ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ ერთ კვირაში დააშავა
მაშინ, როცა ქართული ოცნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის შექმნას აანონსებს, პარტიის წევრები, სიძულვილის ენით ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობენ. ბოლო დღეებში მმართველი გუნდისგან გინება, შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიური ლექსიკა მოვისმინეთ, იყო ძალადობაც, როგორც დეპუტატების, ასევე, პარტიის მხარდამჭერების მხრიდან.
დღეს ვისაუბრებთ რამდენიმე შემთხვევაზე, რომელიც აჩვენებს, როგორ ასრულებს ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციებს.
დეპუტატმა მედიის დამფუძნებელს დაარტყა
აშშ-ის საელჩოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ასეულობით ადამიანის გარემოცვაში, კრიტიკული მედიის, TV პირველის მფლობელს თავს დაესხა.
ანრი ოხანაშვილი საკუთარი ქმედებების გამართლებას, ისეთ საკითხებზე აპელირებით შეეცადა, როგორიცაა "ქართველობა" და "კაცობა". ამბობს, რომ მისი ქმედება "პროპორციული" იყო, "ზღვარგადასული არაფერი გაუკეთებია" და წერეთელმა "მიიღო პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".
მეტიც, პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, ამტკიცებს, რომ ეს იყო თავდასხმა მასზე და "პროვოკაციაზე" უმკაცრეს რეაგირებას ითხოვს. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები საფრთხისშემცველ გარემოში მუშაობენ და მმართველი გუნდის ქმედებები ძალადობას ახალისებს.
TV პირველის დამფუძნებელი აშშ-ის საელჩოს მოუწოდებს, გაასაჯაროოს კადრები და აღნიშნავს, რომ ოხანაშვილმა ამ საქციელით ხელი არა მხოლოდ მას, არამედ მთელს საელჩოს დაარტყა.
დეპუტატმა მოქალაქეებს აგინა
3 ივლისს ქართული ოცნების დეპუტატმა მმართველი პარტიის ოფისთან მისულ აქციის, #შინევროპისკენ მონაწილეებს აგინა. შენობას სპეცდანიშნულების რაზმები და ათეულობით პოლიციელი იცავდა, როცა დიმიტრი სამხარაძე აივნიდან გადმოდგა და გინება დაიწყო. თან ეს გადაიღო და ფეისბუქზე ატვირთა. თუმცა, ამით არ დაკმაყოფილდა, ეზოში ჩავიდა და პოლიციის კორდონს მიღმა ხალხს ისევ აგინა.
ბოდიშის მოხდის და შეცდომის აღიარების ნაცვლად, მეორე დღეს აგრესიული რიტორიკა ფეისბუქზე გააგრძელა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამხარაძე შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენიებს აქციის მონაწილეებს, აქტივისტებს ან ოპოზიციას.
ზოგადად, არც ქართული ოცნებისგანაა სიახლე. ამაში დასარწმუნებლად, ბოლო რამდენიმე შემთხვევაც გვეყოფა — სამგორის გამგებელმა სულ ჩიტები, უფრო ზუსტად, სი*ები ეძახა აქციის მონაწილეებს. ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ კი პრეზიდენტი ოფიციალური გვერდიდან დაწყევლა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქტივისტების მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენა
ამ სიას აგრძელებს თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თანაგუნდელებსაც და საკუთარ თავსაც "აჯობა". მართალია, ისიც გამოირჩევა ოპონენტების მიმართ შეურაცხმყოფელი რიტორიკით, მაგრამ ჰომოფობიური ლექსიკით მაინც გაგვაკვირვა.
გამიჭირდება შეფასება, ალბათ, ვისაც არ ქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი.
"ლიბერასტებს" ჰომოფობიური ქვეტექსტით პრორუსული ძალადობრივი ჯგუფები და სასულიერო პირები სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებენ. მაგრამ ბოლო დღეებში აღმოვაჩინეთ, რომ, შესაძლოა, ეს სიტყვა მთავრობის წევრმაც თქვას, თან ორჯერ, შეცდომის აღიარებისა და გააზრების გარეშე.
მმართველ გუნდში შეურაცხყოფას, ჰომოფობიასა და ძალადობას არავინ გაემიჯნა
ფოტო: ქართული ოცნება
ქართულ ოცნებაში არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, რომელიც ძალადობას ყოველგვარი მაგრამის გარეშე დაგმობდა. მაგალითად, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ოხანაშვილის მხრიდან ძალადობის გამართლებას "ადამიანური ფაქტორით" ცდილობდა და ამბობდა, რომ თუ პროვოკაციაა, ბუნებრივია, "შეიძლება ცუდი რეაქცია მოჰყვეს". ზარქუა და მგალობლიშვილიც, რომლებიც ვატო წერეთელმა ინციდენტის მონაწილეებად დაასახელა, ცდილობდნენ ისე წარმოეჩინათ, თითქოს, როცა საქმე "კაცის ღირსებას" ეხება, მსგავსი საქციელი მისაღებია. მათი აზრით, ძალადობა ცუდია, მაგრამ...
იგივე მოხდა სამხარაძისა და რიჟვაძის შემთხვევაშიც. იმის მიუხედავად, რომ დეპუტატმა თქვა, ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნისო, პარტიის თავმჯდომარე ირწმუნება, თითქოს მან ბოდიში მოიხადა და ამით "ყველაფერი ნათქვამია". რაც შეეხება რიჟვაძეს, ირაკლი კობახიძე ჰომოფობიურ ლექსიკას არათუ გაემიჯნა, განაცხადა, რომ "ყველა თავის სათქმელს ისე გამოხატავს, როგორც გამოხატავს".
საჯარო მოხელეები და პარტაქტივი #შინევროპისკენ კამპანიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ
3 ივლისის აქციამდე აქტივისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები თბილისსა და რეგიონებში საინფორმაციო კამპანიას ატარებდნენ. ამ დროს ქართული ოცნების პარტაქტივი იმავეს აკეთებდა, რასაც მათი ლიდერები — ორგანიზატორებს თავს ესხმოდნენ, ერთნაირი მესიჯბოქსებით უპირისპირებოდნენ და შეხვედრების ჩაშლას ცდილობდნენ.
თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ კამპანია #შინევროპისკენ მონაწილეებს. იქ შეკრებილი სტუდენტების თქმით, მოძალადეები ქართული ოცნების მხარდამჭერები და მმართველი პარტიის მიერ მიყვანილი ზონდერები არიან.
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
თავდასხმები იყო რეგიონებშიც. გორში პარტია ლელოს წევრს, ბადრი ჯაფარიძეს მუნიციპალიტეტის სპორტის, განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელმა მწვანილი ესროლა. კახეთში კი თელავის საკრებულოს წევრმა ბუკა პეტრიაშვილი მუზეუმში არ შეუშვა.
მარნეულში რამდენიმე პირი ეთნიკურად აზერბაიჯანელ აქტივისტს, სამირა ბაირამოვას დაუპირისპირდა. როგორც რადიო მარნეული წერს, აქტივისტებს ხელს ადგილობრივი მერიის, საკრებულოს და ააიპე-ბის თანამშრომლები უშლიდნენ.
სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმები დამაშინებელ გარემოს ქმნის.
და ბოლოს, "წასულების" ანტიდასავლური რიტორიკა
მართალია, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი პარტიიდან წავიდნენ, მაგრამ მაშინვე თქვეს, რომ იდეურად ქართულ ოცნებასთან სრული თანხმობა აქვთ და მხოლოდ "მეტის სალაპარაკოდ" მიდიან. თურმე ჯერ კიდევ იყო რაღაც ისეთი, რისი თქმაც ხელისუფლება არ უკადრია.
ფოტო: ქართული ოცნება / Pia.ge
როგორც აღმოჩნდა, "მეტ სიმართლეში" რევოლუციური თეორიების განვრცობა და ანტიდასავლური რიტორიკა იგულისხმებოდა. მათ განაცხადეს, რომ ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა გახდა საჭირო, ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის შექმნა იყო, თან ისე წარმოაჩინეს, თითქოს ეს ევროპას სურდა. ასევე ამტკიცებდნენ, რომ ევროკავშირის წევრობის "30-წლიან მოსაცდელშიც" არ შეგვიშვებენ, რათა რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ.
- წასულები: კანდიდატის თემა იყო "სათაგური", რომელშიც ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს
- წასულები: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს სასაცილოდ ეჩვენება "წასულების" ანტიევროპელებად მოხსენიება, ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.
შეგახსენებთ, რომ ეს პროცესები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მასშტაბურ აქციებზე მოქალაქეთა ნაწილი პრემიერმინისტრის გადადგომასა და რეკომენდაციების შესასრულებლად ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდა. ქართული ოცნება კი კომისიების შექმნაზე მუშაობდა, რომლებმაც პრობლემები უნდა გამოასწოროს.
კომენტარები