ბრძოლა თანასწორობისთვის წლიდან წლამდე — ანუ როგორ იგეგმება პრაიდფესტივალი
არაერთი წელია საქართველოსა და მსოფლიოში ლგბტ ადამიანები თანასწორობას ითხოვენ. ჰომოფობიურ გარემოში ეს ბრძოლა საფრთხისშემცველია — ძალადობრივი ჯგუფები ცდილობენ, მათ საჯარო სივრცეში არსებობის უფლება და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდონ. ასე მოხდა 1 წლის წინაც, როცა პრორუსულმა, აგრესიულმა პირებმა თბილისის ქუჩებში დევნეს აქტივისტები, დაარბიეს მათი ოფისები და იძალადეს ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესს აშუქებდნენ.
2021 წლის კვირეულს თავიდანვე დაუპირისპირდნენ კრემლისა და ეკლესიის მართული პირები, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს აპროტესტებდნენ. ისინი შეიკრიბნენ ფილმის ჩვენების დროს, პრაიდ ფესტივალზეც, მაგრამ განსაკუთრებული მობილიზება 5 ივლისს, ღირსების მარშისთვის ჰქონდათ. ღონისძიებების ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიცვა, თუმცა რუსთაველის გამზირზე მათი რაოდენობა იმდენად არასაკმარისი იყო, რომ ათეულობით აგრესიული ადამიანი თითო ჟურნალისტს და ოპერატოს ესხმოდა თავს.
წელს განსხვავებული მოცემულობაა — ღირსების მარში არ ტარდება, ამიტომ ძალადობრივი ალტ-ინფო ამჯერად ფესტივალს ებრძვის, რომელიც 2 ივლისს არის დაგეგმილი.
პრაიდის კვირეულის განსხვავებულ ფორმატზე რამდენიმე ფაქტორმა იქონია ზეგავლენა. თბილისი პრაიდის წევრებმა და ორგანიზატორებმა On.ge-სთან ისაუბრეს, როგორ გეგმავდნენ ლგბტ თემისთვის წლის ყველაზე მნივნელოვან დღეებს.
რატომ არ ტარდება ღირსების მარში
კვირეულის ამ ნაწილის გაუქმებას ორგანიზატორები დიდ კომპრომისად აფასებენ. მიზეზად კი არამხოლოდ შარშანდელ მოვლენებს, არამედ წლევანდელ კონტექსტს ასახელებენ. Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას განმარტებით, არ სურთ, ამ მნიშვნელოვან ისტორიულ გზაგასაყარზე ქვეყანაში შეიქმნას რაიმე დაძაბულობის კერა.
"გვაქვს რამდენიმე თვე იმისთვის, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ. ლგბტ თემმა კიდევ ერთხელ გამოვიჩინეთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და უარი ვთქვით მარშზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესები ჩვენთვის პირველ ადგილზე დგას, ამიტომ წელს შედარებით უფრო დახურულად ვიკრიბებით", — ამბობს კვარაცხელია.
პრაიდის კვირეულის ერთ-ერთი მოხალისე და კოორდინატორი, მიკო შახდინარიანი განმარტავს, რომ ორგანიზაციის საჯარო პოლიტიკის ხედვით, საჯარო აქტივობები ჰომოფობიის დაძლევაში ეხმარებათ, სწორედ ამის გამოა უარის თქმა კომპრომისი.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, განიხილავდნენ ჩაეტარებინათ თუ არა მარში, კანდიდატის სტატუსზე უარის შემდეგ კი საბოლოოდ გადაწყდა, რომ წელს არ იქნებოდა.
"ვიცით, რომ ასეთ საჯარო ღონისძიებებს მოჰყვება ხოლმე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა. შესაბამისად უთანხმოებებისთვისა და პოლარიზაციისთვის თავის ასარიდებლად, გადავწყვიტეთ, წელს მარშზე უარის თქმა", — ამბობს ის.
როგორ რეაგირებენ მუქარაზე
აქტივისტებისთვის არ გვიკითხავს გრძნობდნენ თუ არა შიშს, მაგრამ ვკითხეთ დაგეგმვის პროცესში პირველ პრიორიტეტად რას აყენებდნენ — გვითხრეს, რომ უსაფრთხოებას. იციან, რომ არაფერია გამორიცხული და უსაფრთხოების ნორმებს მაქსიმალურად იცავენ.
აქვთ ვერიფიკაციის მრავალწლიანი, კარგად შემუშავებული სისტემა და არასდროს მომხდარა ისე, რომ დახურულ ღონისძიებაზე ვინმე ჰომოფობიურად განწყობილ ადამიანს შეეღწიოს. წინასწარ არ ასაჯაროებენ ლოკაციებსაც, მიუხედავად ამისა, ჰომოფობიური ჯგუფებისთვის მაინც ყოველთვის ცნობილია, სად ტარდება მათი ღონისძიებები.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები პირდაპირ არიან დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ცნობილი ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთში ცვლიან ინფორმაციას და არიან კოორდინაციაში.
შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ყველა ის მცდელობა, რომ ღონისძიებების ადგილმდებარეობა იყოს გასაიდუმლოებული, არის განწირული. ჩვენ ვნახეთ, რომ კონსტანტინე მორგოშიამ პრაიდ კვირეულის დაანონსებისთანავე იცოდა ფესტივალის ადგილმდებარეობა, ამიტომ ვფიქრობთ, ეს ფუჭი მცდელობაა, რომ დავმალოთ ინფორმაცია", — ამბობს მარიამ კვარაცხელია.
წელს პრაიდის კვირეულის ორგანიზებაში ჩართულია მოძრაობა მწვანეებიც, რომელიც პრაიდფესტზე მწვანე კუთხეს მოაწყობს. სპიკერი თორნიკე კუსიანი გვეუბნება, რომ ქვიარ ადამიანები, უბრალოდ, დაიღალნენ იმისგან, რომ, ფაქტობრივად, მათი არსებობაა პრობლემა.
"ყველამ უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ და გარეთ, საჯარო შეკრებაზე უარი ვთქვით — ანუ კონსტიტუციურ უფლებაზე ვთქვით უარი. მიუხედავად ამისა, მაინც ვხდებით მსხვერპლი ფაშისტური პარტიის, ალტ-ინფოსი, რომელიც ცდილობს, შარშანდელივით დააორგანიზოს აგრესია. ყველაზე ძალიან რისიც გვეშინია, არის ის, რომ ამ აგრესიულმა ადამიანებმა ქუჩაში არ დაუწყონ სხვებს დევნა, რადგან 2021-ში სწორედ ეს გააკეთეს. ვინც მოხვდათ ხელში, იმას ურტყამდნენ", — ამბობს კუსიანი.
მისივე თქმით, რისკი არის, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინსიტრო, ერთი მხრივ, აძლევს გარანტიას, რომ უშუალოდ ღონისძიება დაცული იქნება, მეორე მხრივ, კი შესაძლებელია, ასეთი რამ ქალაქში მოხდეს.
"ამჯერად უკვე დახურულ ღონისძიებაზეც კი პრობლემა აქვთ. ფაქტობრივად აქამდე რა ნარატივიც იყო — საწოლში რაც გინდათ ის აკეთეთ — უკვე გაქრა, თურმე უკვე ჩვენი არსებობა ყოფილა პრობლემა", — ამბობს აქტივისტი.
კვირეულის ორგანიზატორების, თემის წევრების მთავარი მოთხოვნა ახლაც და აქამდეც 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დაკავებაა. ალტ-ინფოს ეთერში ისევ ისმის მუქარები ლგბტ თემის, პრაიდფესტის მიმართ, რის გამოც ისინი გამოკითხვაზე დაიბარეს და დაწყებულია გამოძიება.
მარიამ კვარაცხელიას განცხადებით, ალტ-ინფო მარშის არჩატარების გადაწყვეტილების გამო კი არ უნდა ზეიმობდეს, უნდა გლოვობდეს იმას, რომ სრულიად მარგინალიზდნენ, რადგან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მთელმა საქართველომ დაინახა მათი რეალური სახე.
"თუ ომამდე ალტ-ინფო პოზიციონირებდა, როგორც ოჯახის სიწმინდის დამცველი და ანტილგბტ ჯგუფი, ომის დაწყების შემდეგ ხალხმა დაინახა, რომ ისინი არიან ღიად პროპუტინისტური, პრორუსული ჯგუფი, რომელთა მიზანია საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება და ევროინტეგრაციის ხელშეშლა", — ამბობს ის.
რა იყო და იქნება წელს განსხვავებული
კვირეულის ორი ღონისძიება უკვე ჩატარდა. პირველი იყო ფილმის, სველი ქვიშის ჩვენება. ლოკაცია — იგივე, სიტუაცია — შედარებით მშვიდი. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს კლუბთან მხოლოდ ოციოდე ჰომოფობი შეიკრიბა.
ამჯერად ძალადობრივი ჯგუფები და მმკ-ს სასულიერო პირები გზის მიღმა ჩუმად იდგნენ და სტუმრებისთვის ბოთლები და ქვები არ უსვრიათ. თუმცა, ღონისძიების სტუმრებს მაინც პოლიციის კორდონის გავლა და უსაფრთხოების წესების დაცვა მოუწიათ.
მეორე — რეგინალური ლგბტ კონფერენცია იყო, სადაც ამდენივე ჰომოფობი მივიდა, ოღონდ უფრო შორს და ისევ პოლიციის უკან აღმოჩდნენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ელჩები და აქტივისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის ცნობილი უკრაინელი აქტივისტი ოლენა შევჩენკო.
მან თქვა, რომ მთავარი შიში, რომელიც ლგბტ თემის წევრებს უკრაინაში აქვთ, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ ცხოვრებაა. აღნიშნა, რომ ომის პირველივე დღეებიდან თემი ქვეყანას აქტიურად იცავს, იქნება ეს ბრძოლის ველზე ყოფნა, თუ მოხალისეობრივი საქმიანობა.
რეგიონალური ლგბტ კონფერენცია
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
რაც შეეხება ფესტივალს, მარიამ კვარაცხელიას ცნობით, გარკვეულწილად პოლიტიკური ღონისძიებაც იქნება — ჩატარდება ვორქშოფები, გამოფენები, სხვადასხვა სახის პერფორმანსები. პრაიდის თანადირექტორი იმედოვნებს, რომ ფესტივალი უსაფრთხოდ ჩაივლის. ელიან მინიმუმ 2 000 ადამიანს, თუმცა ამბობს, რომ ეს რიცხვი, შეიძლება, 3 000-მდეც გაიზარდოს.
"იქნება ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა. იქნებიან ძალიან ცნობილი ქართველი მუსიკოსები, რომლებიც კონცერტებს ჩაატარებენ. იქნება უამრავი პერფორმანსი, გამოფენა, პოლიტიკური ვორქშოპები. ქართული საზოგადოების უამრავი ჯანსაღად მოაზროვნე, განათლებული ადამიანი იქნება თავმოყრილი ამ სივრცეში, მათ შორის, ადამიანები, ვისთვისაც თანსწორობა, ლგბტ ადამიანების ღირსეული ცხოვრება არის მნიშვნელოვანი და ამას ჩვენ თანდათანობით აუცილებლად მივაღწევთ", — აცხადებს ის.
როგორც თორნიკე კუსიანი გვიყვება, ქვიარ ადამიანები ხშირად არიან მწვანე ღირებულებების მატარებელი და მსოფლიოში მწვანეების ინიციატივების ნაწილი სწორედ მათი დაწყებულა. მისი თქმით, სურდათ ეს თანაკვეთა წინ წამოეწიათ, ამიტომ სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ფესტივალზე გაიმართება მათი კამპანიის პრეზენტაცია, რომელიც თბილისში დასუფთავების საკითხს მიეძღვნება, პირველ მონაწილეებსაც იქ შეარჩევენ.
"მწვანეები მივხვდით, რომ უნდა მივსულიყავით პრაიდზე და ფესტივალი თავად გაგვემწვანებინა. გადავამუშავებთ ნარჩენებს, ავაგროვებთ პლასტმასს, არ დავყრით ნაგავს, რადგან დროა, საზოგადოებამ დაგვინახოს როგორები ვართ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პრაიდს დავხმარებოდით, შეგვეთავაზებინა — მოდი, გავამწვანოთ პრაიდფესტი", — გვიყვება თორნიკე.
რას ეუბნება მათ შსს
Tbilisi Pride-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაცია შარშანაც ჰქონდა და კვირეულის ფარგლებში მიმდინარე რამდენიმე ღონისძიებაზე, პოლიციის საკმარისი ოდენობა იყო მობილიზებული, რასაც ვერ ვიტყვით მარშის დღეზე.
მარიამ კვარაცხელია გვეუბნება, რომ უკვე ორი თვეა აქტიურ კოორდინაციაში არიან უწყებასთან და ისინი, როგორც დახურულ კარს მიღმა, ისე საჯაროდ მკვეთრად აფიქსირებენ, რომ ღონისძიებებს დაიცავენ. მიუხედავად ამისა, თემში აქვთ გარკვეული ეჭვები და ბოლომდე, 100%-ით ვერ ენდობიან ძალოვან სტრუქტურებს.
ჰომოფობიური ჯგუფები და პოლიცია ფილმის ჩვენების დროს
ფოტო: მარიამ ქავთარაძე / On.ge
"ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ერთი, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ჩვენ სიტყვიერი განცხადების გარდა, მოვითხოვთ კონკრეტულ ქმედებებს. კერძოდ, თუ სამინისტროს მიზანი ძალადობის პრევენციაა, დააკავონ ის ადამიანები, რომლებიც იმუქრებიან, რომლებიც ცხადად არღვევენ სისხლის სამართლის კოდექსს.
გამოკითხვაზე იყვნენ დაბარებული, არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ ეს ადამიანები დაკავებულები იყვნენ. სწორედ ამას მოვითხოვთ დღეს აქტიურად", — ამბობს ის.
თორნიკე კუსიანის თქმით, შსს-სგან წელს ბევრად დიდი ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიები მიიღეს.
რას ელიან და რას ნიშნავს მათთვის პრაიდის კვირეული
იმაზე მეტნი ვართ, ვიდრე ეს ჩვენი გენდერული იდენტობა და სექსუალური გამოხატულებაა.
მიკო შახდინარიანი გვეუბნება, რომ პრაიდის თვე მისთვის ხილვადობის პოლიტიკაა, რათა ხალხს, რომელიც არ იცნობს ლგბტ ადამიანებს, გააგებინონ, რომ საერთო უფრო მეტი აქვთ, ვიდრე — განსხვავებული.
"თავისუფლება, სიყვარული, ღირსებით აღსავსე ცხოვრება — ეს გვინდა ჩვენ. რომ ჩვენი უფლებები იყოს დაცული და ვცხოვრობდეთ მშვიდობიან საზოგადოებაში, ერთმანეთს ვცემდეთ პატივს, ამ ღირებულებების ირგვლივ გვინდა, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება", — ამბობს მიკო.
კვირეულის შემდეგ ეიფორია დაახლოებით 1 კვირა მიჰყვება, მაგრამ ეს კვირა ახსენებს, რომ ბრძოლას და თანამოაზრეების შეკრებას აზრი აქვს. სხვაგვარად შეუძლებელია — ფაქტობრივად, მთელი წლის განმავლობაში უწევთ უარის თქმა თვითგამოხატვაზე, ამიტომ ერთი დღე წელიწადში, ერთი სივრცე, სადაც ბოლომდე თავისუფალი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია.
ისეთს არაფერს არ ვაკეთებთ, რაც ქართულ საზოგადოებას ჯერ არ უნახავს, ჩვენც აქ დავიბადეთ და ვიცით ჩვენი კულტურა
მარიამ კვარაცხელია ამბობს, რომ კვირეულის მიზანი ლგბტ თემის წევრების გაერთიანება, გაძლიერება და მხარდაჭერის გამოხატვაა, ამავდროულად, პრობლემებისა და გამოწვევების წინ წამოწევა.
"ჩვენი შეკრების მიზანია გამოვიწვიოთ საზოგადოებაში ამ საკითხებზე დისკუსია, ხელი შევუწყოთ ჰომოფობიის გადააზრებას და მოვიპოვოთ ის უფლებები, რაც, სამწუხაროდ, დროებით წართმეული გვაქვს", — აცხადებს ის.
2 ივლისს პრაიდის კვირეული ფესტივალით დაიხურება. როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს, ახალი კვირეულისთვის მზადება დასრულებისთანავე იწყება. მთელ წელს ხარჯავენ იმაში, რომ შექმნან თანასწორი სივრცე, რომელიც ძალადობისგან დაცლილია და ცდილობენ, სტუმრებს სიყვარულით სავსე გარემო დაახვედრონ.
ამბავში, სადაც ერთი მხარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების და ქვეყნის ინტერესების დასაცავად კონსტიტუციურ უფლებას გვერდით დებს, მეორე კი მავნე ინტერესების გასატარებლად არც ამ კომპრომისს სჯერდება, ნათელია, ვისკენაა სიმართლე. ფაქტია ისიც, რომ ძალა, რომელიც პატრიოტობას იბრალებს, უფრო ანტისახელმწიფოებრივად იქცევა, ვიდრე აქტივისტთა ჯგუფი, რომელსაც "არაქართველობას" აბრალებენ.
კომენტარები