წყალობით, მსგავსი ქსოვილების წარმოება დაჩქარდა, გაიაფდა და შემადგენელი კომპონენტების ზომაც შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სტარტეპების ადრეულ ეტაპზე ბევრს სჯეროდა, ტექნიკით აღჭურვილი ტანსაცმელი საკმაოდ გამოსადეგი იქნებოდა და ჩვენი კარადის განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
Google-ის პროექტი Jacquard-მა თუ Levis-ის ჯინსებმა, რომლებშიც გამტარ ქსოვილებსა და სენსორებს იყენებდნენ, გაყიდვებში დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს.
რჩება რა? — მხოლოდ ის, რომ ეს ტანსაცმელი გამოფინონ მუზეუმებში ან მოდის ჩვენებებზე გაიტანონ. Microsoft-ს აქვს პათოსი, რომ მისი ყველა პროდუქტი ინკლუზიური იყოს, მაგრამ რამდენად შეძლებს ის ამ პროდუქტის მისაღებ ფასად გაყიდვის უზრუნველყოფას, არავინ იცის.
კომენტარები