ყველაფერი, რაც სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე უნდა იცოდეთ — ინტერვიუ ქეთევან ცხადაძესთან
სასკოლო განათლების 12-წლიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, აბიტურიენტების უმეტესობა დაუყოვნებლივ უნივერსიტეტში აბარებს. ეს ის მოცემულობაა, რომლის სისწორეზე დავაც დაუსრულებლად შეიძლება. არადა, ხშირად საბაკალავრო პროგრამის შერჩევისას კარგად არ გვაქვს განსაზღვრული სამომავლო მიზნები და ისეც ხდება, რომ რამდენიმე სემესტრის გავლის შემდეგ ვხვდებით, რამდენად შორსაა შერჩეული მიმართულება ჩვენი სურვილებისგან. ამიტომ, ან პროფესიას ვიცვლით ან ბაკალავრის ხარისხს ველით და ვგეგმავთ, სამაგისტრო საფეხურზე მაინც არ გავიმეოროთ შეცდომა.
თუ ჩვენი არჩევანი სამართალია — ვრცელი, მრავალი მიმართულებისგან შემდგარი დისციპლინა, რომელიც უამრავ კარიერულ შესაძლებლობას გვიხსნის — უფრო რთულია, არ დაიბნე.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სამაგისტრო საფეხურზე გადასვლამდე განვსაზღვროთ, რა დამატებითი ცოდნის, უნარებისა თუ გამოცდილების მიღება გვინდა და რამდენად ასრულებს ჩვენ მიერ შერჩეული უნივერსიტეტი ამ მოთხოვნებს.
ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ქეთევან ცხადაძე სწორედ იმ საკითხებზე გვესაუბრა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო მაგისტრატურაზე სამართლის მიმართულებით სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის იქნება.
რით განსხვავდება სამართლის სამაგისტრო საფეხური ბაკალავრიატისგან?
სამართალი სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სფეროა, ამიტომ კურსდამთავრებულები ზოგად სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამასთან განსაზღვრულია ისიც, თუ რა მოთხოვნებში უნდა ჯდებოდეს საბაკალავრო პროგრამა და რა დამატებით ცოდნას უნდა აწვდიდეს სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს.
ქეთევან ცხადაძის თქმით, სამაგისტრო პროგრამის გამორჩეული მახასიათებელი ისაა, რომ შეგიძლია ისეთ ვიწრო სპეციალიზაციას დაეუფლო, რომელიც ბაკალავრიატისგან თვისებრივად განსხვავდება.
"ბაკალავრიატი კარგად ხსნის, რომ სამართალი სხვადასხვა დარგების ერთობლიობაა, ხოლო მაგისტრატურა კონკრეტულ დარგებში თავის მოსინჯვის შესაძლებლობას იძლევა.
ბაკალავრის დროს სიღრმისეულად ისწავლება საერთო სამართლის საკითხები, მაგისტრატურაზე კი სტუდენტები ვიწრო სპეციალიზაციის შერჩევის გზას გადიან, ამიტომ ლოგიკურია, რომ ისწავლება სამართლის სხვადასხვა მიმართულება (კერძო, საჯარო და სისხლის სამართალი), თუმცა შესაძლებელი ხდება იმის გამიჯვნა, რა არის მათი მთავარი ორიენტირი", — ამბობს ქეთევანი და იმასაც აღნიშნავს, რომ სამაგისტრო საფეხური რეალურ ქეისებზე მუშაობის შესაძლებლობასაც უნდა იძლეოდეს, ამიტომ ალტე უნივერსიტეტში ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან.
"ჩვენს სამაგისტრო პროგრამას ის უპირატესობა აქვს, რომ არაერთ თანამშრომლობაზე დაფუძნებით, სტუდენტს საჯარო თუ კერძო სამართლის მიმართულებით რეალურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ამასთან, იურისტი კონტაქტებით ფასობს და რეალურ ქეისებზე მუშაობისას მას ამის შესაძლებლობა ეძლევა. ჩვენ სტუდენტებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, მათ აქტიურად ვუჭერთ მხარს და შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ცოდნა და უნარები ფორმალური თუ არაფორმალური კურსების დახმარებით გაიუმჯობესონ".
როგორ უნდა მივხვდეთ, რომ სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის სწორი დროა?
სტუდენტების დიდი ნაწილი მუშაობას ბაკალავრიატის დასრულებამდე იწყებს და პროფესიული განვითარებისთვის ნაკლები დრო რჩებათ, თუმცა თუ ჩვენივე პროფესიით წარმატების მიღწევა გვსურს, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნვა აუცილებელია.
ქეთევან ცხადაძე გვეუბნება, რომ იურისპრუდენციაში წარმატების მიღწევის წინაპირობა ხშირად მაგისტრის ხარისხის მოპოვებაა, თუმცა აუცილებელია, რომ ეს საფეხური ბაკალავრიატზე მიღებული ცოდნის დუბლირებას არ ახდენდეს.
"სტუდენტს უნდა ჰქონდეს გააზრებული პრიორიტეტები და ამის მიხედვით განსაზღვრავდეს, უნდა თუ არა სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება. მან მაგისტრატურაზე ჩაბარების გადაწყვეტილება პროფესიული მიზნებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. თუ მას იურისპრუდენციაში სურს ძალების მოსინჯვა, ხშირად წინაპირობა სამაგისტრო საფეხურია, ამიტომ ამ გზით ახალი ცოდნის მიღება და უნარების კიდევ უფრო დახვეწა აუცილებელი ხდება", — აღნიშნავს ქეთევანი.
ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის თქმით, სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისას კიდევ ერთი მოლოდინი ახალი კონტაქტების დამყარება და დასაქმების შესაძლებლობებზე ფიქრიც უნდა იყოს, ამიტომ პრაქტიკული ცოდნის მიღების სურვილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლითაც სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება შეიძლება გადავწყვიტოთ.
დაბოლოს, რატომ ალტე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა?
"სამართლის კარგი სამაგისტრო პროგრამა ეროვნულ და საერთაშორისო სამართალს შორის თანაფარდობის გააზრებას უნდა უწყობდეს ხელს. გარდა ამისა, ამ საფეხურზე აქცენტი უნდა კეთდებოდეს კვლევით ნაწილზე და ასევე, კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარის განვითარებაზე", — გვიხსნის ქეთევანი და გვესაუბრება იმ გამორჩეულ მახასიათებლებზე, რომელიც ალტე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამას სხვა მსგავსი პროგრამებისგან გამოარჩევს.
მისი თქმით, ალტე უნივერსიტეტს სტუდენტებზე ზრუნვა, მათ განვითარებაში მაქსიმალური ჩართულობა და აკადემიური პერსონალი გამოარჩევს. ასევე, ხაზი უნდა გაესვას ალტე უნივერსიტეტის Start-up გარაჟს, რომელიც თითოეულ მაგისტრანტს აძლევს საკუთარი იურიდიული კომპანიის შექმნის ან სხვა სამეწარმეო მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას.
"საერთო სამაგისტრო პროგრამა სულ რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლება და ჩვენ აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის დამფუძნებლების პროფესიონალიზმი, კონტაქტები, სტუდენტების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში ჩართულობა გამოგვარჩევს. ასევე, საერთაშორისო კონტაქტები, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა, კვლევითი მუშაობის გამოცდილების გაცემა — ყველა ეს დეტალი სამაგისტრო საფეხურის დამთავრების შემდეგ, კურსდამთავრებულს ამ კონკურენტულ სფეროში წარმატების მიღწევას უმარტივებს.", — აღნიშნავს ქეთევანი.
მისი თქმით, აკადემიური პერსონალი, რომელიც პრაქტიკანტ პროფესიონალებს აერთიანებს, ის პროფესიული ბაზაა, რომელიც სტუდენტს კარიერული მიზნების მიღწევაში, სტუდენტთა წარმატების სამსახურის მხარდაჭერით, ეხმარება. ალტე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი კი სამართლის სფეროს საკმაოდ წარმომადგენლობითი პრაქტიკოსებით არის დაკომპლექტებული: ალექსანდრე იაშვილი, ალექსანდრე წულაძე, ნანა მჭედლიძე, ნათია კალანდარიშვილი-მიულერი და სხვა.
"ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმატების ფორმულა სიღრმისეული ცოდნის გაცემასთან ერთად, პრაქტიკული უნარების გამომუშავების შესაძლებლობაა. ჰოლისტური მიდგომა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ დარგის გამორჩეული პროფესიონალები, მათი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შევარჩიეთ. ლექტორები დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემის შემოქმედები არიან და მათ მიერ გაცემული ცოდნა წარმატების მიღების წინაპირობაა".
თუ საბაკალავრო საფეხური დაამთავრეთ ან ახლა სწავლობთ და თვლით, რომ თქვენი პროფესიული მომავალი სამართალს უკავშირდება, ალტე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას მოგცემთ.
გაიარეთ წინასწარ რეგისტრაცია აღნიშნულ ლინკზე და გაიგეთ მეტი პროგრამის შესახებ.
კომენტარები