ბოლო დროს სიმსივნის სამკურნალო ინოვაციურ მეთოდებზე სულ უფრო ხშირად ვიგებთ. მათ შორისაა უკანასკნელი სიახლე, რომლის შესახებაც ინჟინრების, ბიოლოგების, ნეიროქირურგების, ფიზიკოსებისა და იმუნოლოგებისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდი იტყობინება.

ასევე, იხილეთ: აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ყველაზე საშიშ კიბოსაც კლავს

მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი ტიპის ფოტოიმუნოთერაპია, რომელიც სიმსივნურ ქსოვილს უმცირესი უჯრედების დონეზე ანათებს, მათ კი ლაზერის წყალობით უტევენ. ამისთვის სპეციალისტებმა ფლურესცენციული (მანათობელი) საღებავი სპეციალურ სინთეტიკურ მოლეკულებთან ერთად გამოიყენეს, რომლებიც EGFR-ის სახელით ცნობილ ცილებს ემაგრება. შედეგად, მსგავსი ნაერთით მონიშნული რეგიონი სიბნელეში კაშკაშებს და მას ახლო ინფრაწითელ სხივებს უმიზნებენ.

მეცნიერებმა ეს მეთოდი გლიობლასტომის (თავის ტვინის სიმსივნე) მქონე თაგვებზე წარმატებით გამოცადეს, რამაც მისი ეფექტიანობა ცხადყო. მეტიც, აღმოჩნდა, რომ პროცედურის შემდეგ ორგანიზმის იმუნური სისტემა კიბოს წინააღმდეგ აქტიურდება, რაც დაავადების დაბრუნების რისკს ამცირებს.

ასევე, იხილეთ: 100%-იანი განკურნება — ახალმა თერაპიამ ონკოლოგიური პაციენტები სრულად გამოაჯანმრთელა

ავტორთა თქმით, ტვინის სიმსივნეების მკურნალობა გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული, ქირურგიული ჩარევა კი დამატებითი სირთულეებითაა სავსე, ამიტომ მათთან ბრძოლის ეს ახალი გზა იმედისმომცემია. დიდი ალბათობით, ის ადამიანებზეც გაამართლებს.

"მულტიდისციპლინარული შრომა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა ონკოლოგიური კვლევების, სიმსივნის დიაგნოსტირებისა თუ მკურნალობის გამოწვევებს ვუპასუხოთ და პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზები მოვძებნოთ", — ამბობენ მეცნიერები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.