ვინ მართავს ოპერაციებს Pulsar.AI-ში — გაიცანით სოფო ჭყოიძე, ქართული AI სტარტაპის COO
რა არის ადამიანის მთავარი მამოძრავებელი? რა ეხმარება მას თავის დამკვიდრებასა და თვითრეალიზაციაში? სამეცნიერო და ტექ სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის, ასეთი უმთავრესი თვისება ცნობისმოყვარეობაა, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს და მუდმივად ახლის შესწავლისა და აღმოჩენის სურვილს გვიღვიძებს.
სწორედ ცნობისმოყვარეობა და სიახლეების ინტერესი იყო სოფო ჭყოიძისთვის ის მთავარი რამ, რაც მას განვითარებასა და ტექნოლოგიების სფეროში თავის დამკვიდრებაში დაეხმარა. ამ სტატიაში სოფოს წარმატების ისტორიას მოგიყვებით და გიამბობთ, როგორ დაიწყო კარიერა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სტარტაპში — Pulsar.AI.
ქართულ-ამერიკული განათლება
"სიახლეების მიმართ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა იყო და არის ის, რაც დღემდე ქვეცნობიერად მეხმარება განვითარებაში. ბავშვობაში ყველა საგანი, სპორტი თუ რაიმე აქტივობა ერთნაირ სიამოვნებას მანიჭებდა და მეხმარებოდა, საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით აღმომეჩინა", — ამბობს სოფო ჭყოიძე.
საუბარში კი დასძენს, რომ სწორედ მრავალფეროვანი ინტერესების გამო, მისთვის ბავშვობაში რაიმე კონკრეტული მიმართულების არჩევა რთული იყო, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს მაინც ტექნიკური საგნებისა და უცხო ენების მიმართ იჩენდა.
სკოლის თერთმეტი კლასი თბილისში გაიარა, მე-12 კლასში კი FLEX პროგრამით ამერიკაში გაემგზავრა და ერთი წლით როდ აილენდში ისწავლა. როგორც თვითონ ყვება, უცხოურმა განათლებამ მისთვის კონკურენტუნარიან პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა. ამერიკაში სწავლა სოფოსთვის განსხვავებული განათლების სისტემის, კულტურის შეცნობისა და ბარიერების გადალახვის საუკეთესო შესაძლებლობა იყო.
2013 წელს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, სოფომ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში ფინანსების მიმართულებაზე ჩააბარა. "მინდოდა, უკეთ გამეცნო ბიზნეს სექტორი და ბიზნესების ფინანსური პროცესები. მალევე მივხვდი, რომ ბიზნეს და ტექ კომპანიებში უფრო მეტი სიახლეები იყო და მხოლოდ ფინანსებით არ უნდა შემოვფარგლულიყავი. დამაინტერესა იმ პროცესებმა, რასაც ინოვაციებამდე და ახალი პროდუქტის შექმნამდე მივყავართ. ამიტომ, საბოლოოდ, საოპერაციო ნაწილში გადავწყვიტე გადასვლა".
პირველი კარიერული ნაბიჯები და Pulsar.AI
სოფოს თქმით, ამერიკაში ცხოვრების განმავლობაში ყველა დეტალს აქცევდა ყურადღებას და იმ შესაძლებლობებს ხედავდა, რომელთა განხორციელებაც საქართველოშიც სასარგებლო იქნებოდა. ამიტომ, პირველი კურსის დასრულების შემდეგ, სტაჟირების ნაცვლად, პირდაპირ ახალ პროექტებსა და იდეებზე გადაწყვიტა მუშაობა, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე დანერგილი ჯერ არ იყო.
სოფომ, ის გზა აირჩია, რომელიც იმ პერიოდში ბევრისთვის ჯერ კიდევ უცხო იყო. მეორე კურსზე გადასვლის შემდეგ სტარტაპ აქსელერატორისა და ბანკის მიერ დაორგანიზებულ სტარტაპ ვიქენდზე საკუთარი პროექტის შესახებ შეიტანა განაცხადი, შემდეგ კი თავისი კარიერა საბოლოოდ დაუკავშირა ამ სფეროს.
"სტარტაპ ვიქენდზე ჩემი სტარტაპ იდეა ფინალში მოხვდა. გავიცანი ზაალ გაჩეჩილაძე, Pulsar.AI-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ტექნიკური დირექტორი. ასევე შევხვდი ლიბერთი ბანკისა და სმარტექსის მენეჯმენტის გუნდს".
სოფომ კარიერა სმარტექსში მუშაობით დაიწყო, საიდანაც ლიბერთი ბანკში გადავიდა, შემდეგ კი სმარტექსის პირველ ციფრულ საფულეში — eMoney-ში გააგრძელა მუშაობა. მოგვიანებით იგი Pulsar.AI-ის გუნდს შეუერთდა.
"თავდაპირველად, Pulsar.AI-ში ადგილობრივ ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს ვიკვლევდით, 2019 წელს კი ერთად გლობალური და უფრო მასშტაბური ხედვის კომპანია დავაფუძნეთ, რომლის ფარგლებშიც ამერიკაში ავტომანქანების დილერებისთვის Conversational AI ასისტენტი შევქმენით".
მოისმინეთ: შემდეგი პოდკასტი: Pulsar AI — საქართველოდან გლობალურ ბაზრამდე
Pulsar AI-ის სოფო სტარტაპის დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში შეუერთდა. თვითონ ამ მოვლენას იმის ხსნის, რომ იმ დროს მისი, დაჩი ჭოლაძის და ზაალის ხედვები ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ თანხვედრაში იყო. სოფოს თქმით, სტარტაპის განვითარების შესახებ სამივე მათგანს ერთნაირი ხედვა და მიზანი ჰქონდათ, გუნდი კი წლების განმავლობაში უფრო იხვეწებოდა და ვითარდებოდა.
აღსანიშნავია, რომ სოფოს Pulsar AI-ში სწრაფად მზარდი გუნდის მართვა უწევს, რომელიც თბილისიდან ამერიკის ბაზრისთვის ინოვაციურ პროდუქტებს ქმნის. ამის გარდა, მას პროფესიული სიამაყის საფუძველს ის ფაქტიც აძლევს, რომ პულსარი მთელი მსოფლიოსთვის ღირებულ პროდუქტს ქმნის და საქართველოში ყველა ახალი სტარტაპისთვის წარმატებული კომპანიის კარგ მაგალითს წარმოადგენს.
როგორც სოფო გვიყვება, ამჟამად Pulsar.AI-ში ციფრულ გამოცდილებებზე დაყრდნობით პერსონალიზებული გადაწყვეტილებების შექმნაზე მუშაობენ, რომელიც ავტომანქანების დილერებისა და მწარმოებლებისთვის ინოვაციური პროდუქტი იქნება.
ერთი სამუშაო დღე და პანდემიის გავლენა ტექ სფეროზე
როგორც ტექ სფეროში მომუშავე დაკავებულ ადამიანს შეეფერება, სოფოსაც საკმაოდ საინტერესო და მოწესრიგებული გრაფიკი აქვს. მისი თქმით, დღეს ერთი მოკლე პოდკასტის მოსმენით იწყებს, შემდეგ კი ელ. ფოსტას ამოწმებს და კრიტიკული მნიშვნელობის მეილებს პასუხობს.
"დღის დასაგეგმად საკმაოდ მარტივ და მოძველებულ მეთოდს ვიყენებ, რაც დროის სწორად განაწილებასა და პრიორიტეტების დალაგებაში მეხმარება: გეგმის შედგენას 10-15 წუთს ვუთმობ — ფურცელზე იმ საქმეების სიას ვწერ, რომელთა გაკეთებასაც იმ ერთი დღის განმავლობაში ვგეგმავ".
სოფოს საქმეების სია სტარტაპის გუნდთან ერთად საოპერაციო პროცესების გამართვას, ახალი პროცესების დანერგვას, არსებულის გაუმჯობესებას, გუნდთან კომუნიკაციასა და მათი საერთო მიზნების მოდერაციას მოიცავს.
ფურცლის და კალმის გარდა, საქმის გასანაწილებლად და მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღწევად ისეთ პლატფორმებს იყენებს, როგორებიცაა Superhuman, Slack და Evernote.
პანდემიას რაც შეეხება, ამ დროს ტექნოლოგიების სფეროში ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები გაჩნდა, რომელთა მართვა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ამ მიმართულებით გამოსავლების მოძიება, გუნდთდან და კლიენტებთან კომუნიკაცია და შედეგების გაზომვა, სოფოს თქმით, ყველაზე საინტერესო პროცესი იყო.
"ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გუნდურობის განცდა და მეგობრული კორპორაციული კულტურაა. ამის შენარჩუნება პანდემიის დროს ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. ამ ღირებულებების შესანარჩუნებლად დღემდე გვიწევს არატრადიციული გზების მოფიქრება".
ბოლოს კი, სოფომ ტექ სფეროზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანი ხელოვნურ ინტელექტზე ახალი ინფორმაციის მიღება, საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი კომპანიების, ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების გაცნობაა. მისი თქმით, კონკრეტული ამოცანებისა და გამოსავლების მოძიებაში ტექნოლოგიებითა და სტარტაპებით დაინტერესებულ ადამიანებს სწორედ ეს ინფორმაცია დაეხმარება.
კომენტარები