მაისში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სააგენტო (NOAA) საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, გასულ თვეში დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონემ ისეთ მაღალ ნიშნულს მიაღწია, რომლის მსგავსიც მილიონობით წელია, არ დაფიქსირებულა. ეს რეკორდული მაჩვენებელი ინდუსტრიულ რევოლუციამდე არსებულს დაახლოებით 50 პროცენტით აღემატება.
სააგენტოს მონაცემების თანახმად, რომელიც მათ ჰავაიზე განთავსებული სამონიტორინგო სადგურის მეშვეობით მოიპოვეს, მაისში ატმოსფეროს შემადგენელ ყოველ მილიონ მოლეკულაში 421 სწორედ ნახშირორჟანგზე მოდიოდა. შედარებისთვის, ინდუსტრიამდელ პერიოდში ეს რიცხვი 280 იყო.
შეგახსენებთ, რომ ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის შედეგად, დიდი რაოდენობით CO2-ის ემისია ჩვენს პლანეტაზე უარყოფითად აისახება, რადგან ეს ქიმიური ნაერთი სათბურის ეფექტს იწვევს და კლიმატის ცვლილების პროცესს აუარესებს.
იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ქვეყანა თუ ცალკეული კომპანია ჰაერში გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობის შემცირებაზე მუშაობს, მაჩვენებლები მაინც მზარდია. მცირე კლება მხოლოდ 2020 წელს შეინიშნა, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული საყოველთაო კარანტინით იყო განპირობებული. თუმცა, ამან დიდხანს არ გასტანა.
მეცნიერთა პროგნოზით, თუ მომავალში სიტუაცია არ გამოსწორდება, კლიმატის ცვლილების კატასტროფულ გავლენას მსოფლიოს ყველა ნაწილში ვიგრძნობთ. საუბარია წყალდიდობებზე, გაუსაძლის სიცხეზე, გვალვაზე, ტყის ხანძრებზე და ა.შ. ზოგიერთ არეალში ცხოვრება შეუძლებელი გახდება, ეს ეხება, როგორც ადამიანებს, ასევე, ცხოველებსაც.
შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საერთო ძალებით ბრძოლაა, რისთვისაც ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, სანამ ეს პროცესი შეუქცევად სახეს მიიღებს.
კომენტარები